აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI – ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის “ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა.