ტეილორის ბანაკი – ადგილი წუხილის, ბოროტებისა და ტანსაცმლის გარეშე
ბევრს მიაჩნია, რომ თუ სამოთხე დედამიწაზე არსებობს, ის ნამდვილად ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს. სწორედ აქ ააშენა ჰიპების პატარა კომპანიამ ბედნიერების, თანასწორობისა და სიყვარულის პატარა სამყარო გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს. ტეილორის ბანაკი მხოლოდ 8 წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ მან ასობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა მოახერხა.
ჰიპების ბანაკი ჰავაის კუნძულ კაუაიზე 1969 წელს გამოჩნდა. იგი დააარსა ცივილიზაციისგან გაქცეულმა ჰოვარდ ტეილორმა, ელიზაბეტ ტეილორის ძმამ, რომელმაც სანაპიროს ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეიძინა. კუნძულის შორეული სანაპიროს პირველი მოსახლეები ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ანტისაომარი პროტესტის გამო აშშ-დან გაიქცნენ
(გაფრთხილება: ფოტოებზე გამოსახულია სიშიშვლე)
ბანაკი მდებარეობდა საოცარ ადგილას, ოკეანეს, თვალწარმტაც მთებსა და ჯუნგლებს შორის. თავდაპირველად კაუაიზე უცხო ადამიანები თითქმის არ იყვნენ, მხოლოდ ექიმები ან ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ ზოგჯერ კომუნას. მოგვიანებით აქ გამოჩნდნენ ტურისტები, სხვა ახალგაზრდები და ვიეტნამის ომის მონაწილეები, რომლებიც სისხლითა და ძალადობით დაღლილიყვნენ.
საუკეთესო პერიოდში ტეილორის ბანაკის კომუნაში მუდმივად ცხოვრობდა 120 ადამიანი. საერთო ჯამში, ეს ადგილი, მისი არსებობის წლების განმავლობაში, ათასობით ადამიანმა გაიარა პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც აქ ბედნიერების საპოვნელად მოდიოდნენ.
კოლონისტები ნაყოფიერ კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერში მათ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონოდათ. საკვები უნდა მიეღო თევზაობით, ტყეში ხილის კრეფითა და მიწათმოქმედებით. თითქმის ყველა დასახლებული ტანსაცმლის გარეშე იყო – შიშველი სხეულის ხილვა ჰიპებში არ იწვევდა ვნებას ან უარყოფით ემოციებს, რადგან ამ ბანაკის მცხოვრებნი ერთმანეთს, ძირითადად, ძმებად და დებად თვლიდნენ.
ოკეანის მახლობლად მდებარე ბანაკის მაცხოვრებლებმა მოგვიანებით გაიხსენეს, რომ კაუაიზე არასდროს ყოფილა განსაკუთრებული ვნება, ორგიები და მით უმეტეს – ძალადობა. კომუნარებს შორის იყვნენ დაქორწინებული წყვილები, ადამიანებს ჰქონდათ სექსი, შეეძინათ შვილები, მაგრამ ორგიებს და „გარყვნილებას“ აქ ადგილი არ ჰქონდა.
ალკოჰოლზე დამოკიდებულება არ იყო წახალისებული ახალგაზრდებში, მაგრამ კუნძულის მაცხოვრებლებს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ ნარკოტიკების მიმართ, რადგან LSD და მარიხუანა ჰიპების სუბკულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნაში აკრძალული ნივთიერებების გამოყენებით, არ ხდებოდა დანაშაული და ამას არც სხვა პრობლემები მოჰყოლია. ტეილორის ბანაკის აბსოლუტურად ყველა მცხოვრები, საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ, მისი ღირსეული წევრი გახდა.
70-იანი წლების დასაწყისში ტურისტებისთვის კუნძულების ინტენსიურად განვითარება დაიწყო და ტეილორის ბანაკი, რომლის მაცხოვრებლებიც არ მოიხმარდნენ ცივილიზაციის სარგებელს და არ ცნობდნენ ფულს, აღარ აღმოჩნდა სასურველი კონტინენტი კაუაიზე. ჰოვარდ ტეილორი იძულებული გახდა, გაეყიდა მიწა და ჰიპებმაც დატოვეს ეს ადგილები. კომუნის ყველა შენობა მაშინვე დაწვეს, ადგილი კი, სადაც ბანაკი იყო განთავსებული, ბულდოზერებით გაასწორეს.