ანა მონტესი – ცივი ომის ყველაზე ცნობილი ჯაშუში
დაახლოებით, 1 წლის წინ, 20 წელზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ, აშშ-ში გაათავისუფლეს ანა მონტესი, ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში. მონტესი, რომელიც ახლა 66 წლისაა, მუშაობდა ანალიტიკოსად პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოში და ჯაშუშობდა კუბის სასარგებლოდ.
2001 წელს, მისი დაპატიმრების შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მან თითქმის მთლიანად გაამხილა აშშ-ის დაზვერვის ოპერაციები კუნძულზე. მათი თქმით, მონტესი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში აგენტი, რომელიც ოდესმე დაუკავებია ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს. მან დიდი ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს. მიშელ ვან კლივმა, კონტრდაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2012 წელს კონგრესს განუცხადა, რომ მონტესმა კუნძულზე ამერიკელი აგენტების ყველა საქმიანობის კომპრომეტირება მოახდინა.
„კუბელებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, რაც ჩვენ მათ შესახებ ვიცოდით და შეეძლოთ ამის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება. გარდა ამისა, მას შეეძლო გავლენა მოეხდინა კუბაში სიტუაციის შეფასებაზე კოლეგებთან საუბრისას და ასევე იპოვა შესაძლებლობა, მიეწოდებინა ინფორმაცია“, – თქვა ვან კლივმა.
დაპატიმრების შემდეგ მონტესი დაადანაშაულეს 4 ამერიკელი მზვერავის პიროვნების გამჟღავნებაში და უამრავი გასაიდუმლოებული საბუთის გახსნაში. მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ განაცხადა, რომ თავისი ქმედებებით მან ეჭვქვეშ დააყენა მთელი ამერიკელი ერის უსაფრთხოება.
განსხვავებით ცივი ომის სხვა ცნობილი ჯაშუშებისგან, ანა მონტესს იდეოლოგიური მოსაზრებები ამოძრავებდა და არა – პირადი სარგებელი. მას არ მოსწონდა, როგორ მოქმედებდა რონალდ რეიგანის ადმინისტრაცია ლათინურ ამერიკაში. ძირითადად, ამან აიძულა ის, კუბელ მზვერავებთან შეკრულიყო.
აშშ-ის თავდაცვის გენერალური ინსპექტორის ანგარიშში ნათქვამია, რომ მონტესი შეძრწუნებული იყო მხარდაჭერაში, რომელსაც ამერიკელები უწევდნენ „კონტრას“ – მემარჯვენე მეამბოხე ჯგუფს, რომელიც ეჭვმიტანილია ნიკარაგუაში საომარ დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში.
ანგარიშის თანახმად, 1984 წელს ანას მიმართა მისმა თანაკურსელმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით მას გააცნეს კუბელი დაზვერვის აგენტი. მონტესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე დასთანხმდა კუბელებს, დახმარებოდა ნიკარაგუას.
მომდევნო წელს მონტესი ჰავანაში გაემგზავრა ჯაშუშობის შესასწავლად, ხოლო შემდეგ სამსახური დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში, სადაც საბოლოო ჯამში, მიაღწია კუბის მთავრობის მთავარი ანალიტიკოსის თანამდებობას.
თითქმის, 20 წლის მანძილზე ის ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ ხვდებოდა კუბელ კურატორს ვაშინგტონის რესტორნებში და გადასცემდა მათ სრულიად საიდუმლო ინფორმაციას. ახალ დავალებებს მას რადიოკავშირის მეშვეობით აძლევდნენ.
2001 წლის სექტემბერში, როდესაც დააკავეს – აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენელი კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.