პაულინ პიკარდის იდუმალი გაუჩინარება
ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ათასობით ბავშვი იკარგება. მათ უმრავლესობას მალე პოულობენ, ზოგი იღუპება ან უკვალოდ ქრება ისევე, როგორც სოდერების შვილები. თუმცა, არის კიდევ უფრო უცნაური შემთხვევები, როგორიცაა 1922 წელს ორი წლის ფრანგი გოგონას, პაულინ პიკარდის გაუჩინარება. მშობლებმა, თითქოს, იპოვეს შვილი, მაგრამ მთელი უცნაურობა სწორედ ამის მერე დაიწყო.
აპრილის თბილ დღეს ორი წლის პაულინ პიკარდი ბრეტანში, მშობლების სახლის ეზოში თამაშობდა. ბავშვის მამა და დედა საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი და მხოლოდ ხანდახან უყურებენ ფანჯრიდან ქალიშვილს. 1922 წელი იდგა და სოფლად მანიაკებისა და ბავშვების გამტაცებლების შესახებ ხმები ხშირი ნამდვილად არ იყო. ამიტომაც, პიკარდების ოჯახს არ ადარდებდა ბავშვი, რომელსაც, მათი აზრით, ეზოში მხოლოდ წვიმა თუ დაემუქრებოდა.
როდესაც გოგონას დედამ კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯარაში, დაინახა, რომ ეზო ცარიელი იყო. პაულინის მშობლებმა რამდენჯერმე დაათვალიერეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, გამოკითხეს მეზობლები და როცა მიხვდნენ, რომ რაღაც სერიოზული მოხდა, პოლიციაში წავიდნენ. სამართალდამცავებმა სასწრაფოდ დაიწყეს ჩხრეკა, რომელშიც მოხალისეები ჩაერთნენ.
სამძებრო ჯგუფებმა მინდვრები და ტყეები შემოიარეს, ბეღლები და ჭები გამოიკვლიეს, მაგრამ ბავშვი, თითქოს, გაუჩინარდა. რამდენიმე კვირის წარუმატებელი ძიების შემდეგ, პაულინის მშობლები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ, მაგრამ როცა იმედი აღარ დარჩა, უცებ მოხდა „სასწაული“. ჩერბურგელი პოლიციელი შეხვდა გოგონას, რომელიც ზუსტად ჰგავდა პაულინს. მან ის ბავშვთა სახლში წაიყვანა და პოვნის შესახებ ხელმძღვანელობას შეატყობინა.
პოლიციამ უნუგეშო მშობლებს ნაპოვნი გოგონას ფოტო აჩვენა. მათ მაშინვე ამოიცნეს ბავშვი, როგორც მათი დაკარგული ქალი. 8 მაისს გაზეთმა, Le Matin-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ქალბატონ პიკარდთან. ქალმა ჟურნალისტებს აუწყა პაულინის სასწაულებრივი დაბრუნების შესახებ. ის და მისი ქმარი ჩასხდნენ მატარებელში და წავიდნენ ჩერბურგში ბავშვის ასაყვანად.
გოგონა სახლში დაბრუნდა და ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ გახლდათ. ნაპოვნმა ბავშვმა უცნაურად ქცევა დაიწყო. პაულინი, თითქოს, საერთოდ არ იცნობდა მშობლებს და მის დედმამიშვილებს, რომელთაგან ყველაზე უმცროსი თავად იყო. მოკლედ, გარეგნულად ის ნამდვილად პაულინი იყო, თუმცა ქცევა – მისგან ძალიან განსხვავებული.
გოგონას უცნაური საქციელის მიუხედავად, ყველა ბედნიერი იყო, რომ ის იპოვეს. ბევრი კითხვა იყო ამ ამბავში; მთავარი კი ის – ვინ გაიტაცა ბავშვი და როგორ აღმოჩნდა ჩერბურგში, სახლიდან 320 კილომეტრში. პოლიციამ საქმე არც ისე გულმოდგინედ გამოიძია, რადგან დაკარგული პირი იპოვეს და ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს იყო.
ამასობაში ბავშვი სახლში კვლავ უცხოსავით იქცეოდა, არ ესმოდა ადგილობრივი დიალექტი და განაგრძობდა მშობლების, ძმებისა და დების მორიდებას. მშობლებს ეჭვი გაუჩნდათ – ეს ნამდვილად მათი გოგონა იყო თუ არა?
27 მაისს მოხდა საშინელი შემთხვევა, რომელმაც კიდევ უფრო შეარყია პიკარდების ნდობა.
პიკარდების სახლიდან 800 მეტრში ტყის გზაზე მიმავალმა ველოსიპედისტმა გზის პირას პატარა გოგონას ცხედარი იპოვა. ცხედარს აკლდა ფეხები, ხელები და თავი. იქვე ლამაზად იყო დაკეცილი ბავშვის ტანსაცმელი. პაულინის მშობლები შეშინებულები იყვნენ, რადგან ქალიშვილის ტანსაცმელი ამოიცნეს.
ადგილი, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, აქამდე ბევრჯერ დაუთვალიერებია პოლიციასა და მოხალისეებს. ის აშკარად ახალი მიტანილი იყო. ნაპოვნ ცხედარს დიდი სტატია მიუძღვნა გამოცემა Le Petit Parisien-მა. ჟურნალისტებმა ერთი უცნაური მომენტი აღწერეს. ადგილობრივმა ფერმერმა, ივ მარტინმა, რომელსაც შეშლილად თვლიდნენ, პაულინის დედას ჰკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ მისი ქალიშვილი მართლაც იპოვეს. შემდეგ, პასუხს არ დაელოდა, მაშინვე წავიდა.
გვამიდან არც თუ ისე შორს აღმოაჩინეს თავიც, მაგრამ აშკარა გახლდათ, რომ ის ძალიან დიდი იყო ბავშვისთვის. პოლიციის ყველა მცდელობის მიუხედავად, გამოძიება ჩიხში შევიდა. ერთადერთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო ნათელი მოეფინა საიდუმლოებით მოცული მოვლენებისთვის, შეშლილი ივ მარტინი წარმოადგენდა, რომლის დაკითხვაც უშედეგოდ სცადეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგზავნეს.
პიკარდები შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ ჩერბურგელი გოგონა მათი ქალიშვილი არ იყო. ბავშვის ნამდვილი მშობლები ვერ იპოვეს და ის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. გზის მახლობლად ნაპოვნი ცხედარი პაულინ პიკარდის ნეშტად გამოცხადდა. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. ალბათ, ეს იყო სასტიკი მკვლელობა, ან, იქნებ, გოგონა ეზოდან გავიდა და თავს ძაღლები ან ტყის ცხოველები დაესხნენ… მაგრამ დაკეცა ტანსაცმელი? სამწუხაროდ, რა ბედი ეწია ბავშვს და ვინ იყო დამნაშავე, ეს, ალბათ, ვერასოდეს გაირკვევა.