მისი თითოეული ნახატი ემოციით და უსაზღვრო ფანტაზიით იქმნება. ხატვის ნიჭი ბავშვობაში აღმოაჩნდა. ამბობს, რომ უფრო მეტად ფანტაზიის ჟანრით არის გატაცებული და უპირატესობას ფერწერას ანიჭებს. სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას სამხატვრო აკადემიის ციფრული მედიის განხრით აპირებს. – დათუნა თოლომაშვილის პერსონა.
– პირველი ნამუშევრები…
– პორტრეტებით დავიწყე ფანქარში ხატვა… 4 წლიდან უმეტესად ცხენებს ვხატავდი, შემდეგ თავი დავანებე და 2 წლის წინ ისევ მივუბრუნდი ხატვას.
– როგორ ახერხებდით სწავლას და ხატვას ერთად?
– ცუდი ნიშნები მქონდა და საერთოდ არ ვსწავლობდი… მარტო ვხატავდი…
– შთაგონება…
– შთაგონება არ მჭირდება უმეტესად, მაგრამ თუ მოდის, უმეტესად ყოველდღიური ცხოვრებიდან ან ბუნებიდან.
– თემები…
– უფრო მეტად ფანტაზიის ჟანრი მიზიდავს.
– გრაფიკა და ფერწერა… უპირატესობას რომელს ანიჭებთ?
– ფერწერას…
– სამხატვრო აკადემიაში ციფრული მედიის განხრით აბარებთ. რატომ ციფრული მედია?
– 3 D მოდელირებას ასწავლიან და იმას, რაც მე მინდა.
– თქვენი დაც სამხატვრო აკადემიაში სწავლობს… ოჯახი, გარემო…
– ჩემი და ფერწერის მესამე კურსზეა… დედაჩემი სტილისტია, მამაჩემი მექანიკოსი.
– რომელმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?
– კიმ ჯუნგ გიმ და კარლ კოპინსკიმ. ასევე ბევრი ვისწავლე იმპრესიონისტებისგან ფერში.
– რამდენ ხანს უნდები ერთი ნახატის დახატვას?
– 2 ან 3 დღეს. საათებში – 10 ან 15 საათი.
– ჯერ ალბათ წარმოსახვა ჩნდება, მერე ნახატი იწყება…. თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ ჩაგიფიქრებია სხვა რამ და ბოლოს სხვა გამოსულა?
– ჩემი იდეის ვიზუალიზაციით ვიწყებ… ნახატი მაშინაა წარმატებული, როცა მაგ წარმოსახვას ემთხვევა.
– სათაური… რა დატვირთვას ანიჭებთ?
– ჩემი ნახატების უმრავლესობას სახელს არ ვარქმევ…
– ვინ არის პირველი შემფასებელი? ვის რჩევებს ითვალისწინებთ?
– კლიენტის და შემდგომ ინტერნეტის სხვადასხვა ჯგუფშიც მიფასებენ ნახატებს. აკრიტიკებენ და რჩევებს მაძლევენ.
– მიზნები…
– გახდე ილუსტრატორი ან კონცეპტ-არტისტი და ვიმუშაო კინოების ან ვიდეოთამაშების კომპანიებისთვის.
თამარ შაიშმელაშვილი