დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის განხრით. წლების მანძილზე ასწავლიდით როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. აქვს ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. 186-ე საჯარო სკოლაში იყო დირექტორის მოადგილე სასწავლო – აღმზრდელობით დარგში.
ამჟამად 221-ე (მეგა) საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია.
ამბობს, რომ პროფესიის არჩევანი სკოლის მერხიდან ქართული ენისა და ლიტერატურის, პოეზიის სიყვარულმა განაპირობა.
სტუდენტობის პერიოდიდან წერს ლექსებს, ჩანახატებს, მინიატურებს. პერიოდულად ბეჭდავს პრესაში საგანმანათლებლო, მეთოდურ და ლიტერატურული ხასიათის წერილებს.
2023 წელს მონაწილეობდა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“კონკურსში და მოხვდა გამარჯვებულთა შორის მოთხრობით – „სინთეზური წერტილი“. – ლია მამულაშვილის პერსონა.
– ხაშმში დაამთავრეთ საშუალო სკოლა…
– სოფელში გატარებული წლები ხომ ყველასთვის დასამახსოვრებელია. ახლაც შეგრძნებითა და სუნით ვგრძნობ წელიწადის ყველა დროის მოახლოებას. განსაკუთრებით კი, ზაფხულიდან შემოდგომაზე გადასვლა მიხაროდა. ოქროსფერი რომ ხდებოდა ყველაფერი. ალბათ იმიტომ, რომ სკოლაში მივდიოდით. თუ გახსოვთ, რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში „ჩემი ბავშვობის სკოლა“, წერს: სოფელში ორი სკოლა იყო, ზევითა სკოლა და ქვევითა… დაწყებითი საფეხური ზევითა სკოლაში იყო..
გუშინდელივით მახსოვს, პირველ კლასში რომ შევედი, ძალიან ლამაზი მწვანე ჩანთა მქონდა. არ ვიცი, რატომ, გამომართვა ჩემმა კლასელმა ბიჭმა და აღარ მიბრუნებდა, გავწი-გამოვწიეთ და მახსოვს, სულ ძირს მოიფანტა ჩემი რვეულები და სასკოლო ნივთები… ასე დაიწყო ჩემი სასკოლო თავგადასავალი… შემდეგ მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, მამამ გადაწყვიტა, თბილისში გადმოვეყვანე სასწავლებლად (ამ დროს უკვე ქვემოთა სკოლაში ვსწავლობდი. პაპაჩემის დიდი დამსახურება ყოფილა ამ სკოლის აშენება. გამიგონია თანასოფლელებისაგან ასეთი ნათქვამი: შვილიშვილებს აუშენა ეს სკოლაო. სახლთან ძალიან ახლოს იყო. მე კი მაინც არ მწყინდა ეს ნათქვამი, გულში მიხაროდა კიდეც, არადა, ჩემი ბიძაშვილები ზემოდან ქვემოთ თითქმის კილომეტრს გადიოდნენ სიარულში სკოლამდე… ისინიც ხომ პაპაჩემის შვილიშვილები იყვნენ!)…
ჩემმა კლასელებმა რომ გაიგეს, თბილისში გადადის სასწავლებლადო, ძალიან ეწყინათ. იმ ბიჭმა კი, პირველი კლასის „ნათლობა“ რომ მიმაღებინა, ისეთი ბოღმით თქვა:- თუ წახვალ, იცოდე, კლასის მოღალატე იქნებიო, – აღარ მიფიქრია სადმე წასვლა. ასე ერთად დავამთავრეთ 21-მა მოსწავლემ სკოლა. ხუმრობა იქით იყოს და, მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. განსაკუთრებულ ყურადღებას და შეფასებას მაშინვე ვგრძნობდი ჩემი კლასელებისგან. ყოველთვის სიყვარულით და გამორჩევით მიფასებდნენ ნაშრომს. როცა მასწავლებელი თხზულებას მაკითხებდა, ყველა გაფაციცებით მისმენდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო ვაფასებ მათ ამ დამოკიდებულებას.
– რევაზ ინანიშვილი თქვენი ბიძა იყო და ალბათ მწერლობის სიყვარული აქედან დაიწყო…
– წერა ყოველთვის მიყვარდა. პირველი სერიოზული ნაშრომი კი ეს იყო.
გავიხსენებ: მაშინ მე-8 კლასში ვიყავი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ვარდიკო ნიკოლაშვილმა, დაგვავალა დაგვეწერა ნარკვევი საყვარელ მწერალზე. ერთ დღეს განსაკუთრებული განწყობით შემოვიდა და რევაზ ინანიშვილის „ლამაზი ცრემლები“ წაგვიკითხა. არ დამავიწყდება მისი ხმა და სითბო, თვალებში მომდგარი ცრემლებიც. მიყვარდა და დღემდე მახსოვს თითქმის მისი გაკვეთილები, საუბარი, ხმის ტემბრი და ხელები, რომლებიც ისე უშუალოდ ერთვებოდნენ თხრობაში, რომ თვალს ვადევნებდი ხოლმე… მოგვიანებით ლექსიც კი დავწერე – „ჩემთან ხელები“…
რევაზ ინანიშვილი წარმოშობით ჩემი სოფლიდან იყო და ბიძად მერგებოდა (მამა და რეზო ძმათა შვილები იყვნენ), ამიტომ გადავწყვიტე, მასზე დამეწერა ეს ნარკვევი. გამოვკითხე მამას ერთად გატარებული ბავშვობის შესახებ, დავუკავშირდი კიდევ სხვა ახლობლებს, გავაკეთე ჩანაწერები და გადავწყვიტე მწერალთან „საქმიანი შეხვედრა“.
მოკრძალებული ნაბიჯებით შევდგი ფეხი მის მწერლურ სამყოფელში. თავის საწერ მაგიდასთან მიმიხმო, ღიმილიანი და ბუბუნა, დაბალი ხმით მკითხა, რა დავალება მქონდა შესასრულებელი. მერე ჩემს ჩანაწერებს გადახედა და ისევ დაბალი, წყნარი ხმით, მაგრამ მკვეთრად ხაზგასმით გამისწორა – მე ქართულ მწერლობაში რევაზ ინანიშვილის სახელით ვარ ცნობილიო. დღესაც, როცა მას რეზოთი მოიხსენიებს ვინმე, სულ მახსენდება მისი ოდნავ კატეგორიული ტონი, თუმცა, მე იმ ნარკვევში მაინც დამიწერია რამდენჯერმე: „მწერალმა რეზო ინანიშვილმა სოფელ ხაშმში გაატარა ბავშვობის საუკეთესო წლები“ და ა.შ., შემდეგ, რატომღაც ბოლო პერიოდის წერილიც ასე დავასათაურე მაინც: „მე ჩემი რეზო ინანიშვილი მყავდა“… ესეც რაღაცნაირი, ახლობლური, ჩემი ბავშვური, გულწრფელი დამოკიდებულების განცდაა ალბათ… რევაზ ინანიშვილისადმი ჩემი, როგორც მწერლისადმი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ….
…რაც შეეხება ჩვენს შეხვედრას და დაწყებულ ამბავს, იმით დამთავრდა, რომ მომიწონა ჩემი ჩანაწერები, შემდეგ რამდენიმე კითხვა დამისვა და ორ-სამ დღეში თავისი ხელით დაწერილი მოგონებები მომცა, ე. წ. მასალა ნარკვევისათვის, რომელიც ჩემი ხელით გადავწერე და, პირობისამებრ, დავუბრუნე მას… ახლაც თვალწინ მაქვს გამორჩეულად კლასიკური კალიგრაფიით შესრულებული ჩანაწერები. სხვათა შორის, მე რაც მახსოვს და მინახავს, საოცრად ლამაზად წერდა ასევე პაპა, რეზოს დედის ძმა, და მამაც… ჩემი აზრით, მათ ხელწერას წერის კულტურის საერთო გენეტიკური, დამახასიათებელი ნიშანი მიჰყვებათ.
რაც შეეხება, ნარკვევს… ნარკვევი, რა თქმა უნდა, დაიბეჭდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულში“. სხვათა შორის, ეს პატარა კრებული მასწავლებლების ფორუმისადმი იყო მიძღვნილი. ამ ჟურნალშივე დაიბეჭდა ბევრი ჩემი თანატოლის ნააზრევი (ლექსი, მოთხრობა, ჩანახატი, ნახატიც კი). დღემდე მახსოვს წიგნის წინასიტყვაობაში ასეთი სიტყვები: „იქნებ ყველა მოსწავლე, რომელიც ამ კრებულშია წარმოდგენილი, მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი ვერ გახდეს. ერთი რამ ცხადია, პატარა ნაკადულები სწორი გზით მიედინებიან და მათი ხვალინდელი კარგი მამულიშვილობის საწინდარია სამშობლოს სიყვარულით ამღერებული გულები“.
ამ კრებულის პატარა შემოქმედთაგან ბევრი ალბათ ცნობილი პიროვნებაც გახლავთ უკვე, ბევრი ალბათ უბრალოდ კარგი მასწავლებელია (ტრისტან არაბული, შორენა ჭინჭარაული, ქეთევან გვაზავა, შუქია ჭინჭარაული და სხვ.)…
ერთი სიტყვით, კრებულმა თავისი საქმე გააკეთა. მე კი დღემდე მიყვარს ეს პატარა, უკვე გაცრეცილყდიანი წიგნი… განსაკუთრებით მომწონს ერთი პატარა ლექსი ილიაზე. თავად ბევრი ჩანაწრი მაქვს ილიაზე, ერთმა მათგანმა კონკურსშიც გაიმარჯვა, სხვა დროს ლექსიც მივუძღვენი, მაგრამ როცა სულ პირველად რომელიმე კლასში ვიწყებ ილიაზე საუბარს, ამ კრებულიდან ვუკითხავ ბავშვებს იმ პატარა ლექსს, ხელვაჩაურელმა მე-8 კლასელმა მოსწავლემ, მაგული მგელაძემ რომ მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს:
„შენ ერის მამაო, მგოსანო ილია,
მთა-ბარი ქართული, სულ შემოგივლია“…
„ჩემი ნაკადული“ კი ამ გზით წავიდა…
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ავიჩიე.
– მაშინ მისაღები გამოცდები მკაცრად ტარდებოდა… როგორც ვიცი, უმაღლესი შეფასება მიიღეთ…
– გასახსენებელი, მართლაც, ბევრია… მაშინ კლასიკურ ფილოლოგიაზე ცალკე კონკურსი იყო გამოცხადებული… თავიდან არც მიფიქრია, უბრალოდ ჩემმა ქულებმა გადაწყვიტა ამ განხრით წასვლა… მისაღებ გამოცდაზე ყველა საგანში უმაღლესი ქულა მქონდა და უპირობოდ მიმიღეს. თუ ტრაბახში არ ჩამეთვლება, ერთ ამბავსაც გავიხსენებ… ვიხსენებ ხოლმე, არა თავის საქებად, უბრალოდ იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ჩემს მოგონებებში.
მისაღებ გამოცდაზე სანამ გავიდოდი, რჩევის სახით გამაფრთხილეს, რომ თავისუფალი თემის წერისგან თავი შემეკავებინა (მიყვარდა თავისუფალი თემის წერა). მინდოდა, მაგრამ არ დავწერე. სამაგიეროდ, დავწერე შემოთავაზებული მეორე თხზულება: „როგორი პერსონაჟია ფატმანი: დადებითი თუ უარყოფითი“. გამოცდიდან კმაყოფილი გამოვედი, მაგრამ დიდხანს არ გამყვა ეს გრძნობა. ვისაც ცოტა რამ მოეკითხებოდა ქართულში, ყველა თავს დამესხა: ფატმანი და დადებითიო?! – ბოლოს გადაწყვიტეს:-ან ხუთს მიიღებ, ან ორსო… ნეტავ ისევ თავისუფალი თემა დაგეწერაო. ნიშანი მეორე დღის 6 საათზე იყო… გავათენე… გულში იმის იმედი მქონდა, რომ თემაში არგუმენტირებულად მქონდა ჩემი სათქმელი ჩამოყალიბებული და, რასაც ვფიქრობდი, გულწრფელად ვწერდი… დღემდე მადლობელი ვარ იმ „ღვთისნიერი გამსწორებლის“, ჩემი თემა რომ 5-იანის შეფასებაზე გაუშვა… თუმცა, საგამოცდო უწყისში კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ჯერ არ იყო,ზეპირ გამოცდაზე რომ გახვალთ, იქ მოაწერს ხელსო…
კომისიის თავმჯდომარე მზექალა შანიძე იყო და აღარ მოვყვები, რა ლეგენდები დადიოდა მასზე. სამეული (მზექალა შანიძე, თამაზ კვაჭანტირაძე, კოტე გაბაშვილი) ცდიდა 5-ზე წარდგენილ აპლიკანტს. ჩემ წინ დაბნეულ გოგოს ლუარსაბის ცოლის მოყვანის ამბავს ეკითხებოდნენ… ჩემი ჯერიც დადგა.. რამდენიმე „ჩამჭრელი კითხვის“ შემდეგ მივხვდი, რომ არც ისე იყო საქმე, როგორც ჰყვებოდნენ. ბოლო კითხვა თამაზ კვაჭანტირაძემ დასვა – „ექვსიანზე ხომ არა გექნებათ პრეტენზია გოგონაო?!“ – (მოგეხსენებათ, მაშინ შეფასების ხუთბალიანი სისტემა იყო), გაოცებულმა და დამსახურებული ფრიადით ფრთაშესხმულმა ჩამოვირბინე „მაღლივის“ კიბეები…
– იმ დროს მოგიწიათ სწავლა, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა უნივერსიტეტიდან იწყებოდა…
– მერე დაიწყო სტუდენტობის ყველაზე გამორჩეული წლები, არცთუ იოლი ბერძნულ-ლათინური ენების სწავლით, საოცრად საინტერესო ლექციებითა და პრაქტიკებით, და, რაც მთავარია, გამორჩეული ლექტორებით: აკაკი ურუშაძე, რისმაგ გორდეზიანი, ია გაგუა, თინა გიორგობიანი, ზურაბ კიკნაძე, თამაზ კვაჭანტირაძე… ბევრი კიდევ სხვ. დღესასწაული იყო ყოველდღე მათთან შეხვედრა. იმ პერიოდში კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, ამ გადასახედიდან უფრო ვაფასებ თითოეულ ლექციას… პერიოდიც განსაკუთრებული იყო… დილით ლექციებზე, მერე – საჯარო ბიბლიოთეკაში, საღამოს მიტინგზე… ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა ზედ უნივერსიტეტზე გადიოდა… 9 აპრილი და გლოვა.. და კიდევ უამრავი რამ… რაც იმდროინდელ ტკივილსა და სიხარულთან არის დაკავშირებული.
– ლექსების და პროზაული ნაწარმოებების წერა სტუდენტობიდან დაიწყეთ…
– ლექსების წერა ამ პერიოდიდან დავიწყე. ვწერდი ჩემთვის, ვწერდი მინიატურებსაც, იმას, რასაც განვიცდიდი და მიხაროდა. „ის, რაც მიხარია და მწყინს“, – ასე წამიწერია იმ რვეულისთვის, სადაც ვწერდი, თუმცა გამოქვეყნება იმ დროისთვის, არც მიფიქრია.. ჩანაწერებისთვის წანამძღვარად კი რატომღაც იბნ ელ არაბის ეს სიტყვები დამირთავს: „ჰოი, მკითხველო! მიმართე შენი გონება უბრალო სიტყვებიდან ფარული აზრისკენ და პოვე დაფარული მნიშვნელობა მათი, უკეთუ ჩასწვდები“ (არა ამბიციურად, ალბათ ქვეცნობიერად ვფიქრობდი, რომ მაინც მკითხველისთვის იყო განკუთვნილი ის, რასაც ვწერდი)…
ახლა რომ ვკითხულობ და ვუკვირდები წლების მერე ამ ჩანაწერებს, ვხვდები, როგორი მძიმე პერიოდი გამოიარა ჩემმა თაობამ 90-იანებში.. თუმცა ახალგაზრდობის სილაღე და ენერგიაც ეტყობა მათ. როცა ახლგაზრდა ხარ, ნაკლებად უშინდები პრობლემებს. ასეთი იყო ჩემი თაობის სულისკვეთება: ვსწავლობდით, ვკითხულობდით, ვაპროტესტებდით, ვქმნიდით…
დიპლომის თემა: პავლეს ეპისტოლეების „ძველი ბერძნულ-ქართული“ თარგმანის ენობრივი თავისებურებები იყო… როცა ნაშრომი დიპლომის ხელმძღვანელს ვაჩვენე, შემაქო. თვითონ დაცვას ვერ დაესწრო, გამამხნევა, – არ იდარდო, თითქმის არაფერი შემისწორებია, ისეთი ქართულით გიწერია, ყველაფერი კარგად იქნებაო… მეორეჯერ მოვისმინე ეს… მანამდე, როცა თამაზ კვაჭანტირაძესთან ჩათვლა მქონდა, იგივე განმეორდა, არაფერი მკითხა, გვარის ეტიმოლოგიაზე იყო საუბარი, – მახსოვს. მერე ხაშმამდე და რევაზ ინანიშვილამდეც მივედით. აბა, რა უნდა გკითხო, შენ ისეთი ქართული გეცოდინებაო,- გავოცდი მაშინ. მერე მივხვდი, კიდევ უფრო მეტს ნიშნავდა ეს სიტყვები, ვიდრე უბრალო შექებას. დღემდე მახსოვს ამ შექების „გემო“. ჰოდა, ახლა ხშირად ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებსაც გავუჩინო ამგვარი მოტივაცია, ვცდილობ, ხშირად შევაქო, მოვუწონო სულ მცირე აღმოჩენაც კი. მთავარი ხომ სწორედ ესაა. დავინახოთ ერთმანეთი უფრო ახლოს და დავაფასოთ ერთმანეთის სიკეთე. მოსწავლესთან ამგვარი დამოკიდებულება კი მისი წარმატების საწინდარია.
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში დაიწყეთ პროფესიული კარიერა…
– 23 წლისამ მუშაობა დავიწყე თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში. იმ პერიოდში ბევრისგან გამიგია ასეთი გამოთქმა: შემთხვევით მოვხვდი სკოლაშიო. ბევრმაც მალე მიატოვა თავისი საქმიანობა… რთული იყო დასაწყისი. ჩემი სკოლაში მისვლის პერიოდი განათლების სისტემაში ცვლილებების პერიოდს, რეფორმას დაემთხვა. საინტერესო პერიოდი დაიწყო. სწავლებისა და სწავლის ახალი მეთოდები, საგრანტო პროექტები… ამ მოთხოვნებისთვის უნდა აგეწყო ფეხი… ვერ ვიტყვი, გამიჭირდა… როცა გიყვარს შენი პროფესია, საქმე და, რაც მთავარია, ბავშვები, აღარაა ძნელი.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ მასწავლებელი მუდმივ პროფესიულ ზრდასთან ერთად დროის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მინდა ვთქვა, რომ გამიმართლა კიდეც… ძალიან კარგ, ახალგაზრდულ კოლექტივში მომიწია მისვლა, ის ის იყო ყალიბდებოდა ახალი სკოლა. დირექტორიც განსაკუთრებულად გამორჩეული პიროვნება და პროფესიონალი აღმოჩნდა, თამაზ გამსახურდია, ყველასათვის სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება, ნამდვილი მენეჯერი და კოლეგა (სამწუხაროდ, ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან). ჯერ დიპლომიც არ მქონდა აღებული, გამესაუბრა და მაშინვე ამიყვანა. თავისი სამომავლო გეგმებიც გამაცნო. ასე დაიწყო პირველი ნაბიჯები…
ამ პერიოდში ახალგაზრდა მასწავლებელთა გაერთიანება შეიქმნა, რომლის აქტიური წევრი ვიყავი. ბევრი შემოქმედებითი და საქველმოქმედო საღამო ჩავატარეთ ერთად, გამოვავლინეთ ასევე შემოქმედი მასწავლებლები. დავაარსეთ შემოქმედ მასწავლებელთა სალონი, ვმართავდით პოეზიის საღამოებს, გამოფენებს. მაშინ თბილისის პედაგოგიურ ინოვაციათა ცენტრის ინიციატივით გამოდიოდა შემოქმედ პედაგოგთა პოეტური კრებული, სადაც ხშირად ვბეჭდავდი ლექსებსა და ჩანაწერებს..
– და ეს ყველაფერი ხდებოდა უმძიმეს 90-იან წლებში…
– დიახ, პრობლემა უამრავი იყო… სასურსათო მაღაზიებთან გრძელი, დამქანცავი რიგები, უტრანსპორტობა, უშუქობა, ცივი საკლასო ოთახები… არც ტექნოლოგიებითა და ინვენტარით ვიყავით განებივრებულები. მასწავლებლებსაც ხომ შეეხო ეს ყველაფერი, თუმცა, მოსწავლისათვის არ უნდა გეგრძნობინებინა ეს. და, როგორც შემეძლო, მეც და ჩემი კოლეგებიც ვცდილობდით, მათთვის გაგველამაზებინა სასკოლო ცხოვრება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტი საინტერესო პროექტი, ღონისძიება სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის.
ამავდროულად, ვმონაწილეობდი განათლების სამინისტროს კონფერენციებსა და პროექტებში. ცნობილი პროექტი იყო „ვახტანგ მეექვსე“ (ჩემს მოსწავლეებმთან ერთად „შუშანიკის წამების“ ტექსტის ვებგვერდი გავაკეთეთ. მახსოვს, რა სიყვარულითა და მონდომებით მუშაობდნენ ბავშვები. ამისათვის სკოლა დიპლომითა და პროექტორით დაჯილდოვდა. იმ პერიოდში ხომ საჯარო სკოლაში ერთი პროექტორიც არ იყო).
ამას მოჰყვა სასკოლო ღონისძიებები, რომლის უშუალო ხელმძღვანელი ვიყავი. „ფარდის მიღმა“, წიგნიერების ამაღლების თვალსაზრისით კითხვის სხვადასხვა პროექტი, მწერალთა კვირეულები… მათ შორის განსაკუთრებით კარგად მახსოვს „ქართული სიტყვის ველი“, რომელიც წერისა და მეტყველების კულტურის ამაღლებას ემსახურებოდა და ბევრი საინტერესო აქტივობა იყო გაერთიანებული. შემდეგ ეს პროექტი განათლების სამინისტროს ერთ-ერთ კონკურსში („იდეათა ბაზრობა“) მოხვდა და მრავალი სხვ.
– სასკოლო პერიოდს ემთხვევა თქვენი სცენარები ლიტერატურული სპექტაკლებისთვის…
– სცენარები უშუალოდ იწერებოდა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. საოცარი მოწონება ხვდა მაგ: რევაზ ინანიშვილის „ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში“, გოდერძი ჩოხელის „შემინახე, დედაო მიწავ“, აფხაზეთის თემაზე: „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“…
გამორჩეულად მახსოვს „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო კვირეულები, გამოფენები და ლიტერატურული სპექტაკლი „თინათინის გამეფება“. საოცარი ენთუზიაზმით თამაშობდნენ ბავშვები და მონაწილეობდნენ სპექტაკლებში. ეს კიდევ უფრო ზრდიდა მათ მოტივაციას და აკადემიურ მაჩვენებლებს.
სცენარებს ვწერდი და ვწერ არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. მახსოვს მაშინ ხშირად იმართებოდა მასწავლებელთა კონკურსები: „მღერიან და ხუმრობენ მასწავლებლები“, ასევე სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით პროექტები. მე და ჩემი მეგობრები, მასწავლებლები ხშირად ვმონაწილეობდით და, ძირითადად, გამარჯვებულები ვბრუნდებოდით. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევდა ახალგაზრდა პედაგოგებს.
– ერთი ამბავი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაიხსენეთ – სამწუხაროდ, უკვე გარდაცვლილ პოეტზე – თემურ ჩალაბაშვილზე…
– გული მწყდება თემურ ჩალაბაშვილის ასე უდროოდ გარდაცვალების გამო… წლების წინ, 53-ე სკოლაში, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მასწავლებელთა მონაწილეობით პროექტი მიმდინარეობდა. მე და ჩემს მეგობრებს ოდნავ დაგვაგვიანდა და წინა შესარჩევი რეპეტიცია ვერ გავიარეთ… უარი გვითხრეს მონაწილეობაზე. გულდაწყვეტილები უკან უნდა წამოვსულიყავით, რომ უცებ ლამაზ ქართულ ახალუხში გამოწყობილი მგოსანი შევნიშნე… ბევრი არ მიფიქრია და პირდაპირ ჩემი სცენარით მასთან მივედი… თან გულდაწყვეტილი ვუხსნიდი, როგორ მქონდა გაცოცხლებული გრიშაშვილისა და ფიროსმანის თბილისი სცენარში… ყურადღებითა და ღიმილით მისმენდა… მერე სცენარს გადაავლო თვალი.. ჩემს მეგობრებსაც შეხედა… თქვენ თუ არა, აბა, ვინ უნდა გამოვიდეს სცენაზეო, – დაუძახა ღონისძიების ორგანიზატორს და გადაწყვეტილება შეაცვლევინა…
რა თქმა უნდა, გამოვედით, ვიმღერეთ და წავიკითხეთ ლექსები, იმაზე მეტიც მოვინდომეთ, რაც შეგვეძლო… იმ დღის გამარჯვებულებიც აღმოვჩნდით და, იმ საღამოს, გამარჯვების ნიშნად, ჟიურისა და სტუმრებთან ერთად ერთ მოკრძალებულ რესტორანშიც მიგვიწვიეს, სადაც ბატონი თემური თამადა იყო… მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევხვედრივარ, სხვადასხვა დროს, თუმცა, ის დღე და საღამო დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის… არასოდეს დამავიწყდება, როგორ წაიკითხა მირზა გელოვანის „თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი, სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა”… თავადაც სხვანაირი იყო… მისი უშუალობა და გულწრფელობა, თანადგომა და ღიმილი დღემდე მახსოვს..
– ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, პერიოდულ პრესაში დროდადრო აქვეყნებთ ლიტერატურულ და მეთოდური ხასიათის წერილებს.
– სულ ცოტა ხნის წინ, რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 97-ე წლისთავთან დაკავშირებით თქვენი ჟურნალ „ანეულის“ ნომერში დაიბეჭდა ჩემი წერილი – „მე ჩემი რეზო ინანიშვილი მყავდა“..
გავიხსენებ წინა პერიოდის წერილებსაც: „პედაგოგი პროფესიონალი და კარგი აღმზრდელი უნდა იყოს,“ „მასალები საკლასო დისკუსიისათვის“, „ფიქრები ბარათაშვილის მერანზე“, „ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი“, „სულს გაფხავება უნდა ქასურით“ და სხვ. ამაზე უნდა შევჩერდე.
ეს წერილი („სულს გაფხავება უნდა ქასურით“) წლების წინ დაიწერა, გოდერძი ჩოხელის „გაღმივლების“ მიხედვით ჩატარებული ღია-სამოდელო გაკვეთილების მიხედვით. მაშინ ჯერ კიდევ დამწყებ პედაგოგად მოვიაზრებოდი. დღეს რომ ვუკვირდები, წლების შემდეგ, უკვე საკმაო გამოცდილების ფონზე, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, კომპლექსური დავალებების ჭრილში თუ განვიხილავთ, იმ პერიოდში ეს იყო წინმსწრები გაკვეთილი თავისი მიდგომებითა და აქტივობებით. ასეც შეფასდა და კიდეც დაიბეჭდა „ახალ განათლებაში“ და კიდევ რამდენიმე გაზეთში. შემდეგ ეს იყო. დამირეკა ერთმა ახლობელმა და მითხრა: გოდერძი ჩოხელს სურს შენთან გასაუბრებაო… და, თავიდან ვერც დაველაპარაკე. მესაუბრა,მადლობა მითხრა და საუბარი ასე დაამთავრა: რომ იცოდე ამდენი არც მიფიქრია ამ მოთხრობის შექმნაზე, რაც შენ გიფიქრია მის განხილვასა და და შესწავლაზეო“… დამეთანხმებით, ალბათ, ამის დავიწყება შეუძლებელია და უდიდესს სტიმულს გაძლევს. არც ის დამავიწყდება, გაკვეთილის ჩატარების შემდეგ ერთ-ერთმა კოლეგამ ცრემლიანი თვალებით რომ მითხრა: ახლა ზუსტას ვიცი, როგორ ვასწავლო მოთხრობა ჩემს შვილიშვილსო. მე კი ვიტყოდი:
ნიჭიერი შემოქმედის სწორი გაგება და მისი სამყაროს გახსნა ხომ სწორედ სიტყვიერების მასწავლებლის მთავარი მისიაა. და, მეც ვცდილობ, ქართული ლიტერატურის თითოეული გაკვეთილი იყოს გზა მშვენიერებისა და სინათლისაკენ, თუნდაც ერთი ნაბიჯი მოზარდის ზნეობრივი სრულყოფისაკენ.
– რას ნიშნავს, იყო მასწავლებელი?
– აი, ახლა უკვე წლებია, რაც სკოლაში ვასწავლი და ვთვლი, რომ მასწავლებლობა, გარკვეულწილად, მოსწავლესთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად მიღებული გამოცდილებაა. თითოეულ მოსწავლესთან გავლილი წუთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია…
ჩემი აზრით, მასწავლებელი, პირველ რიგში, პროფესიონალი და კარგი აღმზრდელი უნდა იყოს. მან უნდა შეძლოს მოსწავლის სულიერი სამყაროს დანახვა, მისი შინაგანი სამყაროს შეცნობა. სხვა შემთხვევაში, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ვერ შედგება. დავიმოწმებ ცნობილ გამონათქვამს: „ხელოვნებათა შორის ყველაზე რთულად და მნიშვნელოვნად ახალგაზრდობის აღზრდა მიმაჩნია. მწერლობას სიტყვასთან აქვს საქმე, მხატვრობას – ფერთან, მუსიკას – ბგერასთან, მასწავლებელს კი – მოზარდის სულთან, მის ფსიქიკასთან, ხასიათთან. ქვისგან ადამიანის სახის გამოკვეთა ალბათ უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანის სულისაგან პიროვნების გამოძერწვა“ (პ. ამონაშვილი).
– დღევანდელი თაობის პრობლემაა, რომ წიგნს დაშორდა… თქვენ როგორ ახერხებთ, რომ ისინი დაინტერესდნენ წიგნით?
– ასე გრძელდება დღემდე. დღევანდელ სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს უკვე, ციფრული საუკუნის ხანაში, თავად ქმნიან მოსწავლეები საოცარ პროექტებს, აუდიო და ვიდეოკლიპებს, პრეზენტაციებს… თუმცა, მუდმივად ვცდილობთ, წიგნს არ დავშორდეთ. სულ ვცდილობ შემოქმედებითად შევხედო ჩემს საქმიანობას… ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავთ „დედა ენის“ დღეებს, ვაწყობთ კალიგრაფიის კონკურსს, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს. მაგ: ბოლოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის” ფარგლებში ჩავატარეთ სოციალური კამპანია – „არა ბარბარიზმებს“ და სხვ.
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დღევანდელი თაობა მაინც დაშორებულია წიგნს, ამიტომ სულ ვცდილობ, წიგნიერების მიზნით, ისეთი პროექტების შეტანას ბავშვებთან, რომლებიც კითხვის სურვილს გაუღვიძებენ, წიგნთან დააახლოვებენ მათ… ხშირად ვატარებთ ინტერაქტიურ გამოკითხვებს, დებატებს. ვუყურებთ ფილმებს, ერთად დავდივართ თეატრებში. ერთად ვაწყობთ პოეზიის დილებს, კლასიკოსებთან ერთად ვაცნობ თანამედროვე მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, ხშირად სკოლაშიც ვიწვევთ მათ. ახლა, ხანდახან ჩემს ლექსებსაც ვუკითხავ მათ. ვერ წარმოიდგენთ, რა კარგი გრძნობაა, როდესაც გისმენენ და გიწონებენ ამას პატარა მეგობრები. ისინი ხომ საოცრად გულწრფელები არიან.. ერთმა ვიდეოკლიპიც შექმნა ჩემს ლექსზე.. ახლა სხვებსაც გაუჩნდათ ეს სურვილი და ამას ისეთი სიყვარულით აკეთებენ…
– როგორ დაიწერა მოთხრობა „სინთეზური წერტილი“, რომელმაც რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში გაიმარჯვა?
– რაც შეეხება, რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსს. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჟურნალ „ანეულს“, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ყოველთვის გულდასმით ვათვალიერებ და ვცდილობ, არ გამომრჩეს არცერთი ნომერი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვთქვა მადლიერება სარედაქციო ჯგუფის მიმართ. ზოგადად, ვთვლი, რომ ეს ჟურნალი დღეს დიდ საქმეს აკეთებს, ავლენს და მიმართულებას აძლევს ბევრ დამწყებ პოეტსა და შემოქმედს. წელს გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო მასში. მოთხრობა „სინთეზური წერილი“ სწორედ ამ კონკურსისთვის შეიქმნა. ის მხატვრულ-დოკუმენტური ხასიათისაა და ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრების ერთ ეტაპს ასახავს. სულ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა რამ და, ვფიქრობ, გამომივიდა. შესაძლოა, სხვა დროს კიდევ განვავრცო ეს თემა, რამდენადაც ამოუწურავია თავისი პრობლემატიკითა და აქტუალობით.
კონკურსი გამარჯვების განცდა დღემდე მომყვება, ეს ხომ წარმატებისა და კმაყოფილების ის შეგრძნებაა, რომელიც ერთგვარ სტიმულს გაძლევს, მეც ერთგვარად გამიძლიერდა სურვილი წერის გაგრძელებისა. კიდევ ერთხელ მადლობა, კონკურსის ჟიურის ასეთი შეფასებისათვის. არ დამავიწყდება ასევე ჩემი მოსწავლეების, კოლეგების, მშობლების, ახლობლების თითოეული კომენტარი და გულწრფელი სიტყვები.მადლობა მათ ასეთი შეფასებისათვის. ამ დამოკიდებულემა ერთგვარი პასუხისმგებლობაც გამიღვიძა, შევქმნა უფრო ღირებული და საინტერესო, რასაც მოელის ნამდვილი მკითხველი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები, მართლაც ბევრია, როგორც შემოქმედებითი კუთხით, ასევე ჩემი პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით. მსურს ჩემს მოსწავლეებთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო. გარკვეული იდეები უკავშირდება რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს.
როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე წელია სოფელ ხაშმში გაიხსნა მწერლის მუზეუმი. ჩემი მიზანია, სულ უფრო მეტმა ბავშვმა და ადამიანმა მოინახულოს იგი. შესაძლებელია, მისი პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტიც გაკეთდეს. გარდა ამისა, სოფელი ხაშმი ცნობილია სხვა ღირსშესანიშნაობებით და კომპლექსურად შეიძლება სხვა საინტერესო აქტივობების ჩართვაც . ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.
მახსოვს, ერთ-ერთი პროექტი „მასწავლებელი ყველა ბავშვს სჭირდება“ (საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალური კამპანია განათლებისათვის“ ეგიდით) ითვალისწინებდა მასწავლებლის დოსიეს შექმნას და მასთან ინტერვიუს. ჩემმა მოსწავლეებმაც (ელენე იჩქითმა და მეკა მურვანიძემ) მოამზადეს და ჩაწერეს ინტერვიუ ჩემთან („ახალ განათლებაში“ დაიბეჭდა), მახსოვს ბევრ საინტერესო კითხვასთან ერთად ასეთიც:
როგორ ფიქრობთ, დადგება დრო, როცა მასწავლებელი მოსწავლეს აღარ დასჭირდება?
სულ ვფიქრობ, რატომ დასვეს ეს კითხვა ბავშვებმა. ამის მიზეზი მაშინაც და ახლაც ბევრია. პასუხი კი ცალსახად ერთია: – რა თქმა უნდა, არა!… რაც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, რაც არ უნდა დღის წესრიგში დადგეს ხელოვნური ინტელექტის თემა, მასწავლებელს ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს!
მე დღემდე ჩემს მთავარ მოვალეობად და საქმედ სწორედ მოსწავლეებთან მუშაობა მიმაჩნია. წლების შემდეგ არ განელებულა ის ენთუზიაზმი და სიყვარული, რაც თავიდან მქონდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, მე ახლა „ჩემს ელემენტში“ ვარ… წლებმა გამოცდილება და პროფესიონალიზმი შემმატა, თაობებმა – სიახლეებისადმი სწრაფვა და მიმღებლობის უნარი.
ასე რომ, სკოლაში, ბავშვებთან, მუდმივად ახალგაზრდა ხარ!
თამარ შაიშმელაშვილი