სტალინი ომისთვის მაშინ ემზადებოდა, როცა ამის რეალური საბაბი არ ჰქონდა?!

1935-1939 წლებში, ქალაქ კუიბიშევში, რომელსაც ახლა სამარა ჰქვია, დიდი მშენებლობა იყო გაჩაღებული და ამ სამშენებლო მოედნის დიდი ნაწილი მიწისქვეშ მიმდინარეობდა.

ამ მიწისქვეშა ქალაქში იყო საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, ქარხნები (რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს თურმე) და ასე შემდეგ.

ამ საიდუმლო სამშენებლო სამუშაოებს ჰქონდა კოდური სახელწოდება “ი. სტალინის სახელობის ვოლგის სამამულო ჰესი” (ასეთი ჰესი მართლა აშენდა ომის შემდეგ და კუიბიშევიდან 50 კილომეტრის მოშორებით, ზევით, ვოლგაზე).

ამ ქალაქის მშენებლობას საკითხზე მომუშავე ზოგიერთი ადამიანი მიაწერს პოსტრევოლუციურ პერიოდს, როცა საბჭოებმა ძალაუფლების სავარაუდო დაკარგვის შემთხვევაში, გამწარებული ხალხის რისხვისგან თავშეფარება აქ გადაწყვიტეს, მეორე, უფრო რეალური პერიოდი კი ზემონახსენები დროა, როცა სტალინმა, ცალი ხელით რომ რიბენტროპ-მოლოტოვის აქტზე ნებართვას აწერდა ხელს, მეორეთი ომისთვის ემზადებოდა და სწორედ ამ მიზნით, მოსკოვიდან საევაკუაციო ნახტომი სწორედ კუიბიშევში უნდა გაეკეთებინა.

გამოდის, რომ სტალინი ომისთვის მაშინ ემზადებოდა, როცა ამის რეალური საბაბი არ ჰქონდა?!

აშენებული მიწისქვეშა ქალაქი საბჭოებს მაგრად გამოადგათ, 1941 წლის ოქტომბერში, როცა გერმანელების დისციპლინირებული, მაღალტექნოლოგიური არმია მოსკოვს მიადგა, “კავებითა და ფიწლებით” (სტალინის შვილის სიტყვებია ტყვეობაში წარმოთქმული) საბჭოთა ხელისუფლება მოსკოვიდან დატყდა და კუიბიშევს შეაფარა თავი. ამბობენ, რომ სტალინი თვითონ არ წასულა მოსკოვიდან, მაგრამ სხვა ვერსიით, ის საკუთარ მინუს 34 მეტრიან ბუნკერში იმალებოდა (ბერიასი მინუს 13 ზე იყო), როცა ლამის კართან ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა (და ამის მერე გადაწყვიტა ისევ მოსკოვში დაბრუნებაო)

არის ასეთი წიგნი, “დ დღე” (ავტორი ვიქტორ სუვოროვი) სადაც კუიბიშევში შეპარული ნაცისტების სპეცოპერაციაა აღწერილი.

ამბავი კი მომხდარა ასე: ძერჟინსკის სახელობის კლუბთან, საიდანაც მიწისქვეშა ქალაქში ჩასასვლელი იწყებოდა, 1941 წლის 28 ოქტომბერს მაგარი სროლა და ხელყუმბარების ყრა და “ხელი გაწიე ბიჭო” ამბები ატეხილა. კლუბი ვოლგის ნაპირას იყო, ნაპირთან კი ენკავედეს ფორმაში გამოწყობილი ორასამდე შეიარაღებული არყისგან გაბრუებული რუსი მომდგარა. რუსები რომ არ იყვნენ, მაგრამ სხლავდნენ რუსულად, ეს მერე გაიგეს, მანამდე “ჩესტიც აუღეს” და საბუთების შემოწმებისას გაატარეს კიდეც, მაგრამ ერთი კავკასიელი (მოდი იყოს ქართველი, რა გვენაღვლება, მაინც არაა ნახსენები ვინ იყო) დაეჭვებულა, ერთი ენკავედელი მაინც როგორ არაა შავგვრემანი, რა ყველა ქერა და გამართულად მოლაპარაკეაო, გაუჩერებია ფორმიანები და აქ ამტყდარა რაც ამტყდარა.

მოგვიანებით, ქალაქის მცხოვრებლებს (პერსონალს) უთხრეს, რომ ეს საწვრთნელი განგაში იყო და მეტი არაფერი (ასამდე კაცი რომ ეყარა ქუჩაში, მოგეჩვენათო).

მოსულებმა უკან დაიხიეს, რადგან ნამდვილი ენკავედეს ოფიცერი მეტი იყო ქალაქში და როცა გაქცეულან, საბჭოებმა ჟიგულოვსკის ქვასამტეხლომდე სდიეს თურმე და იქ გაჟუჟეს მტერი.

ამბავმა მაინც გაჟონა, მაგრამ ისე, თითქოს ეს გერმანელების ტერაქტი კი არა, საბჭოთა დეზერტირების ამბოხების მცდელობა იყო.

მაგრამ ვინც სტალინური რეჟიმის გულისფეთქვის კარდიოგრამის ამოკითხვა იცის, არ გაუჭირდება გამოიცნოს რა ბედი ეწიათ ბრძოლაში მონაწილე ათასობით საბჭოთა სამხედროს, ენკავედეს ოფიცრებს, ექიმებს, “კაწიუშას” ქარხნის მუშებს, სკოლების მასწავლებლებს და სხვებს.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები