ელენე ზურაბიშვილი – საფრანგეთის აკადემიის პირველი ქალი მდივანი
ლენინის, სტალინისა და ხრუშჩოვის ბიოგრაფიების, საბჭოთა კავშირის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორს, ელენ კარერ დ’ანკოსს „სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებენ. 1990 წელს სამეცნიერო წრეებში მისი დიდი აღიარების ნიშნად, კარერ დ’ანკოსი საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1999 წელს – მუდმივ მდივნად, რის შედეგადაც საფრანგეთის აკადემიას, მისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე პირველად, სათავეში ქალი მოექცა.
ელენეს ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი პროფესიით იურისტი იყო, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. ამავე დროს იყო ნაყოფიერი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე. მისი მეუღლე გახლდათ ნიკო ნიკოლაძის უფროსი ასული, ნინო ნიკოლაძე. წყვილს სამი შვილი შეეძინა – არჩილი, გიორგი და ლევანი.
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ივანე საფრანგეთშიც აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის თავმჯდომარედ. აქვეყნებდა პოლიტიკურ წერილებს, კითხულობდა მოხსენებებს ქართველ მწერლებზე. მისი სამივე ვაჟიც ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი გახდა.
ელენ კარერ დ’ანკოსი დაიბადა 1929 წლის 6 ივლისს, პარიზში, გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში. დედის მხრიდან, ორლოვების შთამომავალია. წყვილი მალე განქორწინდა და ელენი დედასთან იზრდებოდა. ამით აიხსნება, რომ ქართული არ იცოდა, თუმცა მამის ოჯახთან ურთიერთობა მუდმივად ჰქონდა.
ელენმა წარჩინებით დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. მოიპოვა დიპლომი და შემდეგ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ამავე ინსტიტუტში იგი ხელმძღვანელობდა უმაღლესი ციკლის სწავლებას სსრკ–ის შესახებ, ამავე დროს იკავებდა საფრანგეთის სახელმწიფო პოლიტიკური მეცნიერების ფონდაციაში უფროსი მკვლევრის თანამდებობას. აქ წარმოებული გამოკვლევები რუსეთის დიდ ეროვნულ მოძრაობებზე მან რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა.
1972 წელს გამოიცა ელენ კარერ დ’ანკოსის კაპიტალური შრომა: „საბჭოთა კავშირი ლენინიდან სტალინამდე: 1917–1953.“ ნაშრომი დაწერილია ყველა აქამდე ცნობილი პირველწყაროს საფუძვლიან ანალიზზე დაყრდნობით და იმდენად გასაგები ენით, რომ საინტერესო რომანივით იკითხება.
როგორც საბჭოთა კავშირის საკითხების იშვიათი მცოდნე, ელენი მიწვეული იყო გაზეთ „ფიგაროს“ თანამშრომლად, რომლის ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილები საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაზე.
1976 წლის მაისში სორბონის უნივერსიტეტში ელენ კარერ დ’ანკოსმა ბრწყინვალედ დაიცვა სახელმწიფო დოქტორის ხარისხი თემაზე: „ბოლშევიკები და ეროვნებები 1929 წლამდე“. ეს სადისერტაციო ნაშრომი მალე დაიბეჭდა. მასში საქართველოს საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ელენმა საფრანგეთის მოქალაქეობა 1950 წელს მიიღო. 1952 წელს კი ლუი კარერ დ’ანკოსზე იქორწინა და სამი შვილი შეეძინა.
ელენ კარერ დ’ანკოსი ლექციებს კითხულობდა სორბონის უნივერსიტეტში, პარიზის პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში; მიღებული აქვს საპატიო დოქტორის რამდენიმე წოდება, არის მრავალი სამეცნიერო პრემიის ლაურეატი.
გარდა იმისა, რომ ის ხელმძღვანელობდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას (ანუ „უკვდავთა აკადემიას“, როგორც მას უწოდებენ), იყო – ბელგიის, რუსეთისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების წევრი. 1992 წელს ეკავა მრჩევლის პოსტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, მონაწილეობდა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების დემოკრატიზაციის პრინციპების დამდგენი კომისიის მუშაობაში. 1994–1999 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო. 1998 წელს დაინიშნა საფრანგეთის ეროვნული საბჭოს წევრად ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა განვითარების დარგში.
რამდენჯერმე აქვს მიღებული საპატიო ლეგიონის სხვადასხვა ხარისხის ორდენი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2004 წელს რუსეთის პატრიარქმა, ალექსი II–მ მიანიჭა პრემია “მართლმადიდებელ ხალხთა გაერთიანებისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის“.
ელენის ვაჟი ემანუელ კარერი ცნობილი მწერალია.
ელენ კარერ დ’ანკოსი გარდაიცვალა 2023 წლის 5 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური არქივის კომისიას.
„მისმა ურყევმა მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა დიპლომატიური არქივის ფასდაუდებელი დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და პოპულარიზაცია პოლიტიკური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სასარგებლოდ“, – აღნიშნული იყო საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.
სამწუხაროა, რომ ელენს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, რისთვისაც ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი.