აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის როლი საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში

ვახტანგ მაისაია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი.

ამა წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები და მასში დამაჯერებლად, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 93%-ით, გაიმარჯვა ილჰამ ალიევმა,  რაშიც ეჭვი არავის  ეპარებოდა. მისი გამარჯვების პოლიტიკურ ფორმულას შეადგენს ის გარემოება, რომ ილჰამ ალიევმა, 2003 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის პირველად აირჩიეს ქვეყნის ლიდერად, შეძლო „კავკასიური გეოპოლიტიკური სასწაულის“ მოხდენა და აჩვენა აზერბაიჯანის მაგალითზე, რომ ჩვენს რეგიონში შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, მოქნილად და ეფექტურად ეროვნული პოლიტიკური სისტემის გამართვა, პოლიტიკური კრიზისების დაძლევა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ამაღლება (სულ მცირე, რეგიონულ უსაფრთხოების ფარგლებში – რეგიონული ლიდერის პოზიციების დაკავება). ილჰამ ალიევის მიერ გატარებული პოლიტიკური რეფორმები და ქვეყნის თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის კონტურების ახალი მოდელი დაეფუძნა მის პროფესიონალურ განათლებას და  სტრატეგიული აზროვნების დონეს. იგი საერთაშორისო ურთიერთობების მაღალი აკადემიური დონის სპეციალისტია და მან კარგად გაითავისა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ამაღლების საქმეში უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებას, რომელიც წარმატებით განხორციელდა ბოლო 10 წლის განმავლობაში – მისი მაგალითია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური აკადემიის მოდერნიზება და მისი ევროპული დონის პროფესიონალი დიპლომატების სამჭედლოდ გადაქცევა. ამას გარდა, აზერბაიჯანის მიერ საგარეო პოლიტიკაში „ბალანსირების“ კურსის აღებამ და სტრატეგიული პარტნიორების სწორად შერჩევის პრინციპმა (აქ იგულისხმება ასევე საქართველოც, რომელთანაც აზერბაიჯანმა გააფორმა „გეოეკონომიკური ალიანსის“ ხელშეკრულება ყაზახეთის და თურქეთის ჩართულობით) შექმნა ნაყოფიერი პოლიტიკური „ნიადაგი“ შემდეგი კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად:

  • „მთიანი ყარაბაღის სეპარატიზმის“ აღმოფხვრა და მისთვის სათანადო ისტორიული ადგილის მიჩენა;
  • ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, მათ შორის, შვიდი ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლება, რაც კარგი მაგალითია სხვა საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებისთვის, რომლებსაც ანალოგიური სახის პრობლემა გააჩნიათ;
  • ეროვნული თავდაცვის სისტემის რეფორმა, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გარდაიქმნენ ერთ-ერთ, საუკეთესოდ შეიარაღებულ და მოდერნიზებულ არმიად მსოფლიოში;
  • ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და მისთვის ახალი „გეოეკონომიკური ჰაბის“ სტატუსის მინიჭება ე.წ. „საშუალოდ სატრანზიტო კორიდორის“ ტრანსკასპიური მარშრუტების განვითარების მეშვეობით;
  • ახალი სახის კონსტიტუციის დამტკიცება და პოლიტიკური რეფორმების გატარება

2003 წლიდან კიდევ უფრო გამყარდა და გახდა სტრატეგიული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომელსაც ხელი შეუწყოს ილჰამ ალიევის მიერ განხორციელებულმა არაერთმა ნაბიჯმა ამ მიმართულებით. საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობებს გააჩნია თავისი ისტორია, საერთო ეროვნული ინტერესების ურთიერთგადაკვეთა და ასევე მყარი გეოპოლიტიკური საფუძვლები, რომლებიც ეფუძნება სამ ძირითად: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ბაზისს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ორივე ქვეყანა მდებარეობს ისეთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ სივრცეში, როგორიცაა კავკასიის რეგიონი და აღნიშნული არეალი წარმოადგენს ორივე ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ექზისტენციონალურ გარემოს. ამიტომაც, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პირობების განხილვამდე, აუცილებელია, წარმოჩნდეს აღნიშნული არეალის, იგულისხმება კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება, რაობა და მნიშვნელობა და ის, თუ როგორ გადაიქცა ის ამ ორი ქვეყნის მთავარ „შემკვრელ“ გეოპოლიტიკურ ერთეულად. ამავე დროს, ორივე სახელმწიფოს სტრატეგიული ერთიანობის განმამტკიცებელ გარემოებას შეადგენს ასევე ისტორიული მეგობრობის საფუძველი და ერთიანი კავკასიური „სახლის“ მშენებლობის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო გამოთქმული ერთიანი კავკასიური კონფედერაციული გეოპოლიტიკური ერთეულის დაარსება. სწორედ ამ ისტორიული იდეის რეგენირება განახორციელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 2010-2020 წლებში. საგულისხმოა, რომ 1920 წლის აპრილში თბილისის კონფერენციაზე აზერბაიჯანის მხარემ ამიერკავკასიის კონფედერაციის შექმნის წინადადებაც კი წამოაყენა. მომზადდა „ურთიერთშორისი დამოკიდებულების მუდმივი საერთაშორისო ორგანოს“ – „ამიერკავკასიის საბჭოს“ დებულების პროექტი, რომლის დანიშნულებად კონფერენციის მონაწილეებს რეგიონის უსაფრთხოება, სუვერენიტეტის განმტკიცება და სადავო საკითხების გადაჭრისათვის ხელშეწყობა წარმოედგინათ[1]. შემოთავაზებულ წინადადებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა მინისტრმა – ევგენი გეგეჭკორმა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ კონფედერაციის იდეას პრინციპში ვიწონებთ, ამიტომ, მისი განხორციელების მომხრენი ვართო“, თუმცა, საქმე რეალურად ადგილიდან არ დაძრულა, მაგრამ უშუალოდ იდეა დარჩა, როგორც მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკური ინიციატივა. შემდგომში მოცემული იდეა კიდევ უფრო განვითარდა, მათ შორის, საბჭოთა კავშირის მიერ კავკასიის რეგიონის ოკუპაციის და ორივე დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსიის შემდეგაც. ამიტომაც, საერთო გეოპოლიტიკური გენეზისის პირობებში აღმოცენებული სტრატეგიული მეგობრობისა და მოკავშირეობის ფაქტორები, ზოგად კონტექსტში, შეიძლება, განისაზღვროს შემდეგი მომენტებით:

  • საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიდგომები სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბების საქმეში (მხედველობაშია ასევე ისტორიული ფენომენი, როდესაც ქ. თბილისში 1918 წლის მაისში გამოცხადდა ორივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტები);
  • საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევების არსებობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის შებღალვა გარე ძალების მხრიდან – მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აღნიშნული ფენომენი გამოიხატება ტერმინით: „სეპარატიზმი“ და მისი პოლიტიკური შიგთავსი ორივე ქვეყნისთვის არის, სამწუხაროდ, კარგად ცნობილი;
  • კავკასიის რეგიონის უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც პირობითად შეიძლება, გამოიხატოს, როგორც  „სარკისებრი სივრცის“ პრინციპით, თანაბარი წვდომა საზღვაო არეალებამდე – შავი ზღვა საქართველოს მხარე, კასპიის ზღვა აზერბაიჯანის მხარე, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი საკომუნიკაციო გზა ორ ზღვას შორის;
  • პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ წამოყენებული, ახალი, რეგიონული უსაფრთხოების განმამტკიცებელი სამშვიდობო „კავკასიური საერთო კონფედერაციის“ იდეა, რაც გამოიხატება ერთიან გეოკულტურულ, გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკური საერთო კავკასიური იდენტურობით, რომელიც კიდევ უფრო ზრდის ასეთი მეგობრობის ხარისხს. ამ კუთხით საინტერესოა, განიხილებოდეს „ცენტრალური კავკასიის“ იდეა, რომელიც სწორედ ქართველმა და აზერბაიჯანელმა მკვლევრებმა შეიმუშავეს და დანერგეს, როგორც საინტერესო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მოდელი თანამშრომლობისა და სტრატეგიული მეგობრობის განვითარებისთვის (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ);
  • საერთო თავდაცვითი პოლიტიკის ხასიათის ინტერესები და საერთო სამხედრო საფრთხეების არსებობა (ძირითადად, ასიმეტრიული ხასიათის: საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერტერორიზმი, სეპარატისტული და დაქირავებული მებრძოლების დილემა, სტრატეგიული ენერგოუსაფრთხოების ობიექტების ფიზიკური მოწყვლადობა, ნარკოკარტელური და კრიმინალური სინდიკატები და ა.შ.). ამავე დროს, ორივე ქვეყნის ინტერესებში გარე ძალების სამხედრო ბაზების არ განთავსება რეგიონის მასშტაბით.

ამგვარია ის კონკრეტული ინდიკატორები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გეოპოლიტიკური ასპექტები და რეგიონული უსაფრთხოების სტაბილურობის საქმეში საერთო წვლილის შეტანაც, ასევე, წარმოადგენს ასეთ აუცილებელ წინაპირობას და რეგიონის დემილიტარიზაცია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის განვითარებული მეგობრული ურთიერთობები, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, მოიცავს ისტორიულ საფუძვლებს და ვითარდება იმ დროიდან, როდესაც ორივე აქტორმა ერთდროულად გამოაცხადა საკუთარი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში (1918 წლის 26 მაისი და 28 მაისი) და მე-20 საუკუნის ბოლოს (1991 წლის 9 აპრილი და 30 აგვისტო). თუმცაღა, ამ პერიოდიდან მოყოლებული, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული თანამშრომლობა მარტო არ განისაზღვრება წმინდა პოლიტიკური ურთიერთობების ფაქტორებით, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ საკვანძო საფუძველს, არამედ მოიცავს უფრო ფართო მასშტაბებს. ამიტომაც, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ასეთი თანამშრომლობის სამი პლატფორმა, რომელიც აუცილებელია, განიხილებოდეს ისტორიული ანალიზით კონტექსტში და ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ერთი მათგანი:

საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეოეკონომიკური სტრატეგიული პლატფორმა: საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების როგორც პოლიტიკური, ისევე – როგორც ეკონომიკური საფუძველი გადის კონკრეტული სახის თანამშრომლობის კონტურებს. აზერბაიჯანისთვის მოცემულ თანამშრომლობას გააჩნია სტრატეგიული გეოეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც დაკავშირებულია კასპიის ზღვის ენერგორესურსების ათვისებისა და მათი ტრანზიტის პირობების უზრუნველყოფაში. რაც შეეხება საქართველოს, რომელიც ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანისთვის, ის წარმოადგენს საკვანძო აქტორს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში, ასევე, ეკონომიკური და გეოეკონომიკური პროექტის განხორციელების კუთხით. საქართველოს არ აქვს ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, საკმარისი ექსპორტისთვის. მაგრამ ეს არის კარიბჭე აზერბაიჯანისთვის საექსპორტო ბაზრებზე (მილსადენები + ზღვა პორტები). 2007 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება შეადგენდა 1,8 მილიარდ კუბურ მეტრს. თუმცა, ბოლო წლებში საქართველომ მოახერხა, აღმოეფხვრა მისი დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე გაზრდილი ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავებით და ბუნებრივი აირის წყაროების ხელმისაწვდომობა აზერბაიჯანიდან. გარდა ამისა, მთელი რუსული გაზის ექსპორტი სომხეთში გადის საქართველოს მილსადენის სისტემაზე. საქართველო ამ გაზის 10%-ს ტრანზიტის სახით აგროვებს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს აქვს 400 ტონაზე მეტი, ქვანახშირის რესურსი. შავი ზღვის სანაპირო აჭარაში მიიჩნევა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა შეიცავს 8,5 მილიარდი კუბური გაზის დიდ საბადოებს. საქართველოს მთავარი როლი მსოფლიო წიაღისეულის მომარაგებაში ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტის როლი იყო, ასევე, გაზის გადაზიდვები კასპიის რეგიონიდან მსოფლიო ბაზრებზე. ცენტრალური კავკასიის ენერგორესურსების უმრავლესობა მდებარეობს აზერბაიჯანში, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოსთვისაც არის პოზიტიური, რადგანაც მის ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის მილსადენები. მათ შორის გამოსაყოფია სამი დიდი ნავთობისა და გაზის საექსპორტო მილსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-სუფსა („დასავლეთის ადრეული ნავთობიმარშრუტი“) მილსადენები. რეგიონის ფარგლებში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს ენერგომარშრუტები სომხეთის მიმართულებით, აზერბაიჯანთან არსებული პოლიტიკური და გეოსტრატეგიული პრობლემების გათვალისწინებით (სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანული მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის ფაქტორი). საქართველო ბუნებრივ აირს სამი ძირითადი სატრანზიტო კომუნიკაციური ქსელით იღებს – მილსადენი – ორი აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან (ერთი ბაქო-თბილისი-ერზრუმიდან, მეორე კი ვლადიკავკაზი-თბილისის მილსადენი) და მესამე სარეზერვო წარმოადგენს მილსადენს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც გამოყენებული იქნა 2007 წელს.

საინტერესო კუთხით განიხილება საქართველო-აზერბაიჯანის გეოეკონომიკური თანამშრომლობა, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ისტორიული ასპექტი. კერძოდ, პირველი სამრეწველო დანიშნულების 12,5 კმ სიგრძის მილსადენი კავკასიაში 1878 წელს აშენდა ბაქოს ნავთობსარეწების მომსახურებისთვის, 1890 წელს ბაქოს საბადოს უკვე 38 სხვადასხვა მილსადენი ემსახურებოდა, საერთო სიგრძით 300 კმ. ტრანსრეგიონული მილსადენის ინტენსიური მშენებლობა იწყება მე-20 საუკუნეში. 1907 წელს, ძმები ნობელების მიერ  დაარსებული კომპანიის ინიციატივით, აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 883 კმ საერთო სიგრძის 8-დიუმიანი (203 მმ) დიამეტრის მილსადენი, რომელიც გათვალისწინებული იყო ნავთობის მისაწოდებლად ბაქოს სარეწებიდან ბათუმის საზღვაო პორტამდე. სწორედ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ორი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან ფაქტორს.

აქვე შეიძლება, გამოიყოს ორმხრივი სტრატეგიული მეგობრობის გეოპოლიტიკური ასპექტები, რომელიც  დაფიქსირდა კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში. საუბარი ეხება შემდეგს – 1919 წლის იანვარში საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციები ერთობლივად გაემგზავრნენ, როგორც ერთიანი კავკასიური დელეგაცია, პარიზში საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა ახალი საერთშორისო უსაფრთხოების სისტემის, ანუ  „ვერსალის’სისტემის“ დაფუძნებას და წარადგინეს ერთობლივი წინადადება, რომლის თანახმადაც კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება უნდა დაფუძნებულიყო კავკასიურ სახელმწიფოთა კავშირზე ერთა ლიგის პროტექტორატის ქვეშ. უკვე 1920 წლის 11 იანვარს კი  ანტანტის უმაღლესმა საბჭომ, ლორდ კერზონის ხელმძღვანელობით, აღიარა საქართველო და აზერბაიჯანი დე ფაქტოდ და ორივე დელეგაცია მთლიანი შემადგენლობით მიიწვიეს საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე.

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრულ ურთიერთობებს აქვს ისტორიული საფუძვლები და მათ განვითარებას გააჩნია მრავალმხრივი რაკურსი. ორივე ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას ასევე აქვს რეგიონული უსაფრთხოების კონტურები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეროვნული ინტერესების ჰარმონიზაცია. ამგვარ, რეგიონული უსაფრთხოების ფორმატს წარმოადგენს ცენტრალური კავკასია, რომელიც შეიძლება, განიხილებოდეს ასეთი ორმხრივი თანამშრომლობის გეოპოლიტიკურ არეალად.

 [1] ოთარ ჯანელიძე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2018 წელი, გვ.240-241.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები