ალასანიას ვაჟმა წვევამდელის ფიცი დადო – მინისტრი მეუღლესთან ერთად მშობლების რიგში (ვიდეო)
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 72 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა.
ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ. კრწანისის სასწავლო ცენტრში მშობლის სტატუსით იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე. ისინი რიგითი ნიკოლოზ ალასანიას ფიცის დადების ცერემონიალს პირადად დაესწრნენ.
ღონისძიების შემდეგ, მშობლებს საშუალება ქონდათ წვევამდელებს გასაუბრებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა და მისმა მეუღლემ ნიკოლოზ ალასანიას და დანარჩენ წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება სამი კვირის განმავლობაში ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიარეს. ამ ხნის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტოპოგრაფია, საცეცხლე მომზადება, სამხედრო წესდება და ტაქტიკა. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისი“-ს დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ერთი წლის განმავლობაში ბაზის დაცვის ფუნქციებს შეასრულებენ.
დღესვე, „კრწანისში“ გამოფენა მოეწყო, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hORJlnkMghg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]