რომეო და ჯულიეტას რეალური ისტორია, რომელმაც შექსპირი შთააგონა

ჰენრი რეზლი შექსპირის დიდი თაყვანისმცემელი და მეცენატი ყოფილა. ამ უკანასკნელს არაერთი პიესა მიუძღვნა ძვირფასმა ულიამმა, მაგრამ საინტერესოა, რომ თურმე სიყვარულის ცნობილი, ალბათ ყველაზე ცნობილი ისტორია „რომეოსა და ჯულიეტაზე“ სწორედ ჰენრი რეზლის და მის ცოლს, ელისაბედს უკავშირდება.

„ქალწული დედოფლის“ (სინამდვილეში, 9 ოფიციალური საყვარელი ჰყავდა) ელისაბედ პირველის კარზე დიდი რელიგიური შუღლი იდგა.

„სისხლიანი მერი”-ს დამარცხების მერე, მისი და ყველანაირად ცდილობდა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის არსებული დაპირისპირება ისე შეენიღბა, თითქოს ის წინააღმდეგი არ იყოს ვინმეს რწმენისა. ესპანეთში გაქცეულ პროტესტანტებს მოუწოდებდა კიდეც, დაბრუნებულიყვნენ სახლში. დასტურად იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, თავად პროტესტანტი ატარებდა კათოლიკურ რელიგიურ სიმბოლიკასაც.

თუმცა,  ეს იყო ფარსი, ყველამ იცოდა, რომ ეს ფარსი იყო, ამიტომ მხოლოდ უღარიბესი ფენის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქვეყანაში დაბრუნება, მდიდრები თავს იკავებდნენ.

და ამ დროს, ამ რელიგიური ფარსის პირობებში მოხდა აი, რა:

ლორდ ჰენრის შეუყვარდა დედოფლის პირისფარეში ელისაბედი, ჰერცოგ ვერნონის ქალიშვილი.

გოგოც არ იყო ფლირტის წინააღმდეგი და არანაირ ძალადობას ადგილი რომ არ ჰქონია ისე, ელისაბედი დაორსულდა (შემონახულია წერილები, სადაც ელისაბედი საყვარელ ადამიანს სთხოვს მოუტანოს მუცლის ასაკრავი საშუალება ორსულობის დასაფარავად).

თითქოს რა დაეწუნებოდა ჰენრის, წარმატებული ყმაწვილი იყო, კაი ოჯახიშვილი, მამა ცნობილი თამადა, მეომარი და ოხუნჯი, მაგრამ ჰენრი იყო კათოლიკე, ელისაბედი კი პროტესტანტი.

რაკი ორსულობა თავს დიდხანს ვერ მალავს, გაიქცნენ შეყვარებულები, მაგრამ რა გაიქცნენ…

ჯერ ჯვარი დაიწერეს, მერე კი შოტლანდიაში მოკურცხლეს, მაგრამ დედოფალმა ორივე დაიჭრა, ჰენრი დიდი ხნით, ელისაბედი კი მშობირობამდე ჩასვა ციხეში.

მიდგნენ, მოდგნენ ორივე ოჯახის მშობლები. აქეთ ჰენრისებმა, არ დაგვიღუპო შვილიო, იქით ელისაბედისმა, „ქალიშვილი აღარაა ჩვენი გოგო, ვიღა მოიყვანსო” და მოკლედ, მივიდნენ შეთანხმებამდე, შეთანხმება კი რამდენიმე ათასი ფუნტის გადახდა და რელიგიის შეცვლა იყო.

ჰენრიმ დათმო კათოლიციზმი და გახდა პროტესტანტი.

ალბათ, ამ ამბებს რომ უყვებოდა შექსპირს და ცოტა ხურდა ფულითაც ეხმარებოდა, დიდი ავტორის თავში უკვე იწერებოდა კაპულეტებისა და მონტეგების ამბავი (სხვათა შორის, ჰენრის დიდი ბაბუა მონტეგის ჰერცოგი იყო).

ეს ამბავი საყოველთაოდ გავრცელდა, იფიქრეს ესპანეთში გადახვეწილმა კათოლიკეებმა, აჰ, არ გველის ჩვენ იქ კაი დღეო, დააფინანსეს ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა და დანარჩენი ყველამ იცით.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები