თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა’’ გაიმარჯვა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კომპანია, ,,ხმალაძე არქიტექტორებმა გაიმარჯვა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს.
,,თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება.
კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა” თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. მათ შორის შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები”,- წერია ინფორმაციაში.