უკრაინაში ქართული პროდუქციის იმპორტი გაიზარდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიას განცხადებით, უკრაინაში ქართული პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მინისტრის განცხადებითვე, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის იმპორტში უკრაინული პროდუქციის იმპორტის მოცულობა 2012 წლიდან გაიზარდა. ლაპარაკია საკონდიტრო ნაწარმის, ზეთისა და გაზიანი სასმელების იმპორტზე. ასევე მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა საქართველოდან უკრაინაში გატანილი პროდუქციის რაოდენობის მხრივ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს ორ ქვეყანას შორის სასოფლო–სამეურნეო საქონლის ტვირთბრუნვა 47,2 მილიონი დოლარით გაიზარდა და 400,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2012 წელთან შედარებით, საქართველოში უკრაინული პროდუქციის იმპორტი 29,6 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი, ხოლო უკრაინაში ქართული პროდუქციის იმპორტი 17, 6 მილიონი აშშ დოლარით არის მომატებული. ეს ძირითადად ხილს, ბოსტნეულს, თხილს, მინერალურ და მტკნარ წყლებს, ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს ეხება.