ომის ერთადერთი ქართველი ქალი ფოტოგრაფი – ნინო ჯორჯაძის ისტორია
ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ქალი ფოტოგრაფია. ის, ასევე, არის ომის ერთადერთი ქართველი ქალი ფოტოგრაფი.
ნინო დაიბადა 1884 წლის 15 დეკემბერს, ცნობილი მეღვინის, ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში; ჰყავდა ძმები – ალექსანდრე და გიორგი.
1902 წელს დაამთავრა თბილისის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი.
1902-1908 წწ. სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ პანსიონში, ვენის კონსერვატორიაში, შემდეგ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში ფორტეპიანოს განხრით.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1910 წელს ბათუმი-მარსელის რეისით, ზღვით გაემგზავრა საფრანგეთში ფრანგული ენის დასახვეწად (მოგზაურობა აღწერა დღიურებში).
1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს და დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ნინომ თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გაიარა მოწყალების დის კურსები და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე ის ფრონტის ხაზზე მოხალისედ წავიდა. მსახურობდა სარიყამიშის საევაკუაციო პუნქტში, შემდეგ კავკასიის წითელი ჯვრის II მოწინავე რაზმში.
ნინო ჯორჯაძე არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი. არანაირი ტექნიკური განათლება მას არ მიუღია და ფოტოგრაფია, ასევე, ფოტოგრაფიით გატაცებული ძმისგან შეისწავლა.
მთელი სამი წლის განმავლობაში, მას თან დაჰქონდა ძმის, პორუჩიკ (მეფის რუსეთის არმიაში ოფიცრის ჩინი) გიორგი ჯორჯაძის ნაჩუქარი „კოდაკი“ და ფოტოფირზე ასახავდა ფრონტზე მიმდინარე მნიშვნელოვან მომენტებს. ასე მოხვდა მის ობიექტივში: პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებები, ბრძოლის შემდგომი სცენები, დევნილთა და მეომართა პორტრეტები, ტიფის ეპიდემია და მისი შედეგები, დანგრეული ინფრაქსტრუქტურა, ომით დაზარალებულ დევნილთა გადაადგილება… მისი ნამუშევრები ფასდაუდებელია ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში.
ნინო ჯორჯაძემ 300-ზე მეტი ფოტო გადაიღო. თითოეულ ფოტოს მისივე ხელით მინაწერი ტექსტი აქვს თანდართული. წერდა დღიურსაც („სულის დღიური“).
ფოტოალბომმა და დღიურმა ერთად პირველი მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტის სრული სურათი ასახა.
კარგ ფოტოგრაფობასთან ერთად, ნინო ჯორჯაძე, ასევე, გახლდათ სანიმუშო მოწყალების და, რომელიც ბრძოლის ველზე გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV (1915) და III (1916) ხარისხის მედლებით.
ახალგაზრდა ქალი ფრონტიდან 1917 წელს დაბრუნდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჯორჯაძეების ოჯახი იდევნებოდა. ნინო თავს ირჩენდა ფრანგულის გაკვეთილებით. უმეტესად ცხოვრობდა კახეთში, საბუეს მამისეულ სახლში, 1950-იანი წლებიდან კი თბილისში, თავისი ახლო ნათესავის, ჟურნალისტ ელისაბედ ბაგრატიონის ოჯახთან ერთად.
გარდაიცვალა 1968 წელს. დაკრძალულია ჯორჯაძეების საგვარეულო სასაფლაოზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში.
2015 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას – „კავკასიის ფრონტი ნინო ჯორჯაძის ფოტოობიექტივში“. გაიმართა ასევე პრეზენტაცია წიგნ-ალბომისა „ქართველი ქალის თვალით დანახული პირველი მსოფლიო ომი“, რომელშიც წარმოდგენილია ნინოს მიერ 1914-1917 წლებში გადაღებული ფოტოსურათები და ფრაგმენტები დღიურიდან.
ფოტოსურათებთან ერთად, პირველად გამოიფინა მისი წერილები, დოკუმენტები, სიგელები, დღიურები და პირადი ნივთები. ასევე, ფოტოსურათები საოჯახო არქივიდან, რომელიც რესტავრირებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო-ქაღალდის სარესტავრაციო ლაბორატორიის მიერ.
მისი მდიდარი მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანი როგორც ისტორიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით, ინახება ალექსანდრე ბაგრატიონის ოჯახში.
ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ნინო ჯორჯაძე გამორჩეული ფოტოგრაფია, რომელმაც ურთულეს სინამდვილეში იცხოვრა, შექმნა ომის ამსახველი მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარი მატიანე. მასში გაერთიანდა შემოქმედებითად მოაზროვნე პიროვნება, ქალი და დოკუმენტალისტი, რომელმაც იმ ეპოქაში შეუცვლელი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ფოტოგრაფიის განვითარებისათვის.