მულო ნუროვი – ყველაზე სამართლიანი „გაიშნიკი“, რომელმაც საკუთარი ცოლიც დააჯარიმა

საგზაო პოლიციის ინსპექტორს, მულო ნუროვს ტაჯიკეთში ყველა იცნობდა. ადგილობრივებსა თუ და რესპუბლიკის სტუმრებს ძალიან უყვარდათ ფოტოების გადაღება „სსრკ-ში ყველაზე დიდულვაშიან საგზაო პოლიციელთან“. მისგან გამოწერილი ჯარიმაც ნაწყენს არავის ტოვებდა, პირიქით – ეს ბედნიერ ნიშნად ითვლებოდა. ნუროვის შესახებ დღესაც მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, მან საკუთარი ცოლიც დააჯარიმა. ყველას, ვინც ნუროვს იცნობდა, ამისი სჯერა, რადგან იმ დროს მასავით წესიერი და პატიოსანი „გაიშნიკი“, ალბათ, სხვა არც არავინ არსებობდა. მულო ნუროვი საკუთარ მოვალეობას ბოლომდე ერთგულად  და პირნათლად ასრულებდა.

ლეგენდარული პოლიციელი 1936 წლის 8 მარტს ტაჯიკეთის პატარა სოფელში დაიბადა. ბიჭს ერმაჰმადი დაარქვეს, ხოლო მეორე სახელი – მულო – მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, მან 8 წლის ასაკში მიიღო. ასეთი პატივის მისაღებად, ბიჭმა კარგად შეიმეცნა ყურანი, საიდანაც მამამ მას კითხვა ასწავლა.

მულო პატარა ასაკიდანვე ეხმარებოდა მამას ზეთის საოჯახო სახდელში, რომელიც ნუროვების სამშვილიანი ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალება გახლდათ. ამ მარტივ მექანიზმზე მუშაობამ გადააწყვეტინა პატარა ბიჭუნას, რომ მისი მომავალი ცხოვრება მანქანებთან იქნებოდა დაკავშირებული.

სკოლის დამთავრების შემდეგ მულოს პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია და მძღოლობა ისწავლა. ჯარშიც მძღოლად მუშაობდა. ნუროვს უყვარდა იმის თქმა, რომ ბაიკონურში მან თავად წაიყვანა საბჭოთა სარაკეტო მეცნიერების მამა სერგეი კოროლიოვი და პირადად ნახა ვალენტინა ტერეშკოვა. არავის ეპარებოდა ეჭვი მისი ისტორიების სისწორეში, რადგან სიცოცხლეში ერთხელაც არავისთვის მიუცია ამის საბაბი.

ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ბიჭი ისევ მძღოლად მუშაობდა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პოლიციაში მუშაობა მოუნდებოდა, მაგრამ ნუროვის ცხოვრება ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ შეცვალა. ერთ დღეს მულო, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე მიდიოდა, საგზაო პოლიციის ინსპექტორმა გააჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს არაფერი დაურღვევია, ჯარიმა მაინც დააკისრეს. ამ უსამართლობამ ნუროვი ძალიან გაანაწყენა და საკმაოდ დააზარალა კიდეც. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თავად გახდებოდა საგზაო პოლიციელი, მაგრამ არა სხვების მსგავსად, არამედ პატიოსნად და სამართლიანად იმუშავებდა. საგზაო პოლიციაში მოხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, განმცხადებელს არ გააჩნდა ამისათვის საჭირო სიმაღლე – ნუროვი საკმაოდ ტანმორჩილი გახლდათ. თუმცა, ახალგაზრდამ ისე გულმოდგინედ დაარწმუნა საგზაო ინსპექტორის კურსის უფროსი, რომ მისგან თანხმობა მიიღო.

„მიმიღეთ. ნახეთ, როგორ ვიმუშავებ. თუ ვერ შევძელი, თავს დავანებებ” – უთქვამს ახალგაზრდა ენთუზიასტს…

ასე გამოჩნდა ტაჯიკეთის გზებზე „სსრკ-ის ყველაზე პატიოსანი საგზაო პოლიციელი“, რომელიც ძალიან მალე გახდა ცნობილი თავისი პროფესიონალიზმით, სამართლიანობითა და დიდი ულვაშებით.

კოლეგები ამბობდნენ, რომ განსაკუთრებული ინსტინქტი ჰქონდა და ავტომობილის მართვის მანერაზე დაკვირვებით, ნასვამი მძღოლის ზუსტად ამოცნობა შეეძლო. ერთხელ სანაძლეოც კი დაუდეს – მას ზედიზედ 3-ჯერ უნდა გაეჩერებინა ნასვამი მძღოლი. ნუროვი არცერთხელ შემცდარა.

33-წლიანი კარიერის განმავლობაში, ყველაზე ცნობილმა „გაიშნიკმა“ 14 000-მდე ნასვამი მძღოლი დააკავა. ეს საბჭოთა კავშირისთვის აბსოლუტური რეკორდი იყო, რომელიც, შესაძლოა, დღემდე არავის მოუხსნია. ნუროვთან შეთანხმება შეუძლებელი გახლდათ. ის იყო სამართლიანი, მაგრამ მკაცრი ინსპექტორი, რომელიც კომპრომისზე ჩინოვნიკებისა და გავლენიანი ადამიანების წინაშეც არ მიდიოდა.

„დედა სტუმრად მიდიოდა და ეჩქარებოდა, ამიტომ ქუჩის გადაკვეთა არასწორ ადგილას დაიწყო. მამა მაშინვე მივიდა მასთან და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა სთხოვა. დედა თავიდან აღშფოთდა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, ჯარიმა გადაიხადა,“ – იხსენებდა მულოს შვილი ანვარ ნუროვი.

ამის შემდეგ ცოლი რამდენიმე დღის განმავლობაში ბრაზობდა მულოზე, მაგრამ ვითარებას შეეგუა. მისი ქმრისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას „ახლობლები“ არ არსებობდნენ. როგორ შეხედავდა სსრკ-ში ყველაზე პატიოსანი საგზაო პოლიციის ინსპექტორი ხალხს თვალებში, თუ მის ცოლს სასჯელისგან თავის დაღწევის უფლებას მისცემდა?!

90-იანი წლების დასაწყისში ტაჯიკეთში არეულობა იყო, მაგრამ ნუროვი, ოჯახისა და ნათესავების ხვეწნის მიუხედავად, სამსახურს არ ტოვებდა. დუშანბეს ქუჩებში ქაოსი სუფევდა, თუმცა მაიორი, ჩვეულებისამებრ, პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. 1992 წლის 2 დეკემბერს მულომ სახლში სადილზე შეიარა. მისმა მეუღლემ შენიშნა, რომ ძალიან ნერვიულობდა. ინსპექტორს ამძიმებდა ის ფაქტი, რომ დუშანბე, რომელიც მას აყვავებული და სტუმართმოყვარე ახსოვდა, სახიფათო კრიმინალურ ადგილად ქცეულიყო, სადაც ქუჩებში სროლის ხმა ისმოდა და ხალხი იძულებული სახლებში შეყუჟულიყო. სადილი რომ დაასრულა, მულომ ცოლს სთხოვა, ჩანთაში მისი კოლეგებისთვისაც ჩაედო რაიმე და მანქანისკენ გაემართა.

იმ დღეს ნუროვი სამსახურიდან არ დაბრუნებულა. დილით ოჯახს აცნობეს, რომ მულო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. მისი მანქანა დუშანბეს დასავლეთ გარეუბანში იპოვეს. ინსპექტორი მძღოლის სავარძელში ჩაეცხრილათ. 

1994 წელს, მაიორის გარდაცვალების მეორე წლისთავზე, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით, დაარსდა მულო ნუროვის პრემია. ის გადაეცემა საუკეთესო თანამშრომლებს, რომლებმაც გამბედაობა, პატიოსნება და ფიცისადმი ერთგულება გამოიჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები