„შხამების ოსტატი“, რომელმაც ოჯახის წევრები დახოცა და მკვლელობები ციხეშიც განაგრძო

?????????????????????????????????????????????????????????

გრეჰემ იანგის ისტორია ასე დაიწყო: როდესაც სამი თვის იყო, დედა გარდაეცვალა და მასზე მზრუნველობა საკუთარ თავზე მამიდამ აიღო. მამიდა გრეჰემს საკუთარი შვილივით ეპყრობოდა და შესაძლოა, ის საზოგადოების ღირსეული წევრიც გამხდარიყო, რომ არა რამდენიმე გარემოება.

როდესაც ბიჭი სამი წლის იყო, მამამისი, ფრედ იანგი, ხელახლა დაქორწინდა და გადაწყვიტა, შვილიც თან წაეყვანა. ეს ბავშვისთვის სერიოზული სტრესი იყო, თუმცა მამა და დედინაცვალი მასზე ცუდად არ ზრუნავდნენ. მიუხედავად ამისა, ბიჭისთვის საკმარისი ყურადღების მიქცევას მაინც ვერ ახერხებდნენ და გრეჰემი დიდ დროს ატარებდა საკუთარ თავთან.

სკოლის წლებში გრეჰმმა ქალაქის ნანგრევებში იპოვა წიგნი სატანიზმის შესახებ, რომელიც ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ იანგი ძლიერ დაინტერესდა ბოროტების ფენომენით და ჰიტლერის თანაგრძნობაც კი დაიწყო, რაც ბრიტანელი ბავშვისთვის სრულიად უცნაური გახლდათ.

სამწუხაროდ, ოჯახმა ვერაფერი შეამჩნია, რადგან გრეჰემი კარგი მოსწავლე იყო, მეგობრული, მოწესრიგებული და დამოუკიდებელი. ბიჭს უყვარდა ქიმია და ერთ-ერთ დაბადების დღეზე მამამ მას ახალგაზრდა ქიმიკოსის ნაკრებიც აჩუქა. არავის უკითხავს, ​​რას აკეთებდა ახალგაზრდა ექსპერიმენტატორი თავის ოთახში და რა ქიმიურ ექსპერიმენტებს ატარებდა – გრეჰემი შხამების დამზადებით დაინტერესდა.

მოზარდის პირველი მსხვერპლები თაგვები და ბაყაყები იყვნენ. გრეჰემმა ისინი ტოქსინების საგულდაგულოდ შერჩეული დოზებით მოწამლა და ინტერესით უყურებდა მათ ტანჯვას. როდესაც ბიჭი 13 წლის იყო,  წააწყდა წიგნს ედვარდ პრიჩარდის შესახებ, რომელმაც ცოლი და დედა ანტიმონით მოწამლა. ამ ამბავმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოზარდზე, რომ გადაწყვიტა, სახიფათო ქიმიკატი ხელში ჩაეგდო და მისი მომაკვდინებელი ძალა გამოეცადა.

შხამიანი ანტიმონი არასრულწლოვნებზე არ იყიდებოდა, ამიტომ იანგს ასაკის მომატება და ტყუილის მოფიქრებაც მოუხდა, რაშიც მისი ქიმიის ცოდნა ძალიან დაეხმარა. ნივთიერების მიღების შემდეგ დრო აღარ დაკარგა თაგვებზე და მაშინვე „სერიოზულ საქმეზე“ გადავიდა.

იანგი ბუნებით მარტოსული იყო და სკოლაშიც მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა – კრისტოფერ უილიამსი. სწორედ ის გახდა პირველი, რომელმაც ლიმონათის ჭიქით ანტიმონის სატესტო დოზა მიიღო. ექიმებმა ბიჭი გადაარჩინეს, მაგრამ ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია ასეთი მძიმე მოწამვლა. ძნელი სათქმელია, რატომ გადარჩა უილიამსი: შესაძლოა, იანგს არ სურდა მისი მოკვლა ან არ იცოდა ზუსტი ლეტალური დოზა. ასე თუ ისე, გრეჰემი შედეგით მაინც კმაყოფილი იყო.

შემდეგ ექსპერიმენტის ოჯახში ჩატარება გადაწყვიტა. 1961 წლის შემოდგომაზე მოწამვლის სიმპტომები აღმოაჩნდა ბიჭის მამას, დედინაცვალს, დას, მამიდას და… თავად გრეჰემსაც კი, როდესაც ერთ დღეს თეფშები აერია და ანტიმონი საკუთარ საკვებს შეურია. ერთ დღეს მისმა დედინაცვალმა ჯიბეში ბოთლიც კი უპოვა, რომლის ეტიკეტზეც თავის ქალა და ძვლები იყო გამოსახული, რაც ყველაფერს გასაგებს ხდიდა. თუმცა, იმ აზრს, რომ სკოლის მოსწავლეს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების მოწამვლა შეეძლო, მაინც ვერ იჯერებდნენ.

მამამისის აზრით, მოწამვლის მიზეზი ის იყო, რომ გრეჰემი უსაფრთხოების ზომებს არ იცავდა. ერთხელ მისი და ისე მოიწამლა, ძლივს გადაარჩინეს. ბიჭს დის სიკვდილი არ სურდა. მისი მთავარი სამიზნე დედინაცვალი გახლდათ. გრეჰემი რეგულარულად ურევდა გარკვეულ შხამებს დედინაცვლის საკვებში. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ერთ დღეს ქალმა გონება დაკარგა. ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ გამოწერეს და მალევე გარდაიცვალა. ამან იანგს მკვლელობების გაგრძელების მოტივაცია მისცა.

შემდეგი მსხვერპლი საკუთარი მამა გახდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ჰოსპიტალში ზუსტად ისეთივე სიმპტომებით გადაიყვანეს, როგორიც მისი მეუღლეს აღენიშნებოდა. მომწამვლელის ვინაობა გრეჰემის ქიმიის მასწავლებელმა დაადგინა, რომელმაც მოზარდის მაგიდაზე, ბოთლებში ანტიმონის ნარჩენები და ჩანაწერები აღმოაჩინა. ამის შესახებ მასწავლებელმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სკოლის დირექტორს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა პოლიციისთვის გადაეცათ, ის სკოლის ფსიქოლოგთან მიიყვანეს. ფსიქოლოგმა აღმოაჩინა, რომ გრეჰემი მანიაკალურად იყო შეპყრობილი სხვების მოწამვლის იდეით. ამის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ სამართალდამცავებს მიმართა.

გრეჰემმა თავიდან ყველაფერი უარყო, მაგრამ შემდეგ დეტალების მოყოლა დაიწყო. „მე ეს ყველაფერი გავაკეთე!“ – ამაყად განაცხადა პოლიციელებისა და ჟურნალისტების ყურადღებით მოხიბლულმა სკოლის მოსწავლემ.

ვინაიდან მის ადეკვატურობაში ყველას ეჭვი ეპარებოდა, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გრეჰემ იანგი საღ აზრზე იყო, მაგრამ, ამავე დროს, არაერთი სერიოზული გადახრა ჰქონდა.

გრეჰემ იანგი დედინაცვალის და მამის მკვლელობაში დაადანაშაულეს, რისთვისაც ციხის ტიპის ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობა მიესაჯა. მან იქ 9 წელი გაატარა. დროთა განმავლობაში, მან საავადმყოფოს პაციენტებსა და პერსონალთან ახლო ურთიერთობები დაამყარა. რამდენიმე წლის შემდეგ გრეჰემი ბევრი ბენეფიტით სარგებლობდა – მას კლინიკაში თავისუფლად გადაადგილების საშუალებაც კი მისცეს.

ცხადია, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა. ერთხელაც ერთ-ერთი პაციენტი, 23 წლის ჯონ ბერიჯი, სიარულის დროს დაეცა, კრუნჩხვები დაეწყო და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელის ვინაობა ნათელი იყო, ხელმძღვანელობამ აურზაურის თავიდან არიდება გადაწყვიტა. მალე იანგი განკურნებულად აღიარეს და 9 წლის თავზე გაათავისუფლეს კიდეც. მან სამსახური ოპტიკური აღჭურვილობის მომწოდებელ კომპანიაში მიიღო და მაღაზიაში გამყიდველი გახდა. ასე დაიწყო ლონდონელი კაცის შეუმჩნეველი ცხოვრება.

მალე იანგის ზოგიერთმა კოლეგამ ცუდად იგრძნო თავი, კანი გაუშრა, სუნთქვა გაუჭირდა და თმა ცვენა დაიწყო. ამას არავინ უკავშირებდა იმ ფაქტს, რომ მაღაზიის ახალი მეპატრონე გარშემომყოფებს მუდმივად სთავაზობდა უფასო ჩაისა და ყავას. 1971 წელს კომპანიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბობ აგლი გარდაიცვალა. ის 59 წლის იყო, ამიტომ მამაკაცის გარდაცვალება ყველამ ასაკსა და ჯანმრთელობას მიაწერა.

თუმცა, როდესაც ორი თვის შემდეგ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე მენეჯერი ფრედ ბიგსიც გარდაიცვალა, ყველას ეჭვი შეეპარა. იანგი დააპატიმრეს. მან კიდევ ერთხელ მოყვა მკვლელობების დეტალები. სასამართლო ისევ დაეჭვდა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და ლივერპულის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს.

ის დაწესებულებაში მხოლოდ ორ წელიწადს დარჩა. შეშინებული ექიმების თხოვნით, მანიაკი ციხეში გადაიყვანეს. ციხეში დამნაშავე მკაცრ პირობებში იმყოფებოდა, მაგრამ მას ბოლომდე მაინც არ აფასებდნენ. ციხეში გრეჰემი გამოიჭირეს, როცა სავარჯიშო ეზოში მოყვანილ შხამიან სოკოს საკუთარ განავალს ურევდა, რათა მომაკვდინებელი ნეიროტოქსინი შეექმნა. ამ ინციდენტმა ციხის პატიმრებს შორის პანიკა გამოიწვია. ამიტომაც, ყველამ ამოისუნთქა, როცა 1990 წლის 22 აგვისტოს გრეჰემ იანგი  საკანში მოულოდნელად გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები