თვითმხილველი: მატარებლის ბოლო ვაგონს ცეცხლი ეკიდა, მგზავრები კი გარბოდნენ
მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებლის ბოლო ვაგონს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული – ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა. ზურა ბრეგაძე, რომელიც მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებელს ელოდებოდა და „ახმეტელის“ მიმართულებით გამგზავრებას აპირებდა, ადასტურებს, რომ მატარებლის ბოლო ვაგონს ცეცხლი ეკიდა.
„მატარებელი გაიღო და მგზავრები ესკალატორებისკენ გარბოდნენ. პანიკა იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა მიამბო, რომ მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და „მარჯანიშვილს“ შორის გვირაბში მატარებელმა მთელი სიმძლავრით დაამუხრუჭა და გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია ჩაირთო. კვამლის სუნი დატრიალდა. მატარებელი გვირაბიდან „მარჯანიშვილზე“ გაჩერდა და მგზავრები ზევით გარბოდნენ. ერთ-ერთმა მგზავრმა სახანძროს გამოუძახა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თვითმხილველმა ზურა ბრეგაძემ.
“კვირა“ მომხდართან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაასც დაუკავშირდა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამაზ რობაქიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს. მისივე თქმით, ვარკეთილდან ახმეტელის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ძაბვის ვარდნის შედეგად 3 წუთის განმავლობაში გვირაბში შეფერხდა, რამაც ერთ-ერთი მგზავრის პანიკა გამოიწვია. “ვარკეთილიდან-ახმეტელის მიმართულებით მოძრავი მატარებელი გვირაბში ძაბვის ვარდნის შედეგად 3 წუთის განმავლობაში შეყოვნდა. როგორც ჩანს, ამან ერთ-ერთი ქალბატონის პანიკა გამოიწვია, მან საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და შველა ითხოვა. ადგილზე მოვიდა სამაშველო სამსახური, თუმცა მალევე უკან გავაბრუნეთ, რადგან არც ხანძარი ყოფილა და არც მსგავსი რამ, ამ დროისთვის მეტრო შეუფერხებლად მუშაობს“,- განუცხადა “კვირას“ რობაქიძემ.