„მან აიძულა ისინი, გვამებზე ფეხით ევლოთ და კბილებით ამოეძიძგნათ ხორცი“ – ამბები პეტრე I-ზე
პეტრე დიდს 4 წლიდან ესმოდა, რომ მამამისი მამამისი არ არის. იქნებ სწორედ ამიტომ, რუსების ეს ალბათ ყველაზე ცნობილი მეფე გახდა ისეთი, როგორიც გახდა.
პეტრეს, სამეფო ტრადიციისთვის სრულიად უცნაურად, ეჯავრებოდა ნადირობა, ქალები, გართობა და მხიარულება, სამაგიეროდ, ძალიან უყვარდა კითხვა, შემეცნება და მედიცინა.
ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში, როცა მან ევროპელი მასწავლებლებისგან სტომატოლოგია და გვამის გაკვეთა ისწავლა, პირველ ექსპერიმენტებს კარის დიდებულებზე ატარებდა – აცლიდა მათ ჯანსაღ კბილებს და აიძულებდა, გვამის გაკვეთას დასწრებოდნენ (ისტორიკოსი აღწერს ფაქტს, როცა ზოგიერთმა დიდგვაროვანმა გააპროტესტა ეს ამბავი, პეტრემ აიძულა ისინი გვამებზე ფეხით ევლოთ, მერე კი კბილებით ამოეძიძგნათ გვამიდან ხორცი ისე, როგორც ამას ველური ნადირი აკეთებს).
პეტრეს დაუოკებელი სწრაფვა ჰქონდა სამხედრო საქმის მიმართ და სწორედ მის დროს, ასევე ქართველი ბაგრატიონის დახმარებით, შეიქმნა პირველი და იმ დროს უძლიერესი არტილერია, დაიხვეწა და საოცარ დონემდე ავიდა გემთმშენებლობის წარმოება, გაძლიერდა ჯარი.
მეფეს უცნაური ლტოლვა ჰქონდა ყველაფერი ევროპულისკენ. როცა მან ნახა ვერსალი, მოინდომა თვითონაც ჰქონოდა ასეთი და მოიწვია იმ დროის საუკეთესო არქიტექტორები საფრანგეთიდან, გადაუხადა მათ წარმოუდგენლად დიდი ფული და დაიწყო რუსეთის ხელოვნურად “გაევროპულება”.
მაგრამ რაც გარეგნულად იყო დასავლური, ის შინაგანად დარჩა მონღოლური – პეტრეს პარანოიდული შიში ჰქონდა, რომ ტახტიდან ჩამოაგდებდნენ. სწორედ ამ შიშების გამო, მან საკუთარი შვილიც კი დასაჯა, როცა უფლისწულმა გაბედა და შვედეთში, ისტორიულად მტრულად განწყობილ ქვეყანაში დაუკითხავად იმოგზაურა.
პეტრე სჯიდა ყველას – შინაურს და გარეულს. ის ხშირად ამბობდა – ბიძაჩემი და მისი ოჯახის წევრები საკუთარმა ნათესავებმა ციხის ქონგურიდან ვირთხებივით გადაყარეს, ისინი არ იყვნენ მეფეები, წარმომიდგენია, რას უზამენ მეფეს რუსები, ცოტა რომ მოვადუნო ყურადღებაო.
და არც ადუნებდა. ეს განათლებული და მეცნიერი მეფე (ვინც ძალით გაპარსა რუსეთი) იყო საოცრად დაუნდობელი და შეუვალი ყველას მიმართ, ვისაც არ ენდობოდა.
პეტრე კი ერთადერთ ადამიანს, ცოლს, მართა სკავრონსკაიას (ეკატერინე პირველს) ენდობოდა. ფრანგი ისტორიკოსები წერენ, რომ სიგიჟისა და პარანოიალური შემოტევების დროს, პეტრეს მხოლოდ ცოლი ამშვიდებდა, მხოლოდ ამ ქალს შეეძლო დაემშვიდებინა ქმრის რისხვაც და ნერვებიცო.
მართას ამბავი კონკიასა და ფილმ “ლამაზმანის” ცოტა უფრო მძიმე ვარიანტია. ლატვიელი ქალი რუსებმა ჩაიგდეს ტყვედ. ის ცოტა ხნით პოლკოვნიკის საყვარელი იყო, მერე კი, რაღაცაზე გაბრაზებულმა სამხედრომ, გლეხის გოგო ჯარისკაცებს მიუგდო და ნება დართო მასთან ყველა, ყველა სამხედრო დაწოლილიყო.
არ ვიცი, რა გაძლება ჰქონდა საწყალს, მაგრამ გადარჩა და სამხედრო წვრთნებისას იმპერატორმაც კი შეამჩნია, შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა. ქალი მონათლეს და ის გახდა იმპერატრიცა ეკატერინე პირველი.
პეტრეს მამობის სათუოობის ამბავს ალექსეი ტოლსტოის მიაწერენ, ვითომდა მან რაღაც ამბავს მიაგნო, აჩვენა სტალინს, იმან უთხრა “დავუტოვოთ რუსებს ერთი საკუთარი მეფე მაინცო” და ეგეთები, მაგრამ ამ ამბავს დიდი მიგნება არც სჭირდებოდა, ამაზე ფრანგი, გერმანელი და სომეხი ისტორიკოსები რაღაც-რაღაცებს ისედაც წერდნენ.
ჰენრი ტროიატის ვერსიით, პეტრეს მამა ეპისკოპოსი ტიხონი იყო. ისტორიკოსი წერს, ერთხელ სიმთვრალეში (პეტრეს მაგრად უყვარდა სმა, რატომღაც) უკითხავს ტიხონისთვის, მართლა შენ ხარ მამაჩემი, თუ არაო? მგონი ამას იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ ტიხონს საკუთარი შვილივით ყვარებია მეფე და მეფესაც, როგორც შეიძლება ვინმე ჰყვარებოდა, უყვარდა ტიხონიო.
მეორე ვერსიით, პეტრეს მამობას პატრიარქ ნიკონსაც აბრალებდნენ, თურმე.
ნიკონს ხალხი ანტიქრისტეს ეძახდა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ნიკონმა ძველრუსული ორი თითით პირჯვრის გადაწერა ახალი წესით შეცვალა. პეტრეს და ნიკონი მთლად ყველი-პურივით არ იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ უწმინდესი პატრიარქის დანახვაზე მეფეც და დედამისიც უცნაურად აჭარხლდებოდნენ ხოლმეო.
პეტრეს მამად ერეკლე ნაზარალიხანსაც ამბობენ. ამ ვერსიის მომხრეები ძირითადად ზომავენ და ზომავენ პეტრეს მამის, ალექსეის, მისი შვილებისა და პეტრეს სიმაღლეს.
ალექსეის სიმაღლე 165 სმ ყოფილა, მისი ყველა შვილი ან უფრო დაბალი, ან ოდნავ მაღალი იყო. იმ დროს, როცა პეტრე დაიბადა, რუსეთის მეფის კარზე ჩვენი ნაზარალიხანი რუს ქალებს ეკურკურებოდა. ის ყოფილა ძალიან თავდაჭერილი, მაგრამ მაგარი მექალთანე კაცი. ვარაუდობენ, რომ პეტრეს, როგორც ნებისმიერი ადამიანის დაბადებისთვის საჭირო ის მხარე, მხოლოდ ჩასახვისთვისაც რომ გამოდგება ხოლმე, დიდგვაროვანმა მილოსლავსკებმა შეარჩიეს. მათი სურვილი პრაგმატული ყოფილა – იმპერატრიცას და მერე მისი შვილის სრული შანტაჟი, მაგრამ ამან არ გაამართლა და კი ცვიოდა მათი თავები გვირილის ფურცლებივით.
ნაზარალიხანი ალექსეის და მისი ცოლის ქორწილშიც კი ყოფილა, უთამადია კიდეც და კაი მაგრადაც მოულხენია. რუსეთის მეფე მალე დაავადებულა და სანამ პეტრე დაიბადებოდა, წლინახევრით ადრე ლოგინადაც ჩავარდნილა, ისე მაგრად ჩავარდნილა, რომ მოსაშარდავადაც კი სხვისი ხელი სჭირდებოდა თურმე.
რაკი ფეხმძიმობა 9-10 თვეზე დიდხანს არ გრძელდება, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მამა ალექსეი ნაღდად არ იქნებოდაო, თან, უკვე ვთქვი, გაზომეს ისიც, მისი მანამდე დაბადებული ავადმყოფი და განუვითარებელი შვილებიც და “გვერდზე” გაკეთებული ბიჭიცა და გოგოც (რომლებიც, ასევე ავადმყოფები გაჩენილან).
და მეოთხე ვერსიად მაინც მეფე ალექსეი განიხილება. რაკი სახლში ჰყავდა ის სულცხონებული ნატალია ნარიშკინა, ჩემი გადმოსახედით, დიდი ვერაფერი, მაგრამ ალექსეი რომ გადარეულა და გაცოფებულა და ეგრევე ცოლად მოუყვანია ისეთი ქალი, რამეს მოახერხებდა და გვარს გააგრძელებდა, რამენაირად.
ასეა თუ ისე, DNA-ს ანალიზს ვეღარავინ ჩაატარებს, ამიტომ როგორც ებრაელები იტყოდნენ, ვინაა ნამდვილი მამა, ეს მხოლოდ ღმერთმა და დედამ იცის.
პეტრეს დედა კი კაი ხანია, მკვდარია.
გურამ მეგრელიშვილი