ჰიტლერი, როგორც ბავშვებისა და ცხოველების მეგობარი – როგორ წარმოაჩენდა გერმანული პროპაგანდა ფიურერს
მესამე რაიხის პროპაგანდა გამუდმებით ცდილობდა, რომ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე და კრიმინალი კარგი ადამიანის სახით წარმოეჩინა.
ჰიტლერი ძალიან კარგად ექცეოდა ცხოველებს, განსაკუთრებით – ძაღლებს. თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მას ხუთი ძაღლის ჰყავდა, უმეტესად, გერმანული ჯიშის ნაგაზი. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან გერმანული ნაგაზი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და მორჩილი ძაღლია.
ფიურერს პატარა ფოქსტერიერიც ჰყავდა. ეს ერთგული ძაღლი ყველგან თან ახლდა თავის პატრონს. მასთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარშიც კი მოხვდა, სადაც შემდეგ დაიკარგა. მომდევნო ძაღლი ჰიტლერს მაშინ ჰყავდა, როდესაც მხატვრობაში თავის დამკვიდრებას და ამ საქმით ფულის შოვნას ცდილობდა. თუმცა, მისი ნამუშევრებიდან მიღებული მოკრძალებული შემოსავალი არ აძლევდა შინაური ცხოველის რჩენის საშუალებას. ამის გამო, ძაღლს სხვა პატრონი მოუძებნა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ცხოველმა კვლავ ღარიბ პატრონთან დარჩენა არჩია, კარგი ცხოვრებიდან გამოიქცა და ჰიტლერთან დაბრუნდა.
ჰიტლერის ყველაზე ცნობილი ძაღლი იყო გერმანული ნაგაზი, სახელად „ბლონდი“. რაც არ უნდა დაკავებული ყოფილიყო საქმეებით, ძაღლს ყოველთვის თვითონ აჭმევდა, რადგან იცოდა, რომ ცხოველი პატრონად მას მიიჩნევს, ვინც კვებავს. თავისუფალ დროს ჰიტლერი თავად ავარჯიშებდა ნაგაზს, თუმცა მისი წვრთნის მეთოდები ზოგჯერ შორს იყო ჰუმანურისგან. ტირანი სრულ მორჩილებას ითხოვდა თავისი ძაღლებისგან, ცემისა და სასჯელის უგულებელყოფის გარეშე.
ძაღლების გარდა, ფიურერს, სხვა დიქტატორების მსგავსად, სურათებში ბავშვებთან ერთად პოზირებაც ძალიან უყვარდა.
„ფიურერის შვილი“
პატარა ბერნარდინ ნიენაუ 1926 წლის 20 აპრილს დორტმუნდში დაიბადა. შემდგომში სწორედ დაბადების თარიღმა ითამაშა განსაკუთრებული როლი მის ცხოვრებაში. ბავშვის მამა ბერნჰარდი ქალიშვილის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. დედა – ქეროლაინ ჰელვიგი – მედდა გახლდათ. ის და მისი ქალიშვილი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდნენ. სახლი ლეიმერშტრასეზე იყიდეს. ბებია – იდა ვოიგტი – მათთან ერთად ცხოვრობდა და სკოლაში კათოლიკური რელიგიის საფუძვლებს ასწავლიდა. ოჯახი გოგონას მოფერებით ბერნილს ეძახდა.
1933 წლის გაზაფხულზე ბერნილ ნიენაუ და დედამისი, სხვა სტუმრებთან ერთად, ჰიტლერს მის დაბადების დღეზე, მისსავე რეზიდენციაში შეეგებნენ. ქალმა შეგნებულად გააძვრინა ქალიშვილი წინა რიგებში. ჰიტლერმა შენიშნა მომღიმარი ქერა გოგონა და მისი გაცნობა მოინდომა. ბერნილმა ფიურერს გამოუცხადა, რომ ეს მისი დაბადების დღეც იყო. ჰიტლერმა მაშინვე მიიწვია ის ჩაის წვეულებაზე. ასე დაიწყო მეგობრობა ფიურერსა და პატარა გერმანელ გოგონას შორის, რომლის შესახებაც ყველა გერმანული გაზეთი სიყვარულით წერდა. მათი ერთობლივი ფოტოები რეგულარულად ჩნდებოდა პრესაში. ბერნილ ნიენაუს მეტსახელად „ფიურერის შვილი“ შეარქვეს.