პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, დილის 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10:00 საათზე. ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, რადგან არის პროცედურები, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა ვიდრე არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, ვერაფერს გადავწყვეტდი. ახლა არის პროცედურები. არ ვიცი, რამდენი საათი თუ დღე უნდა ამას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მას 2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები