რისი ჭამა უყვარდათ დიქტატორებს
მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკი დიქტატორების საყვარელი კერძები, ალბათ, ბევრ თქვენგანს დააინტერესებს. ვიქტორია კლარკისა და მელისა სკოტის წიგნი – „დიქტატორების ვახშმები: ცუდი გემოვნების გზამკვლევი ტირანების გასართობად“ – ავლენს გასაოცარ ფაქტებს დიქტატორების ცხოვრების შესახებ, მათ შორის, სუფრის მანერებს, კვების ჩვევებსა და მოწამვლის შიშებს.
კიმ ჩენ ირს უყვარდა ზვიგენის ფარფლებისა და ძაღლის ხორცისგან დამზადებული სუპები, ასევე ქონი. ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ფიქრობდა, რომ ძაღლის ხორცის წვნიანი მას უფრო მამაკაცურს ხდიდა. გარდა ამისა, კიმ ჩენ ირი „ჰენესის“ კონიაკის დიდ თაყვანისმცემლად ითვლებოდა.
სანამ კორეელები შიმშილობდნენ, ლიდერს ჰყავდა სპეციალურად გაწვრთნილი ქალთა დიდ ჯგუფი, რომელიც ამოწმებდა, რომ მის თეფშში ბრინჯის ყველა მარცვალი ნამდვილად იგივე ზომის, ფორმისა და ფერის იყო.
ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და სიცოცხლის ბოლოს მხოლოდ კარტოფილის პიურესა და ბულიონს ჭამდა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მისი ვეგეტარიანული დიეტა იდეოლოგიური მოტივებით იყო განპირობებული, მაგრამ ითვლება, რომ მას სჯეროდა, თითქოს, ხორცისგან თავის შეკავება ქრონიკულ შებერილობასა და ყაბზობასთან ბრძოლის საშუალება იყო.
მას ისე ეშინოდა მოწამვლის, რომ 15 დეგუსტატორისგან შემდგარი ჯგუფი ჰყავდა. საჭმელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამდა, თუ არცერთი მათგანი არ მოკვდებოდა ჭამიდან 45 წუთში.
სსრკ-ის ლიდერ იოსებ სტალინს ძალიან უყვარდა მშობლიური ქართული სამზარეულო, რომელშიც დომინირებდა ნიგოზი, ნიორი, ქლიავი, ბროწეული და ღვინო. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას უყვარდა სუფრები, რომლებიც შეიძლებოდა, საათების განმავლობაში გაგრძელებულიყო. კომპლექსური მენიუ შეფმზარეულების მთელი გუნდის მიერ მზადდებოდა.
იტალიის დიქტატორ ბენიტო მუსოლინის უყვარდა უბრალო სალათი წვრილად დაჭრილი ნივრით, ზეითუნის ზეთითა და ახალი ლიმონის წვენით. მუსოლინი, რომელმაც დააარსა ფაშისტური პარტია იტალიაში და ააშენა ტოტალიტარული სახელმწიფო, ამჯობინებდა, სახლში ეჭამა, მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. სადილი მუსოლინის სახლში მკაცრად განსაზღვრულ დროს კეთდებოდა. ყველა მაგიდასთან უნდა დამსხდარიყო და სავსე თეფშებით, ოჯახის უფროსს დალოდებოდა.
უგანდის ყოფილ დიქტატორს, გენერალ იდი ამინს უყვარდა შემწვარი თიკანი, მანიოკას ფესვები და ფეტვის პური. ის, ასევე, ჭამდა დღეში 40 ფორთოხალს და თვლიდა, რომ ეს „ბუნებრივი ვიაგრის“ როლს ასრულებდა. მოგვიანებით, როდესაც საუდის არაბეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა, სიამოვნებით ჭამდა KFC-ის ქათამს და პიცას. იდი ამინს ჰქონდა პერიოდი, როდესაც მას ყველაფერი ბრიტანული შეუყვარდა, რის გამოც ჩაის სმა დაიწყო. დადიოდა ჭორები მის კანიბალიზმზეც.