როგორ ცხოვრობდნენ სექსმუშაკები 100 წლის წინ
1912 წელს გადაღებული ეს შავ-თეთრი ფოტოები გვიჩვენებს, როგორ ცხოვრობდნენ ახალი ორლეანელი სექსმუშაკები 100 წლის წინ. ფოტოგრაფმა, ერნესტ ბელოკმა ათობით ფოტო გადაიღო სტორივილის ბორდელებში, რომელიც ერთადერთი ლეგალიზებული „წითელი ფანრების“ კვარტალი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში, სანამ 1917 წელს დახურავდნენ
სტორივილი „წითელი ფანრების“ შემოსაზღვრული რაიონი გახლდათ და 16 კვარტალს იკავებდა. ის ცნობილი ფრანგული კვარტლის გვერდით მდებარეობდა ახალ ორლეანში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ადვილად აკონტროლებდა და არეგულირებდა სექსმუშაკების მუშაობას.
კვარტალის სტუმრებს – ძირითადად, ისინი მეზღვაურები იყვნენ – შეეძლოთ შეეძინათ „ლურჯი წიგნაკი“, სადაც ანბანის მიხედვით იყო ჩამოწერილი 700-ზე მეტი მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალის სახელები, მისამართები და პარამეტრები. იქ ასევე მითითებული იყო სახლის და მომსახურების აღწერა შესაბამისი ფასებით.
20-წლიანი მუშაობის შემდეგ – 1897-დან 1917 წლამდე – აშშ-ის საზღვაო ფლოტმა მოითხოვა, რომ სტორივილი დახურულიყო. ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ის ცუდ გავლენას ახდენდა როგორც საზოგადოებაზე, ისე – მეზღვაურებზე.
ახალი ორლეანის ხელისუფლება წინააღმდეგი იყო კვარტლის დახურვის. მას შემდეგ, რაც ის დაიხურა, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკანონო ბორდელების გახსნა დაიწყო.
ამ ფოტოების გამოქვეყნებიდან 50 წელზე მეტი გავიდა. კოლექცია გამოფენილი იყო ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 1970 წელს.
აღსანიშნავია, რომ ეს ბელოკის ერთადერთი შემონახული ფოტოებია.