მანიაკი, რომელიც თავისი მსხვერპლის ხორცს კაფე-ბარის სტუმრებს აჭმევდა
ამერიკელი ჯო მეთენი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც სერიული მკვლელი და მოძალადე. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მოკლა 13 ადამიანი ადამიანი, დაანაწევრა რამდენიმე მსხვერპლი და მათი ხორცი გზისპირა კაფე-ბარის მფლობელს მიჰყიდა. მეთენის თქმით, ეს ხორცი შესანიშნავი ბურგერების დასამზადებლად გამოიყენებოდა.
ჯოზეფ როი მეთენი 1954 წლის 2 მარტს ბალტიმორში დაიბადა. თუ თავად მამაკაცის ისტორიებს დაუჯერებთ, მისი ბავშვობა საკმაოდ რთული იყო: ალკოჰოლიკი მამა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, დედა კი, იძულებული გახდა, სამი სამუშაო ემუშავა, რათა ექვსშვილიანი ოჯახი შეენარჩუნებინა. მეთენის დედის თქმით, ის ჩვეულებრივი, კეთილი ბავშვი იყო და სკოლაში კარგად სწავლობდა.
19 წლის ასაკში ჯო ჯარს შეუერთდა. შემდეგ მან თითქმის მთლიანად შეწყვიტა დედასთან ურთიერთობა და გაუცხოვდა. ცხოვრების რაღაც მომენტში ის ნარკოდამოკიდებული გახდა.
ჯარში მსახურების შემდეგ, ჯოზეფმა ქარხანაში სატვირთო მანქანის მძღოლად იმუშავა. მან, თითქმის, მთელი ფული კრეკზე, ჰეროინზე და ალკოჰოლზე დახარჯა. წონაში საგრძნობლად მოიმატა, თავს თითქმის არ უვლიდა და დიდ დროს ატარებდა ბარებში. ამის მიუხედავად, ყველა, ვისაც მეთენისთან ჰქონდა შეხება, აღწერს მას, როგორც „ინტელექტუალურ, კარგად მოლაპარაკე და ძალიან კეთილგანწყობილ” პიროვნებას.
ჯოზეფ როი მეთენიმ პირველი დადასტურებული მკვლელობა 1994 წელს ჩაიდინა. მისი მსხვერპლი 39 წლის ქეით ენი იყო. მანიაკმა ქალი გააუპატიურა, დაახრჩო და ცხედარი იმ ქარხნის ტერიტორიაზე დამარხა, სადაც მუშაობდა.
ორი წლის შემდეგ მან მოკლა კიდევ ერთი ქალი, 23 წლის კიმბერლი სპაისერი. მეთენიმ ის დანით დაჭრა და სხეული ისევ სამსახურის ტერიტორიაზე გადამალა. ერთი თვის შემდეგ მანიაკმა გვამის სხვაგან დამალვა გადაწყვიტა. სწორედ აქ დაუშვა მან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პოლიციას მის დაჭერაში დაეხმარა. მეთენიმ დახმარებისთვის მიმართა მამაკაცს, რომელსაც თავის „დიდ მეგობრად“ თვლიდა. 1996 წლის 15 დეკემბერს „მეგობარმა“ პოლიციაში დარეკა და ყველაფერი განაცხადა. მკვლელი იმავე დღეს დააკავეს.
დამნაშავე არათუ, უბრალოდ, არ ცდილობდა მართლმსაჯულებისგან მიმალვას, საკუთარი ნებით უამბო პოლიციას დეტალურად თავისი მკვლელობების შესახებ. ოფიციალურად, მხოლოდ ორი მკვლელობა დადასტურდა, თუმცა თავად ამბობდა, რომ 13 ადამიანი მოკლა.
მანიაკის თქმით, მკვლელის გზას მას შემდეგ დაადგა, რაც ცოლი, 6 წლის შვილთან ერთად, მისგან წავიდა. დიდხანს ცდილობდა მათ პოვნას და როცა იმედი დაკარგა, შურისძიება სხვებზე დაიწყო. ძირითადად, მსხვერპლად სექსის ინდუსტრიაში მომუშავე გოგონებს და ნარკოდამოკიდებულებს ირჩევდა. მეთენის თქმით, მან ყველა გვამი მდინარეში გადაყარა, რის გამოც, სავარაუდოდ, ისინი ვერ იპოვეს. მართალია თუ არა ეს, დღემდე უცნობია.
გარდა ამისა, მკვლელმა ასეთი რამ მოჰყვა: სანამ დაღუპულთა ცხედრებს მდინარეში გადააგდებდა, მათ ყველაზე „ხორციანი“ ნაჭრები მოაჭრა და გზისპირა კაფე-ბარის მფლობელს მიჰყიდა.
ჯოზეფ როი მეთენის სასამართლო პროცესზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი არ შესრულდა. 2017 წელს მანიაკი საკანში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ჩანს, 62 წლის მკვლელმა თავი მოიკლა.