რა გზით აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში – რას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი
რა გზით აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობები საქართველოში – აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ბაჩა მგელაძემ ისაუბრა.
“ასაფეთქებელი მოწყობილობები კონტეინერის სახით შემოვიდა სახმელეთო საზღვრით საქართველოში. ასაფეთქებელი მოწყობილობები განთავსებული იყო ელექტრომობილის 2 აკუმულატორში. თითო აკუმულატორში მოთავსებული იყო 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაბამისი პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობით, C4-ით, რომლის კუმულატიური მუხტი აღემატება, თუ შევადარებთ, მაგალითად, ტროტილს.
მას შემდგომ, რაც ამ ე.წ. აკუმულატორებმა გადაკვეთეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ჩვენ მოვახდინეთ მისი ამოღება და ე.წ. მულაჟებით შეცვლა. ამის შემდგომ ანტიტერორისტული ცენტრი სრულად აკონტროლებდა ვითარებას და ჩვენი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა მთელი ოპერატიული ღონისძიებები. ჩვენ გავშიფრეთ სრული ქსელი, ვინ იყო საქართველოში მისი გამომგზავნი და თუ რა გზით ჩამოვიდა საქართველოში. როგორც გითხარით, მან რამდენიმე ქვეყანა გამოიარა, ტვირთი გამოიგზავნა ოდესიდან, გამოიარა რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთის ტერიტორია და შემდგომ მოხვდა საქართველოში.
ასევე, ჩვენ დავადგინეთ ის პირები, რომლებიც დახვდნენ ადგილზე ამ აკუმულატორებს, ახდენდნენ გარკვეული პერიოდი მის ტრანსპორტირებას, შემდგომ კი მოხდა მისი დაბინავება. ასევე, იდენტიფიცირებულია ის პირები, რომელთაც უნდა მოეხდინათ მისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. ასევე, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ის ზუსტი ადგილი, სადაც დაბინავებული იქნა ერთი კონტეინერი 3 ასაფეთქებელი მოწყობილობით,”- განაცხადა მგელაძემ “კურიერის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.