„112“ შშმ პირებს SMS სერვისს და ვიდეოზარს შესთავაზებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ირლანდიაში, ქალაქ ნავანში, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრნენ. „112“-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი უახლოეს მომავალში შშმ პირებისათვის „112“-ზე წვდომის უზრუნველყოფას გეგმავს, რაც მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირებას გულისხმობს. ამ მხრივ ირლანდიას უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და მათ ქვეყანაში, საგანგებო სიტუაციის დროს „112“-თან დაკავშირების ეს გზა კარგად აპრობირებულია. ქართული მხარე ეწვევა ირლანდიის გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრს (BT Communication Irland Limited). „112“-ის წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაკავშირების მუშაობის სპეციფიკას. ტრენინგზე მოხდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, UNDP-ის ხელშეწყობით თბილისში სემინარი გაიმართება, რომლის ფარგლებში „112“ შეიმუშავებს საკუთარ მოდელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მარტივი და ეფექტური დაკავშირებისათვის. სასწავლო ვიზიტის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) , შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) მხარდაჭერით.