რა არის ეგზორციზმი, რელიგიისა და მეცნიერების თვალსაზრისით და რამდენად საშიშია ის
სანამ განვსაზღვრავთ, რა არის ეგზორციზმი, უნდა ითქვას, თუ რატომ წარმოიშვა იგი. ყველა რელიგია აღიარებს ბოროტი სულების, დემონების არსებობას, რომლებიც აღწევენ ადამიანის სხეულში და მას საშინლად მოქცევას აიძულებენ. დემონები უნერგავენ ადამიანს სიძულვილს, ბრაზს, სასოწარკვეთას, თვითმკვლელობის სურვილს და ა.შ. არიან დემონები, რომლებიც იწვევენ ტიკებს, კრუნჩხვით შეტევებს და მკრეხელობის სურვილს.
ადამიანებმა ისწავლეს ეშმაკის განდევნა შელოცვების დახმარებით ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ დროში, მაგრამ ასეთი რიტუალების ჩატარება უფრო აქტიურად შუა საუკუნეებში დაიწყეს. ამ დროს ხშირად საუბრობდნენ ეშმაკის მაქინაციებზე და ადამიანის სხეულში მისი ჩასახლების შესაძლებლობაზე. კითხულობდნენ სტრიქონებს რელიგიური წიგნებიდან, სადაც ასეთი შემთხვევები მკაფიოდ იყო მოთხრობილი. რელიგიური ხალხი შთანთქავდა ამ ინფორმაციას, რაც შემდგომ გარკვეულ აკვიატებებს იწვევდა. „შეპყრობილს“ სჯეროდა, რომ ეშმაკმა დაისაკუთრა იგი და აიძულებდა, მიუღებელი საქციელები ჩაედინა ან მიუღებელი რამ ეთქვა. ყველაზე უსიამოვნო ის გახლდათ, რომ ეშმაკს შეეძლო, ერთდროულად ბევრ ადამიანში ჩასახლებულიყო და ნამდვილი ეპიდემიები გამოეწვია.
ეპიდემიები განსაკუთრებით ხშირად ვრცელდებოდა ქალთა მონასტრებში, სადაც მონაზვნები ერთმანეთისგან „ინფიცირდებოდნენ“ და გიჟდებოდნენ. თუ ისინი მსგავსი ეპიდემიის მასობრივ მკურნალობას ლოცვების გამოყენებით ცდილობდნენ, მაშინ ის კიდევ უფრო ფართოდ ვრცელდებოდა. ამან ხელი შეუწყო ინდივიდუალური სპეციალური რიტუალების გაჩენას ეშმაკის განდევნის მიზნით, რასაც ეგზორციზმი ეწოდა.
ეშმაკით შეპყრობის ნიშნები
თვითმხილველთა აღწერით, შეპყრობილებს ეზიზღებათ სამება და ღვთისმშობელი. მათ ეშინიათ ნაკურთხი წყლის, იფურთხებიან, ეცვლებათ გამომეტყველება და არ გააჩნიათ შიში ან სინანული. პერიოდულად, ეწყებათ ბრაზის ძლიერი კრუნჩხვითი შეტევა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.
ამავდროულად, შეპყრობილი ადამიანი უჩვეულოდ ძლიერი ხდება.
შეპყრობილების ეპიდემიები
„აკვიატებულობის ეპიდემიებმა“, ფაქტობრივად, მოიცვა შუა საუკუნეები. მადრიდის მონასტერში ეპიდემია დაიწყო ერთ-ერთ მონაზონს. მას განუვითარდა კრუნჩხვითი ეპიზოდები და პირიდან ქაფი წამოუვიდა. იგი კვნესოდა, ყეფდა, ლანძღავდა უფალს და ყვიროდა, რომ უწმინდური სული დაეუფლა. შეპყრობის ეპიდემია სწრაფად გავრცელდა სხვა მონაზვნებზეც. ისინი დღეების განმავლობაში იტანჯებოდნენ, თვლიდნენ, რომ მათაც უწმინდური სულები დაეპატრონნენ. ლოცვის გავლენამ არ უშველათ და ინკვიზიციურმა ტრიბუნალმა შეპყრობილები შორეულ მონასტრებში გადაასახლა, რამაც ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელი გახადა. იყო შემთხვევები, როცა მღვდლებს „ეშმაკური შელოცვების“ გაგზავნაში ადანაშაულებდნენ. მათი ბედი შესაშური არ იყო – ასეთ მღვდლებს კოცონზე წვავდნენ.
ეგზორციზმის რიტუალი
თავდაპირველად, შეპყრობილობის ეპიდემიების დროს, სასულიერო პირები ცდილობდნენ, ბრბოზე ლოცვების კითხვით მოეხდინათ გავლენა.
მაგრამ, ამას ხშირად სრულიად საპირისპირო ეფექტი სდევდა. „ინფიცირება“ ადამიანთა ახალ მასებზეც ვრცელდებოდა. ეპიდემიის შეჩერების ერთადერთი გზა შეპყრობილთა სწრაფი იზოლირება და მათზე ინდივიდუალური ეგზორციზმის რიტუალების შესრულება იყო.
მზადება რიტუალისთვის
რელიგიური პრინციპების დაცვით, ეგზორციზმის რიტუალი დღესაც ტარდება. მისი შესრულება მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ სასულიერო პირს შეუძლია. დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარ რწმენას და ამ რწმენის სხვებისთვის გადაცემის უნარს.
არსებობს ინფორმაცია, რომ რომის პაპმა, იოანე პავლე II-მ ახალგაზრდა გოგონას ხელის ერთი შეხებითა და კურთხევით მოაშორა შეპყრობილობის ნიშნები. დღესდღეობით, ეგზორციზმის რიტუალს აუცილებლად წინ უძღვის ფსიქიატრთან კონსულტაცია, ვინაიდან შეპყრობილობის სიმპტომები შესაძლოა, ფსიქიკური დაავადების სიმპტომების მსგავსი იყოს. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის განკურნება (მაგალითად, შიზოფრენიით) ეგზორციზმის გზით შეუძლებელია. გარდა ეგზორცისტისა, რიტუალს უნდა ესწრებოდეს კიდევ ერთი ადამიანი – დამკვირვებელი. უმჯობესია, თუ მოწმე ფიზიკურად ძლიერი ადამიანია, რადგან გარკვეულ დროს შეპყრობილს შეუძლია ზეადამიანური ძალა გამოავლინოს. მღვდელმაც და დამკვირვებელმაც რიტუალის შესრულებამდე უნდა გაიარონ განწმენდა მარხვისა და აღსარების გზით.
ეგზორციზმი და ეკლესია
ყველა რელიგიას აქვს ეგზორციზმის რიტუალები. ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, კათოლიკური რიტუალებია. ეგზორცისტებს ამზადებენ კათოლიკურ უნივერსიტეტებში, სადაც ისინი სწავლობენ არა მხოლოდ რელიგიურ საგნებს, არამედ ფსიქიატრიის საფუძვლებსაც. კათოლიციზმში ეგზორციზმის რიტუალი მკაცრად რეგულირდება. მსგავსი რიტუალების მიმართ ინტერესი არათუ არ შემცირდა, არამედ პირიქით, ბოლო წლებში გაიზარდა.
მართლმადიდებლობაში შეპყრობილობა ცნობილია, როგორც დემონური შეპყრობა და ისტერია. ასეთ ადამიანებს ლოცვების კითხვის რიტუალს უტარებდნენ. ჩვეულებრივ, ამას აკეთებს მღვდელი, რომელსაც ასეთი რიტუალების ჩატარების გამოცდილება გააჩნია. მსგავსი რიტუალები აქვს ისლამს, იუდაიზმს, ინდუიზმს და ბუდიზმსაც კი.
საინტერესოა ბუდიზმში ბოროტი სულების განდევნის რიტუალი. პირველ რიგში, ბუდისტი ბერი ცდილობს, სული სხეულიდან მშვიდობიანად გამოიყვანოს და დაარწმუნოს, რომ სხეული დატოვოს. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ ისინი მიმართავენ სპეციალურ რიტუალებს მანტრა-შელოცვებით. ბოროტ სულს, რომელმაც სხეული დატოვა, დახურულ ყუთში ათავსებენ და წვავენ.
ეგზორციზმი და ფსიქიატრია
ფსიქიატრიაში მიაჩნიათ, რომ სწორად შესრულებული ეგზორციზმის რიტუალი ნამდვილად ეხმარება ადამიანს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია ფსიქიკური დაავადება.
მაგალითად, ისეთი დაავადებისას, როგორიცაა შიზოფრენია, ადამიანს ესმის ხმები, რომელთაც შეუძლიათ, ესაუბრონ, უბრძანონ და დასაჯონ კიდეც ის. მორწმუნეებისთვის ეს ხმები შესაძლოა, დემონებს ეკუთვნოდეს. შეუძლებელია ასეთი ადამიანის დემონებისგან განთავისუფლება რელიგიური რიტუალების გამოყენებით. შეპყრობილთა უმეტესობა ჯანმრთელი, მაგრამ უაღრესად დამყოლი ხალხია. ყველაზე ხშირად ისინი ისტერიული პიროვნული თვისებების მქონე ქალები არიან. წარსულში ასეთი ადამიანები რელიგიის გავლენის ქვეშ იყვნენ და მათ ყველაზე მეტად ბოროტი სულების ეშინოდათ.
თუკი ასეთ ნაყოფიერ ნიადაგს თან ერთვოდა მღვდლების ქადაგება დემონების შესახებ, რომლებიც ადამიანის სხეულსა და სულს იპყრობენ, ადამიანს უვითარდებოდა შესაბამისი რწმენა, ილუზიები და ჰალუცინაციები, რაც შემდეგ სრულ ბოდვაში გადაიზრდებოდა. ამ დროს კი ისტერიული ნევროზი ვითარდებოდა.
მოკლედ, ეშმაკის ჩასახლებასა და ეგზორციზმს რელიგია ნამდვილად აღიარებს, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში ისაა გასარკვევი, საქმე ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთან ხომ არ გვაქვს. თუ შეპყრობილობა ეპიდემიურ სახეს იღებს, მაშინ, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, განსაკუთრებით კი, რელიგიურ ადამიანებში. ასეთ შემთხვევებში, ადამიანებს, ეგზორციზმზე მეტად, სამედიცინო მკურნალობა სჭირდებათ.
ნაწ.1