5 ცნობილი და გავლენიანი პირველი ლედი
ერთი შეხედვით, პირველი ლედის პოზიცია პოლიტიკური თანამდებობა არ არის, თუმცა ქვეყნის პირველი პირის მეუღლეს ყოველთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, გააჩნია იმას, თუ ვინ არის კონკრეტული პიროვნება. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პირველი ლედი ოფიციალურ პოლიტიკურ თანამდებობაზეც აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდგენთ 5 ცნობილ პირველ ლედის, რომელიც გავლენით ბევრ მეთაურს არ ჩამოუვარდებოდა.
ჟაკლინ კენედი
1952 წელს, ერთ-ერთ მიღებაზე 23 წლის ჟურნალისტი ჟაკლინ ბუვიე ოფიციალურად გააცნეს 35 წლის სენატორ ჯონ კენედის. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. როდესაც კენედიმ თავისი გადაწყვეტილება – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე – ოფიციალურად გამოაცხადა, ჟაკლინი, ორსულობის მიუხედავად, ქმრის საარჩევნო რბოლას შეუერთდა. მან უპასუხა კამპანიის შტაბში მიღებულ უამრავ შეტყობინებას, ჩაწერა სარეკლამო ვიდეოები, თან ახლდა ქმარს ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისას, მისცა ინტერვიუები და წერდა საავტორო სვეტს – Campaign Wife.
როდესაც ჯონ კენედი შეერთებული შტატების მეთაური გახდა, ჟაკლინი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა პირველ ლედად იქცა. მისი, როგორც პირველი ლედის ერთ-ერთი პირველი პროექტი თეთრი სახლის რეკონსტრუქცია გახლდათ, რისთვისაც ქვეყნის მთავარი დეკორატორები და კონსულტანტები მოიწვიეს. 1962 წლის თებერვალში CBS News-ის მაყურებლებმა შეძლეს, თეთრ სახლში ვირტუალურად ემოგზაურათ, წამყვან ჩარლზ კოლინგვუდთან და ჟაკლინ კენედისთან ერთად. რიგითი ამერიკელები ჟაკლინს, თითქმის, კერპად აქცევდნენ, ხოლო ჟურნალისტები თავგამოდებით ცდილობდნენ, პირველი ლედის შესახებ ახალი ამბები საზოგადოებისთვის პირველებს ეცნობებინათ. ყველაზე დროის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელოვნებასა და წარსულის არქიტექტურული ნიმუშების შენარჩუნებაში.
ელეონორ რუზველტი
ამერიკის ოცდამეორე პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლეს „მსოფლიოს პირველ ლედის“ ეძახდნენ. მან 12 წელი გაატარა თეთრ სახლში და არაჩვეულებრივი პოპულარობით სარგებლობდა რიგით ამერიკელებში.
ფრანკლინმა და ელეონორამ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რას უმზადებდა მათ ბედი. რუზველტის პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ელეონორა მის მარჯვენა ხელად რჩებოდა: იგი მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში, ხვდებოდა ხალხს და ქმარს გადასცემდა ამომრჩეველთა ნამდვილ გრძნობებს. ის გახდა ერთადერთი პირველი ლედი, რომელიც ყოველ კვირას ატარებდა საკუთარ პრესკონფერენციას.
ელეონორ რუზველტი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკასა და სოციალურ საქმიანობაში. იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, მონაწილეობდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის შექმნაში. მისი ინიციატივით შემუშავდა და მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
რაისა გორბაჩოვა
1985 წელს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიხეილ გორბაჩოვის არჩევის შემდეგ, მისი მეუღლე რაისა გორბაჩოვა, განსხვავებით წინამორბედებისგან, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.
კულტურული მოღვაწეების, მათ შორის, აკადემიკოს დიმიტრი ლიხაჩოვის მხარდაჭერით, მან შექმნა საბჭოთა კულტურის ფონდი, რომელიც მხარს უჭერდა მრავალ მუზეუმს, დააფინანსა ეკლესიებისა და არქიტექტურული ძეგლების აღდგენა და ხელი შეუწყო ქვეყანაში კულტურული ფასეულობების დაბრუნებას.
პირველი ლედი მიხაილ გორბაჩოვს თან ახლდა ოფიციალური ვიზიტების დროს და იყო მისი მუდმივი თანამგზავრი. საბჭოთა კავშირის პირველ ლედის რეგულარულად ჩნდებოდა ტელევიზიაში. რაისას სახელი ყველასთვის ცნობილი იყო და მისი კოსტიუმები და ვარცხნილობაც ალა პუგაჩოვას ახალ იმიჯზე არანაკლებ აქტიურად განიხილებოდა.
უცხოური პრესა რაისა გორბაჩოვას „მშვიდობის მაცნეს“ უწოდებდა. იგი ხელმძღვანელობდა ფონდებს – „დახმარება ჩერნობილის ბავშვებს“ და „მსოფლიოს ჰემატოლოგები ბავშვებისთვის“. 1987 წელს ბრიტანული გამოცემის, Woman’s Own-ის მიხედვით, იგი წლის ქალად დასახელდა.
იმელდა მარკოსი
იმელდა მარკოსი – ფილიპინების პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფილიპინების პირველი ლედი (1975-1986 წწ.), ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ქვრივი. ქმრის მმართველობის დროს იყო მანილის გუბერნატორი, მინისტრი, აირჩიეს პარლამენტის წევრად, ჰქონდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური წოდებები – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
მისი ქმრის დამხობის შემდეგ იგი კვლავ სამჯერ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად (უკანასკნელად 2013 წელს). ძალასა და მტკიცე ხასიათთან ერთად, მას ჰქონდა სილამაზე და ელეგანტურობა. იმელდა მარკოსს ზოგჯერ მოიხსენიებდნენ „ფოლადის პეპლის“ ან „რკინის პეპლის“ სახელწოდებით.
ცივი ომის პიკის დროს ფილიპინების პირველი ლედი, აშშ-ის მოკავშირე თავისი ქმრის სპეციალური წარმომადგენლის ხარისხით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სსრკ-ს, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს — რუმინეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, გდრ-ს, იუგოსლავიას, ასევე კუბას, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას ესტუმრა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო რიჩარდ ნიქსონთან და რონალდ რეიგანთან, არამედ მაო ძედუნთან, ლეონიდ ბრეჟნევთან, კიმ ირ სენთან და სადამ ჰუსეინთან.
ევა პერონი
ევა პერონი პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი და არგენტინის პირველი ლედი იყო 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად ევიტად მოიხსენიებდნენ, რაც ითარგმნება, როგორც „პატარა ევა“.
დაიბადა 1919 წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. ხუთშვილიან ოჯახში ევიტა მეოთხე შვილი იყო. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლისა გახლდათ, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, სადაც სცენაზე და კინოში მოღვაწეობდა. 1944 წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. 1946 წელს ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი ძალიან პოპულარული გახდა თავისი პრო-პერონისტული განწყობით და მშრომელთა უფლებების დაცვით. ის, ასევე, გახდა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე, დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას – „ქალ პერონისტთა პარტიას“.
1951 წელს ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. თუმცა, სამხედროებისა და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა. 33 წლის ასაკში არგენტინის კონგრესის მიერ ოფიციალურად მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის 26 ივლისს ევა პერონი სიმსივნით გარდაიცვალა.