ფიროსმანის საერთაშორისო ტურნე დასრულდა

ფიროსმანის საერთაშორისო ტურნე დასრულდა. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, თითქმის ერთი წლის შემდეგ ნიკო ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი საქართველოში დაბრუნდა და ისინი კვლავ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
„განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარუდგენს ხელოვანის 20-მდე ნამუშევარს, მათ შორის მის შედევრებს: „მეთევზე წითელ პერანგში“, „ჟირაფი“, „აქტრისა მარგარიტა“, „ორთაჭალის ტურფები“ და სხვა.
2023-2024 წლებში ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხმა საგამოფენო ცენტრმა უმასპინძლა. დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გაიმართა ჩრდილოეთ ევროპაში მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა. ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევარი ოთხი თვის განმავლობაში 250 000-მა დამთვალიერებელმა ნახა.
ამის შემდეგ ექსპოზიციამ გადაინაცვლა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში.
ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ორ მნიშვნელოვან გამოფენაზეც – „ავანგარდი საქართველოში. 1900-1936“ (სახვითი ხელოვნების ცენტრი „ბოზარი“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმი).
დამთვალიერებელს განახლებული ექსპოზიციის ნახვა 13 თებერვლიდან შეეძლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები