Windows XP-ის „ნეტარება“ – როგორ გაჩნდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოტო
გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ „ნეტარება“ (Bliss) ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა. პირველად ის Windows XP-ის ოპერაციული სისტემის სამუშაო მაგიდაზე გამოჩნდა.
ეს ფოტო კომპიუტრიზაციის ეპოქის სიმბოლოა და მას, როგორც ნებისმიერ სიმბოლოს, თავისი ისტორია აქვს. ფოტოს ავტორი ამერიკელი ფოტოგრაფი ჩარლზ ო’რეარია, რომელიც National Geographic-ში მუშაობდა. 1996 წლის 12 იანვარს ის სან-ფრანცისკოში ავტომობილით მიდიოდა. როდესაც სანომის ოლქში იმყოფებოდა, დაინახა გორაკი, რომელიც კონტრასტულად გამოირჩეოდა ცისფერი ცის ფონზე.
ამ ადგილზე ო’რეარი არაერთხელ იყო ნამყოფი, მაგრამ პეიზაჟისთვის ყურადღება არ მიექცია. სწორედ იმ დღეს ბალახით დაფარული გორაკი განსხვავებულად გამოიყურებოდა, მის მისვლამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი წვიმა იყო და შედეგად, მდელო განსაკუთრებით ხასხასა ჩანდა.
ფოტოხელოვანმა ვერ მოითმინა და მანქანიდან გადავიდა ფოტოების გადასაღებად.
სახლში დაბრუნებულმა ჩარლზმა ფოტოები გააციფრულა და „სტოკზე“ გამოაქვეყნა, რომლის მფლობელიც, მეგობართან ერთად, თავად გახლდათ.
ყველაზე ცნობილი ფოტოს შესახებ, ალბათ, ვერასდროს გავიგებდით, იგი ბილ გეითსის თანამშრომლებს რომ არ ეყიდათ.
სამწუხაროდ, არ ვიცით, რატომ მოეწონა ბილ გეითსსა და მის გუნდს მაინც და მაინც ეს ფოტო, მაგრამ 2001 წელს, Windows XP-ის პრეზენტაციაზე ის უკვე ფართო ეკრანებზე გამოჩნდა.
ამგვარად, ჩარლზ ო’რეარის ფოტო ახალი ოპერაციული სისტემის ბრენდინგის ცენტრალური კომპონენტი გახდა.
სხვათა შორის, გორაკი ყოველთვის არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ფოტოზე. 90-იან წლებამდე მასზე ვენახი იყო გაშენებული, მაგრამ მავნებლების შემოსევის გამო, მათი გაჩეხვა მოუწიათ. 1996 წელს, სურათის გადაღების დროს, ადამიანის საქმიანობის კვალი იქ უკვე აღარ ჩანდა. დღესდღეობით, გორაზე ისევ ყურძენი ხარობს და ამ საკულტო ადგილს, ალბათ, ვეღარც იცნობთ.