“ბევრად ძლიერი ვართ, ვიდრე ხუთი წლის წინ, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ეკონომიკაზე

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ, “ისტორიული კრიზისების” მიუხედავად, ევროკავშირის ეკონომიკა “ბევრად ძლიერია, ვიდრე ხუთი წლის წინ იყოს”.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

“COVID-19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის კრიზისი და უკრაინის ომი, ასევე, ენერგეტიკული კრიზისი რუსეთში შესაძლოა, დრამატულ და სოციალურ კრიზისში გადაზრდილიყო. მაგრამ ეს არ მოხდა”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირის სივრცეში დასაქმების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, “უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა – 6%-ზე ნაკლებზე”, ხოლო ინფლაცია “2%-იან სამიზნე მაჩვენებელს უახლოვდება”.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ SURE-ისა და NextGenerationEU-ის ერთობლივი სესხების პროგრამა, ისევე – როგორც REPowerEU-ის პროგრამა, რომელიც მიმართულია განახლებადი ენერგიის დაჩქარებულ განვითარებაზე, ევროკავშირს ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფაში დაეხმარნენ.

“ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მაგრამ ბევრ საკითხში ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ხუთი წლის წინ ვიყავით”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კერძო ინვესტიციების გაზრდის საკითხში, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, წინსვლაა საჭირო.

„თუ გვსურს ჩვენი დროის ახალი სამრეწველო რევოლუციის დაფინანსება, ევროპის კერძო კაპიტალის მობილიზება უნდა მოვახდინოთ. და ახლა დადგა დრო, პოლიტიკური ნება ქმედებაში გადავიყვანოთ”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები