ანდრო გოცირიძე: კიბეროპერაციებით არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის აპრობირებული ხერხია – ის შეეცდება, ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეაფერხოს ჩვენი წინსვლა​

“კიბეროპერაციებით არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის აპრობირებული ხერხია. მინიმუმ 2016 წლიდან ცნობილია, რომ ის ამგვარ საქმიანობას ეწევა”, – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა საქართველოს გარემო მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკის ბოლო განცხადებით, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს და რამდენად სწრაფად შევა, ეს საქართველოზეა დამოკიდებული – ამიტომაც რუსეთი შეეცდება ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეაფერხოს ქვეყნის წინსვლა.

“კიბეროპერაციებით არჩევნებში ჩარევა რუსეთისთვის აპრობირებული ხერხია. მინიმუმ 2016 წლიდან ცნობილია, რომ ის ამგვარ საქმიანობას ეწევა. ცნობილია გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებში, აშშ-სა და საფრანგეთში პრეზიდენტების არჩევნებში, სხვადასხვა ქვეყნის რეფერენდუმებში ჩარევის ფაქტები. თუმცა ჩარევა ყოველთვის კიბეროპერაციებით არ ხდება. ზოგ შემთხვევაში კიბეროპერაციები გამოიყენება გავლენის ოპერაციების ჩასატარებლად, რაც გულისხმობს ამომრჩევლებში შესაბამისი განწყობების დათესვას ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად ან ზოგიერთ შემთხვევაში არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას, ნდობის შერყევას და მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ დემოკრატიული წყობა არაეფექტურია და ეფექტურია რუსული სახელმწიფო წყობა, რომელიც, პრინციპში, არჩევნებს გამორიცხავს კიდეც, იმდენად ფორმალური ხასიათი აქვს.

რაც შეეხება წმინდა კიბერშეტევებს, ეს არის ფიშინგი, რომლის მეშვეობითაც მაკომპრომეტირებელ მასალებს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებენ, რასაც მაკომპრომეტირებელ მასალად გადააქცევენ ძალიან ხშირად გამოიყენება დიპფეიკის ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, იმგვარი ტექნოლოგიები, რომლებიც არჩევნებს შეაფერხებს, ჩაშლის, შეაფერხებს ხმის მიცემას, ხმების დათვლას და ა.შ. გარდა ამისა, არის საინფორმაციო ოპერაციები, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნება, ტროლებითა და ბოტებით სასურველი განწყობების შექმნა. ჩვენნაირ სახელმწიფოებში, ანუ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ პროცესს გამოუთხაროს ძირი, მთლიანად არჩევნების შედეგები გახადოს ნაკლებად სარწმუნო და არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ამას სხვა მეთოდებით ახერხებენ, იმიტომ, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესების მიმართ.

საქმეც ეგ არის, რომ არჩევნებს არ ჩაშლიან, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება არჩევნების მიმართ ნდობა, უფრო გამყარდება რუსული ნარატივი, უფრო მეტი მოქალაქე გადაინაცვლებს რუსულ ორბიტაზე. ვერც ერთი პარტია, რაც არ უნდა ამ ეტაპზე პრორუსულად იყოს განწყობილი, დემოკრატიულად არჩეული ვერ იქნება, რადგან მოსახლეობის მუხტი სხვა არის, ვერ უზრუნველყოფს რუსეთისთვის სასურველ შედეგებს. რუსეთს სჭირდება საქართველოში დემოკრატიის რწმენის შერყევა, რათა რეტროგრადულმა ძალებმა თქვან, ევროპა და ამერიკა ცუდია, მათი პოლიტიკური წყობა უვარგისია და ხომ არ დავბრუნდეთ რუსულ ორბიტაზეო. ეს არის რუსეთის სურვილი და არა ის, რომ რომელიღაც პარტია მოკლე ვადით ჰყავდეთ ხელისუფლებაში. კრემლს ეს ტაქტიკურად შეიძლება სურდეს, მაგრამ სტრატეგიულად არაფერს უწყვეტს. პოლარიზაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, ნებისმიერი ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც ხელს უშლის ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ჩარევით ხდება. თუ ეს მათი ინიცირებული არ არის, ამ ტალღას აჰყვებიან და მათთვის სასარგებლო შედეგების მიღებას შეეცდებიან… სწორად უნდა იქნეს გამოყენებული პარტნიორებთან თანამშრომლობის ის ფორმატები, რომლებიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული.

ახლა საქართველოს გარემო მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ ელჩ ჰერჩინსკის ბოლო განცხადებით, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს და რამდენად სწრაფად შევა, ეს საქართველოზეა დამოკიდებული. ამიტომაც რუსეთი შეეცდება ნებისმიერი მეთოდითა და ფორმით შეაფერხოს ჩვენი წინსვლა. ყველა ნაბიჯი, რომლებიც მიმართული იქნება ამ წინსვლის შეფერხებისთვის, რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი მოქმედება, ცხადია, იქნება მათ შორის არჩევნებზე ზემოქმედების კონტექსტშიც განხილული, მით უმეტეს, რომ რუსეთს ასეთი მეთოდები, როგორც გითხარით, აქვს. საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების პენეტრაციის ხარისხი მაღალია, რუსეთის კიბეროპერაციების რიცხვიც შთამბეჭდავია და გულუბრყვილობა იქნება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. ხელისუფლება ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ის რუსეთისთვის არ წარმოადგენს პრობლემას და მიაჩნია, რომ დაშოშმინების პოლიტიკით რუსულ აგრესიას აარიდებს თავს. ვფიქრობ, ეს შეცდომაა – რუსეთი აუცილებლად ჩაერევა ამ არჩევნებში, ექნება საქართველოზე ზემოქმედების მცდელობები და არა მარტო არჩევნებში, რადგან რუსეთი მოკლევადიან პერსპექტივაში არ მოქმედებს. ახლა მას დემოკრატიისთვის ბრძოლა აქვს და ამას უკრაინაში იარაღით ებრძვის. ამიტომაც შეეცდება, რომ საქართველოში დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპოს და დააბრუნოს თავის ორბიტაზე”,- აცხადებს ანდრო გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები