“აფხაზეთის ღიაობა არ უნდა გახდეს უკრაინაში რუსეთის ომის მსხვერპლი; აფხაზეთი, თითქოს, იკეტება” – ტოივო კლაარი წერილს აქვეყნებს
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა ჩასულიყო, თუმცა, მას ამის ნებართვა არ მისცეს.
საკითხთან დაკავშირებით კლაარმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც JAMnews-ი უცვლელად აქვეყნებს.
„ჩემი მანდატის ფარგლებში, 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში ვიზიტს ვაპირებდი. სამწუხაროდ, იქ ჩვენმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია.
ბოლო ექვს თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ასეთი პასუხი მივიღეთ.
მოგეხსენებათ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ვარ ნამყოფი აფხაზეთში მას შემდეგ, რაც გავხდი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად, ასევე, საკუთარ გუნდთან ერთად.
ევროკავშირი მთავარ როლს ასრულებს დიალოგისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში მთელ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, თბილისსა და სოხუმს შორის.
ამ კონტექსტში, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირი აფხაზეთში მხარს უჭერს ან აფინანსებს უამრავ ჰუმანიტარულ პროგრამას.
ეს ძირითადად ხდება ადგილზე მომუშავე პარტნიორების მეშვეობით, როგორიცაა გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
● პრიმორსკში ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების განეიტრალება და განადგურება.
● თბილისსა და სოხუმს შორის არქივების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალრიცხოვანი გაცვლის ხელშეწყობა.
● ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვით პროექტებს, მათ შორის, პროექტებს იმუნიზაციის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვისა და ჯანდაცვის ცენტრებისა და საავადმყოფოების განახლების მიმართულებით, ასევე, COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას.
● ევროკავშირმა, ასევე, მხარი დაუჭირა სოხუმის უნივერსიტეტისთვის სახელმძღვანელოების დონაციას, ხელი შეუწყო აფხაზური ენისა და მულტილინგვური განათლების პოპულარიზაციას, მასწავლებლების მომზადებას და სკოლების აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას.
● და ბოლოს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ, მცირე ბიზნესს და ფერმერებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ახალი კულტურების ჯიშებისა და ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდოლოგიების დანერგვით.
● და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საპირისპირო მხარეს მცხოვრებ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა.
ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებები. მაგრამ მიუხედავად ამისა, და მიუხედავად უთანხმოებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას და ინტერაქციას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე.
აფხაზეთის შედარებით ღიაობა არ უნდა გახდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მსხვერპლი.
პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, პირდაპირი კონტაქტები მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებებისა და შეფასებების გასაცვლელად, აგრეთვე, შემდგომი ურთიერთქმედების შესაძლებლობების განსახილველად.
მაგალითად, სოხუმის გალერეაში ხანძრის ტრაგედიის შემდეგ, მიმაჩნია, რომ არქივებთან მუშაობისას დაგროვილი ჩვენი გამოცდილება შეიძლება სასარგებლო იყოს.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ ჩვენი საქმიანობის, ასევე, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის მზარდ შეზღუდვებს.
როდესაც 2017 წელს ამ პოსტზე მუშაობა დავიწყე, მამხნევებდა აფხაზეთის პრაგმატიზმი და ღიაობა, მისი სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა და ჩვენი თანამოსაუბრეთა მზადყოფნა, ჩაერთონ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგში.
სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის იმ კონტექსტში, რომლის მხარდაჭერაც ჩვენ, როგორც ევროკავშირს შეგვეძლო.
თუმცა, დღეს მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი, თითქოს, იკეტება.
მე ვერ ვხედავ, რომ ეს ვინმეს ინტერესებში შედის, ყველაზე ნაკლებად აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში.
არის ბევრი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთქმედებისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვაც – მხოლოდ გაამწვავებს ამ პრობლემებს.
მეტიც, ჩემი ვიზიტებისა და საერთაშორისო წვდომის შეზღუდვით და, ზოგადად, ჩაკეტვით, აფხაზეთი ხელიდან უშვებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რათა თავისი შეხედულებები და პრობლემები უფრო ცნობილი და გასაგები გახადოს გარე სამყაროსთვის.
ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შეზღუდვები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, დროებითია და ისინი მალე გადაილახება საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ევროკავშირი გააგრძელებს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობაში. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან, როგორც უშუალოდ, ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.
მაგრამ ეს ასევე მოითხოვს ჩვენი თანამოსაუბრეების მონაწილეობას და ღიაობას“.
“ტვიტერის” გვერდზე კლაარმა JAMnews-ი ბმული გააზიარა და გაუკეთა მინაწერი, რომ “ჩემი შეშფოთება “ჯემნიუს”-თან გამოვთქვი”.