Birkin – როგორ გაჩნდა Hermès-ის ლეგენდარული ჩანთა და რატომ ღირს ის ასე ძვირი
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოდა მუდამ ცირკულირებს და ძალიან სწრაფად იცვლება. მოდის ისტორია მეოცე საუკუნეში დაიწყო, სადაც ყოველი ათწლეული მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შემდეგ მოვიდა 21-ე საუკუნე – სწრაფი მოდის ეპოქა, რომელშიც ტრენდები ერთმანეთს გაცილებით სწრაფად ანაცვლებს.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს რამდენიმე „კონსტანტა“, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მოდის ინდუსტრიაში. ეს ნივთები და აქსესუარები აბსოლუტური კლასიკა გახდა, ისინი ყოველთვის სასურველი და აქტუალურია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა Hermès-ის ლეგენდარული ჩანთა Birkin-ია
ეს მოდელი შორეულ 1984 წელს შეიქმნა და შეიძლება ითქვას, რომ მისი პოპულარობა არასდროს შემცირებულა. თუმცა, ამ ჩანთის ხელში ჩაგდება არც ისე ადვილია – ლოდინის დრო, დაახლოებით, ერთ წელს შეადგენს. მოდის სახლი Hermès არ ღალატობს თავის ტრადიციას და ყველა ჩანთას, მაღალი ხარისხის ტყავისგან, ხელით ამზადებს.
საინტერესოა, რომ პირველი ესკიზი, უფრო სწორად, ამ მოდელის ჩანახატი თვითმფრინავის ბორტზე, ქაღალდის ნაგლეჯზე იყო შემუშავებული. ვინ იფიქრებდა, რომ ასე შეიქმნებოდა ჩანთა, რომელსაც თაობები ერთმანეთს მემკვიდრეობით გადასცემენ და რომლის ფასი შეუჩერებლად მოიმატებდა.
ისტორია მომხიბლავ მსახიობ ჯეინ ბირკინს და Hermès-ის სახლის მაშინდელ ხელმძღვანელს, ჟან-ლუი დიუმას უკავშირდება. ამ ორი ადამიანის შემთხვევითმა შეხვედრამ თვითმფრინავის ბორტზე საკულტო ჩანთის შექმნას დაუდო საფუძველი.
ბირკინი უპირატესობას ანიჭებდა დაწნულ კალათებს, რომლებიც ჩანთის მაგივრად დაჰქონდა ხოლმე. მაშინაც თვითმფრინავში რაღაცას ეძებდა კალათში, ვერ იპოვა და რაც შიგნით ელაგა, ძირს გადმოიყარა.
მის გვერდით მჯდომმა დიუმამ აღნიშნა, რომ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ჩანთის ტარება, რომელსაც სხვადასხვა განყოფილება აქვს. მათ შორის საუბარი შედგა და მსახიობმა აღიარა, რომ ჯერ ვერ მიეგნო მისთვის იდეალური ჩანთის მოდელისთვის. დიუმამ ყური დაუგდო ბირკინის მოთხოვნებს და მაშინვე გააკეთა ჩანახატები. მალე Hermes-ის მოდის სახლს ჩანთის ახალი მოდელი ჰქონდა – სპორტული, ტევადი და ამავდროულად, სავსებით ელეგანტური.
ჩანთას ჯეინ ბირკინის სახელი დაერქვა. საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მან ცოტა მოგვიანებით – 1990 წელს მოიპოვა.
დღესდღეობით, ჩანთა არა მხოლოდ ინარჩუნებს პოპულარობას, არამედ მისი ფასი კვლავ იმატებს – ყველაზე უბრალო მოდელის ამჟამინდელი ფასი 15 000 დოლარს შეადგენს, ყველაზე ძვირადღირებულის კი – ნახევარ მილიონ დოლარსაც შეიძლება, აღეამტებოდეს