ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა – ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას კლინიკის ექიმებს აკისრებენ

ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა, ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას კლინიკის ექიმებს აკისრებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა, ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის მიღების შემდეგ, პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. მათივე თქმით, ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს დაიღუპა. ისინი შესაბამის უწყებებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

კლინიკის ადმინისტრაცია ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ. ბათუმის სამედიცინო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება“,- აცხადებენ კლინიკაში.

დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება,  “კვირა” ამ საკითხის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საკითხის დაზუსტების შემდგომ, განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები