“საქართველო სტაბილურ ტრანზიტულ ქვეყნად რჩება„

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო სტაბილურ ტრანზიტულ ქვეყნად რჩება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია სანგაჩლის ტერმინალზე გაიმართა და მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და დელეგაციების პირველი პირები დაესწრნენ.
„შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის“ ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.
„იწყება 21–ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ–დენიზის მე–2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45 მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში, რაც გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას,“–აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
სამხრეთის ნაკადის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ღონისძიებაზე დამსწრე დელეგაციების ხელმძღვანელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები