„მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას გაჰყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი“ – ალექსანდრე ლომთათიძის ისტორია

ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე დაიბადა 1882 წლის 25 მაისს ოზურგეთის მაზრის სოფელ მშვიდობაურში (ბახვის თემი), ღარიბი გლეხის ოჯახში.

14 წლამდე სწავლობდა სოფელ ბახვის ორკლასიან სასწავლებელში. მისმა ნიჭმა სოფლის სკოლაშივე მიიპყრო მასწავლებლების ყურადღება და, მათი დახმარებით, ერთი თბილისელი ექიმის ოჯახში მოხვდა, სადაც მცირე დავალებებს ასრულებდა, თავისუფალ დროს კი, მეცადინეობას ანდომებდა.

თბილისის მეორე გიმნაზიაში სანდრო ლომთათიძე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. გიმნაზიის წლებიდან დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასაც. თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესასთან.

უმაღლესი განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლობდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ამავე დროს, იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის “მენშევიკების ფრაქციის” წევრი და ადგილობრივი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. ამავე წელს დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად.

პირველი მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე ლომთათიძე თბილისის ხმოსანთა იმ მცირე ჯგუფში იყო, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობითა და დირექტივებით, დემოკრატიულ ოპოზიციას წარმოადგენდა.


1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, „მენშევიკური“ ფრაქციის სიით, ტფილისიდან  გაგზავნილი იყო დელეგატად პეტერბურგში სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე.

1917 წლის მარტში მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

1917 წლის ნოემბრიდან იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

1918 წელს იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1919 წლის თებერვალში აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ.


1919 წელს, საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები და 1919 წლის 12 მარტს გაიხსნა მისი პირველი კრება. სანდრო ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ). ის, ფაქტობრივად, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თავმჯდომარე, კარლო ჩხეიძე, დიდი ხნით ევროპაში იმყოფებოდა. აღნიშნულ პოსტზე მან თავი გამოიჩინა, როგორც შეუვალმა და მიუდგომელმა თავმჯდომარემ. დამფუძნებელი კრების დებატებს ის იშვიათი ტაქტით ხელმძღვანელობდა და პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტიც მოიხვეჭა.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, 1921 წლის 24-25 თებერვლის ღამეს, როდესაც თბილისის დატოვება გადაწყდა, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა:

მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაჰყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი!

მართლაც, ის  არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა სამშობლოში და შეეწირა XX საუკუნის 20-იანი წლების კომუნისტურ რეპრესიებს. დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს. მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“.

1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში – სოფელ ლაპაშინოში. იქიდან – ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და დასნეულდა. შემდეგ, როგორც მძიმე ავადმყოფს, ნება დართეს, ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად.

1924 წელს საქართველოში მომხდარი აჯანყების გამო, კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში. საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.

ალექსანდრე ლომთათიძე იმავე წელს გარდაიცვალა ტაშკენტის ციხეში, 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.

2023 წლის მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, საქართველოში ჩამოასვენეს ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი და დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ვაჟის, გიორგი ლომთათიძის გვერდით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები