ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგი თაღლითური ბიზნესგეგმა – ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი „ლელოს“ ლიდერებს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს – „იმედის კვირა“
ყოფილი ბიზნესპარტნიორების დავა, რომელმაც შესაძლოა, კიდევ ერთი თაღლითური სქემა გაშიფროს. ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს. დაზარალებული ბიზნესმენის უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს.
„იმედის კვირის“ ინფორმაციით, ეს თანხა ინვესტორმა „იმერეთი გრინერის“ განვითარებაში ჩადო, თუმცა, როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, ქართველმა პარტნიორებმა ინვესტორი მოატყუეს. ისტორიას მორიგი თაღლითური სქემის და მოტყუებული ბიზნესპარტნიორის შესახებ ჰოლანდიელი ბიზნესმენის ადვოკატები ჰყვებიან. თავად დაზარალებულს ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურს.
ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგ თაღლითურ ბიზნესგეგმას ათეულობით დაზარალებული ჰყავს. საინტერესო ეპიზოდია ყოფილი ბანკირების და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის ისტორია, რომელიც უცხოელი ბიზნესპარტნიორივით მოტყუებულია.
„იმერეთი გრინერი“ 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაარსებული კომპანიაა. სასათბურე მეურნეობა, რომელიც პროდუქციის ინოვაციური მეთოდებით წარმოებას გულისხმობდა, მიმზიდველ ბიზნესიდეად ჩანდა. სწორედ ამიტომ, 2015 წლის დეკემბერში საპარტნიორო ფონდსა და „იმერეთი გრინერის“ მმართველებს შორის პარტნიორთა შეთანხმება გაფორმდა, რაც ფონდის მხრიდან მილიონ 200 ათასი ევროს მოცულობის ინვესტიციას გულისხმობდა.
მართალია, დრო და დრო ხაზარაძე სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმატებულ ბიზნესმოდელად ასაღებდა და „ლელოს“ ახალი წევრების წარსადგენ სივრცედაც იყენებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. 2016 წლიდან კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა. მართვაზე პასუხისმგებელი მოქმედი მენეჯმენტი იყო. არასახარბიელო ფინანსურ ვითარებასთან ერთად, ფონდისთვის პრობლემას ქმნიდა ის, რომ 2021 წლის პირველი აპრილიდან იცვლებოდა კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებდა გადახდისუნარობის საქმის წარმოებას. ამ მიზეზების გამო საპარტნიორო ფონდმა კომპანიის მენეჯმენტთან რამდენიმე წლიანი მოლაპარაკებები აწარმოა, მანამ სანამ სასამართლოში საქმე გადახდისუუნარობაზე აღიძვრებოდა. ცხადია ხაზარაძე ამ შემთხვევაშიც შეეცადა საქმისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა“ – ნათქვამია „იმედის კვირის“ სიუჟეტში.
აქვე აღნიშნულია, რომ წარუმატებელი ბიზნესპროექტისთვის „თიბისი კაპიტალმა“ 2017 წელს 2 მლნ დოლარის ობლიგაციები გამოსცა. ჰოლანდიელმა ინვესტორმა, რომელსაც ამ ეტაპზე კონფიდენციალურობის დაცვა სურს, ფასიან ქაღალდებში 400 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
სიუჟეტის თანახმად, უცხოელი ინვესტორის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ კლიენტს კომპანიაში არსებულ ფინანსური მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდეს. დაზარალებული ევროპელი ინსვესტორების უფლებამდაცველები მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვლებენ ყურადღებას.
„ყველაზე მთავარი ხაზარაძე ჯაფარიძის და „თიბისი კაპიტალის“ კავშირებია. ისმის მთავარი კითხვა, გამოსცემდა თუ არა ფასიან ქაღალდებს ბანკირების საკუთრებაში არსებული ფინანსური ორგანიზაცია იმ შემთხვევაში, თუკი კრიზისში მყოფი „იმერეთი გრინერის“ მენეჯმენტში მათივე მფლობელები არ იქნებოდნენ?
ჰოლანდიელი ინვესტორის უფლებადამცველებმა საქმის შესწავლის მოთხოვნით მარეგულირებელ ორგანოს – საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართეს, მოკვლევა დაწყებულია, სწორედ სებ-ის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული იურისტების სამომავლო სტრატეგიაც.
დაზარალებული ბიზნესმენი პირველ რიგში საკუთარი ინვესტიციის დაბრუნებას ითხოვს, მისი უფლებადამცველები კი არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე პროკურატურაში წავიდეს. მოტყუებული ინვესტორი გაჩერებას არ აპირებს და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ბოლომდე ბრძოლას აანონსებს“ – ნათქვამია სიუჟეტში.
https://www.imedi.ge/ge/video/154709/motkuebuli-investorebi