ტრამპმა მოკავშირეები გააკრიტიკა, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებებზე უარი განაცხადეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი მოკავშირეები გააკრიტიკა, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტაციისთვის სამხედრო გემების გაგზავნის შესახებ მისი მოთხოვნა უარყვეს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ისინი არასაკმარისად ლოიალურები იყვნენ აშშ-ის მიმართ, მას შემდეგ, რაც ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების მხარდაჭერას იღებდნენ.

„მრავალმა ქვეყანამ მითხრა, რომ გზაში არიან. ზოგიერთი [ქვეყანა] ამას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, ზოგი კი – არა. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით. ჩვენ მათ საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრამპმა.

მოგვიანებით ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ქვეყნების სიას მომავალში წარადგენს.

„არიან ქვეყნები, სადაც 45,000 [ამერიკელი] ჯარისკაცია – საუკეთესო ჯარისკაცები – გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს.

ხოლო როდესაც გვაინტერესებს: გყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები? – გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა პოტენციურ საზღვაო მისიას „ძალიან უმნიშვნელო“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი ტანკერების მიმართულებით ჭურვების სროლას აგრძელებს.

მანვე დასძინა, რომ წინასწარ იცოდა – ამერიკელი მოკავშირეები შეერთებულ შტატებს მხარს არ დაუჭერდნენ.

„მე ყოველთვის მწვავედ ვაკრიტიკებდი სხვა ქვეყნების დაცვის პოლიტიკას, რადგან ვიცი, ჩვენ კი დავიცავთ მათ, მაგრამ დახმარება ჩვენ თუ დაგვჭირდა, ისინი გვერდით არ დაგვიდგებიან. ეს უკვე დიდი ხანია ვიცი“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები