ნაკიანი წელიწადი – ისტორია, ცრურწმენები და ფაქტები
ოთხ წელიწადში ერთხელ თებერვალს კიდევ ერთი დღე ემატება. 29 თებერვალი იმისთვისაა საჭირო, რომ კალენდარული დღეები ასტროლოგიურს ემთხვეოდეს. დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნს 365 დღესა და 6 საათში ასრულებს, შედეგად კი, რამდენიმე წელიწადში დამატებით ერთი „ზედმეტი“ დღე გროვდება. წელიწადს, რომელშიც 366 დღეა, ნაკიანს უწოდებენ.
ბევრი ადამიანი ნაკიან წლებს უიღბლოდ მიიჩნევს. მსგავსი ცრურწმენა ჩვენთან, სავარაუდოდ, აღმოსავლური კულტურიდან მოვიდა, რადგან იქ რიცხვი ოთხი (ნაკიანი წელიწადიც ხომ ოთხ წელიწადში ერთხელ არის) ზუსტად ისე ჟღერს, როგორც სიტყვა „სიკვდილი“. ამავდროულად, სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაკიან წელს სასიამოვნო სიურპრიზებიც მოაქვს, თუ კარგზე ფიქრობ და არ გეშინია.
ცრურწმენების თანახმად, ნაკიანი წლის განმავლობაში, სამუშაოს შეცვლა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ ადგილას თავს ვერ დაიმკვიდრებთ. ასევე, არ არის მიზანშეწონილი საკუთარი ბიზნესის დაწყება ან ახალი სახლის შეძენა. ცრუმორწმუნე ადამიანებს რემონტის გაკეთებისაც კი ეშინიათ. და რაც მთავარია, ახლობლების გარდა, არავის უნდა უთხრათ თქვენი გეგმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ შესრულდება. თქვენ, ასევე, უნდა მოერიდოთ შინაური ცხოველების ყოლას, მოგზაურობას და დაქორწინებას.
2024 წლის 25 თებერვლიდან 29 თებერვლამდე ცაზე კლებადი მთვარის დანახვა იქნება შესაძლებელი. ასტროლოგიაში მიჩნეულია, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ყოველი ეტაპი განსხვავებულ გავლენას ახდენს ადამიანზე. ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია სავსემთვარეობისა და ახალი მთვარის დღეებში, თუმცა კლებადმა მთვარემ შეიძლება, რაღაც მოულოდნელი შემოიტანოს ადამიანის ცხოვრებაში.
29 თებერვალს დაბადებულთათვის შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა არა მხოლოდ 29 თებერვალს, არამედ 28 თებერვალს და ასევე, 1-ელ მარტს. თუ ადამიანი დაიბადა დილის 6 საათამდე, მას დაბადების დღეს აღნიშვნა შეუძლია 28 თებერვალს; თუ საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე – 1 მარტს; ხოლო, მათ, ვინც დაიბადა 29 თებერვლის დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე, დაბადების დღის აღნიშვნა შეუძლიათ შემდეგი სქემით: ორჯერ 28 თებერვალს და მესამე წელიწადს – 1-ელ მარტს.
ზოგიერთი ასტროლოგი თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც 29 თებერვალს დაიბადნენ, დაჯილდოებულები არიან ინდივიდუალურობითა და ნიჭით.
29 თებერვალი გრიგორიანული კალენდრის მე-60 დღეა ნაკიან წლებში. ამ დროს წლის ბოლომდე დარჩენილია 306 დღე. ეს დღე ემატება ყოველ მეოთხე წელს, გარდა იმ წლებისა, რომლებიც იყოფა 100-ზე, მაგრამ არ იყოფა 400-ზე. ამგვარად, 2000 და 1600 ნაკიან წლებად ითვლება, ხოლო 1900, 1800 და 1700 – არა.
წარმოგიდგენთ 29 თებერვალს მომხდარ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ისტორიიდან:
- 1288 – შოტლანდიაში დააწესეს, რომ ამ დღეს ქალს შეუძლია კაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ კაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს;
- 1504 – კოლუმბმა მთვარის დაბნელებით ისარგებლა იამაელი ინდიელების დასაფრთხობად;
- 1712 – შვედეთში 29 თებერვალს 30 თებერვალი მოყვა, რათა დაესრულებინათ შვედური კალენდრიდან იულიუსის კალენდარზე გადასვლა;
- 1952 – კუნძული ჰელგოლანდი გერმანიის მფლობელობაში დაბრუნდა;
- 1940 – ფინეთმა ზამთრის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო;
- 1960 – მაროკოში მიწისძვრას 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა;
- 1964 – სიდნეიში ავსტრალიელმა მოცურავე დაუნ ფრეიზერმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (58.9 წმ.);
- 1996 – ანდებში კატასტროფა განიცადა პერუს ბოინგ 737-მა, დაიღუპა 123 ადამიანი.