ისრაელელმა სამხედროებმა რაფაში ოპერაციის შედეგად ორი მძევალი გაათავისუფლეს

ღაზას სექტორის სამხრეთით ქალაქ რაფაში “ჰამასის” ორი მძევლის გათავისუფლების ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა მოქალაქეების ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.

როგორც IDF-ის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, სამხედროებმა “პროფესიონალური და ზუსტი ოპერაცია” ჩაატარეს და ფიზიკურად დაიცვეს 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი.

ჰაგარის ინფორმაციით, “ჰამასს” მამაკაცები ერთ-ერთ ბინაში ჰყავდა, სადაც პოლიციის ელიტარული დანაყოფის – “იამამის” წევრებმა ადგილობრივი დროით 01:49 საათზე შეაღწიეს და მამაკაცებს “საკუთარი სხეულებით გადაეფარნენ”.

მისივე ინფორმაციით, მიმდებარე რაიონში “ჰამასის” წინააღმდეგ დარტყმები განხორციელდა.

მან თქვა, რომ ამ დროისთვის “ჰამასის” ტყვეობაში კიდევ 134 მძევალი რჩება და თითოეულ მათგანს მიმართა, “თუ ახლა გესმით ჩემი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ სახლებში დაგაბრუნოთ და არ გავუშვებთ ამის არცერთ შესაძლებლობას”.

თავის მხრივ, მომხდართან დაკავშირებით განცხადება “ჰამასმა” გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ის ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ისრაელმა დღეს რაფაში მოაწყო, აშშ-ის მიერ ნეთანიაჰუსთვის მწვანე შუქის მიცემის შედეგია”. მათივე მტკიცებით, ოპერაცია “გენოციდური ომის” და პალესტინელი ხალხის ძალადობრივი გადაადგილების გაგრძელებაა.

თავდაპირველად, “ჰამასის” ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით კი რიცხვი 100-მდე გაზარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები