ფორესტ ფენის საგანძური – თანამედროვე საიდუმლო, რომელსაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა
ისტორიები დამალული საგანძურის შესახებ ადამიანებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მისი პოვნის შანსი, როგორც წესი, ძალიან მცირეა, მით უმეტეს, თუ უხსოვარ დროს არის დამალული და დაზუსტებით არც არის ცნობილი, არსებობდა თუ არა საერთოდ. მიუხედავად ამისა, გამდიდრების მსურველი მაინც ძალიან ბევრია.
ახლა მოგიყვებით საგანძურზე, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ დამალეს და თანაც, მისი პოვნის ინსტრუქციაც არსებობდა. საუბარია ამერიკელი მილიონერის, ფორესტ ფენის საგანძურზე, რომელიც მან 2010 წელს დამალა. მას ასობით ათასი ადამიანი ეძებდა. მართალია, საგანძური იპოვეს, მაგრამ ამ პროცესს არაერთი სიცოცხლე შეეწირა.
ვინ არის ფორესტ ფენი
ფორესტ ფენი ყოფილი სამხედრო მფრინავია, რომელმაც კარიერა 1950 წელს დაიწყო. საკუთარ საქმეს, დაახლოებით, 20 წელი მიუძღვნა. 1972 წელს სამსახურიდან წამოვიდა და ოჯახთან ერთად სანტა-ფეში დასახლდა. იქ ფენი შემოსავლიანი და საინტერესო საქმით დაკავდა – ხელოვნების საგნების გაყიდვა დაიწყო. მან სამხატვრო გალერეა Fenn Galleries Ltd გახსნა, რომელში ტილოებს, სკულპტურებს და ინდურ არტეფაქტებს ყიდდა.
სამხედრო პენსიონერი არ იყო ზედმეტად სკრუპულოზური და ყალბი ნამუშევრების გაყიდვასაც კადრულობდა. ფორესტი ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა, როდესაც სოლიდურ კლიენტებს ყალბ მონეს, დეგას და მოდილიანის სთავაზობდა. მისი გალერეას სტუმრებს შორის ყოფილან სტივენ სიგალი, ჯესიკა ლენგი და სტივ მარტინი.
ბიზნესს წელიწადში 6 მილიონი დოლარი მოჰქონდა. 1988 წელს ფორესტ ფენს თირკმელებზე სიმსივნე აღმოუჩინეს. ავადმყოფობა ნელა პროგრესირებდა. მედიკოსები ჰპირდებოდნენ, რომ კიდევ, დაახლოებით, 10 წელს იცოცხლებდა. კოლექციონერმაც გადაწყვიტა, დრო ფუჭად არ დაეკარგა და უკანასკნელი წლები თავისი სიამოვნებისთვის ეცხოვრა.
მან გაყიდა გალერეა და იყიდა მიწის ნაკვეთი სანტა-ფესთან, ახლოს სან-ლაზაროში.
ფენი არქეოლოგიური გათხრებით დაკავდა, თან ინდოელების კულტურასა და ხელოვნებაზე წიგნის წერა დაიწყო. 2010 წლამდე ფორესტი მხედველობის არეალიდან გაქრა. მალე ის ყველას დაავიწყდა, რადგან დიაგნოზიდან გამომდინარე, ადამიანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ფენი გარდაიცვალა. თუმცა, 2010 წელს მილიონერი გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მან სიმსივნე დაძლია და თავს შედარებით კარგად გრძნობდა.
ფორესტ ფენმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი – The Thrill of The Chase, რომელიც ძალიან გაყიდვადი გახდა. მისი წარმატება მხოლოდ ავტორის ცხოვრების საინტერესო ფაქტებს არ ეფუძნებოდა. ფენის წიგნში ლექსი ეწერა, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო დაშიფრული. შიფრი ხსნიდა, თუ როგორ უნდა მოეძებნა მსურველს კლდოვან მთებში საგანძური, რომელიც ავტორმა დამალა.
მილიონერმა საგანძური აღწერა, როგორც სკივრი, ძვირადღირებული არტეფაქტებით, ძვირფასეულობითა და ხელოვნების ნიმუშებით. საგანძური ფენმა, დაახლოებით, 1-დან 5 მილიონ დოლარამდე შეაფასა.
24-სტრიქონიანი ლექსი 9 მინიშნებას მოიცავდა. მათ შორის იყო ფრაზები: „სადაც ჩერდება ტკბილი წყალი“, „კანიონის ქვემოთ“, „ბრაუნის სახლში“ და ა.შ.
მოგვიანებით, კოლექციონერმა კიდევ ცოტა ინფორმაცია დაამატა. მან განაცხადა, რომ საგანძური დამალული იყო სანტა-ფესა და კანადას საზღვარს შორის, დაახლოებით, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე – ადგილზე სადაც ფიჭვები იზრდება.
ახალი „ოქროს ციებ-ცხელება“
ფორესტ ფენის საგანძურმა იოლი ფულის შოვნის მსურველთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. 10 წლის მანძილზე მის საძებნელად, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანი წავიდა. ინტერნეტში თემატური ფორუმები გაჩნდა, რომელთა მონაწილეებიც განიხილავდნენ მილიონერის მინიშნებებს და გამოთქვამდნენ ვარაუდებს, თუ სად იყო განძი.
საგანძურს ეძებდნენ ნიუ-მექსიკოში, მონტანასა და ვაიმინგშიც კი. ბევრმა საგანძურის ძიებისას სამსახური მიატოვა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მთელი თავისი ქონება საგანძურის ძებნაში გაფლანგა. ერთი ქალი, საერთოდ, გაკოტრდა, შემდეგ ჭკუიდან შეიშალა და საგანძურს სანაგვე ურნებშიც კი ეძებდა. ასევე, დაზუსტებით ცნობილია, რომ ხუთი ადამიანი, ვინც ამ საგანძურს ეძებდა – დაიღუპა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო რენდი ბილიე, რომელიც საგანძურის საძებნელად 2016 წლის იანვარში წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ტურისტებმა მისი ძაღლი იპოვეს. თავად რენდის ძებნა წარუმატებლად დასრულდა. მისი ცხედარი ნახევარი წლის შემდეგ შემთხვევით იპოვეს მდინარე რიო-გრანდესთან.
2017 წელს ელოსთოუნის პარკში ფერდობიდან ჩამოვარდა და კისერი მოიტეხა ფრედ მერფიმ.
პოლიციის ჩარევა
ცოტა ხნის შემდეგ რიო-გრანდეს ნაპირთან კიდევ ერთი ოქროს მაძიებლის ცხედარი იპოვეს. პასტორი პერსი უოლესი მარტო წავიდა მთაში და უცნობ ვითარებაში დაიღუპა. რამდენიმე ტრაგედიის შემდეგ ნიუ-მექსიკოს პოლიცია ფენთან მივიდა. სამართალდაცავებმა სთხოვეს მას, ეს სიგიჟე შეეჩერებინა, მაგრამ ფენმა უპასუხა, რომ საგანძურის ძიება თითოეული ადამიანის პირადი საქმეა და რომ არ სურდა, ადამიანების იმედი წაერთმია. ფორესტ ფენმა, ასევე, განაცხადა, რომ სკივრი სრულიად უსაფრთხო ადგილზე მდებარეობდა და მის მოსაპოვებლად სულაც არ იყო საჭირო საკუთარი სიცოცხლით გარისკვა.
„სკივრი არ არის დამალული წყლის ქვეშ ან რიო-გრანდეს მახლობლად. მის მოსაძებნად სულაც არ არის საჭირო დიდი ქვების გადაადგილება ან ციცაბო ფერდობზე ასვლა. გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ მე თითქმის 80 წლის ვიყავი, როდესაც ეს საგანძური დავმალე“.
ამ განცხადების შემდეგ კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
2020 წლის 6 ივნისს ფორესტ ფენის საგანძური იპოვეს. ამის შესახებ საგანგებოდ თავად საგანძურის პატრონმა განაცხადა.