„საწოლში მტერთან“ – კოკო შანელის კავშირი ნაცისტებთან

ეჭვგარეშეა, რომ კოკო შანელი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალი იყო. მთელ მსოფლიოში ის სტილთან, დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. შანელის კოსტიუმებს ატარებენ სამეფო ოჯახის წევრები, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცოლები თუ კინოვარსკვლავები. როგორც ჩანს, შანელის რეპუტაცია არც თუ ისე უნაკლოა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მსოფლიო მოდის ლეგენდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა.

1940 წელს, როდესაც საფრანგეთი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს, კოკო შანელმა პარიზში დარჩენა გადაწყვიტა. ბევრი ცნობილი პატრიოტი ასე მოიქცა: მომღერლები – მორის შევალიე და  ედიტ პიაფი, მწერალი ჟან კოქტო და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი. თუმცა, ვერავინ გააცნობიერა, რომ შანელს სამშობლოს არ დატოვების სრულიად განსხვავებული მიზეზი ჰქონდა.

Bigpicture.ru Немецкий шпион Коко Шанель
კოკო

ომის შემდეგ დაიწყო ჭორების გავრცელება შანელის ნაცისტებთან კავშირების შესახებ. ჟურნალისტი ჰელ ვონი, ავტორი წიგნისა „საწოლში მტერთან – კოკო შანელის საიდუმლო ომი“, ამტკიცებს, რომ მოდის ლეგენდა ნამდვილად თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვასთან ომის წლებში.

„შანელი ძალიან მოქნილი იყო. ნაცისტები იყვნენ ხელისუფლებაში და შანელიც იზიდავდა მათ, ვისაც ძალაუფლება ჰქონდა. ეს არის მისი ცხოვრების ისტორია.“

ვონი ასევე საუბრობს ქალის უჩვეულო ცხოვრებისეულ პოზიციაზე. მას არ აინტერესებდა პოლიტიკა და გულგრილი იყო იმ პრობლემების მიმართ, რაც მის გარშემო არსებობდა. მის ცხოვრებაში მთავარი იდეალი იყო მოდა. კოკოს არ აინტერესებდა, რომ ნაცისტები იყვნენ ხელისუფლებაში. ის ცხოვრობდა მოდურ პარიზულ სასტუმროში – Ritz, სადაც მხოლოდ მაღალი რანგის გერმანელები იყვნენ განთავსებული. შანელი მუდმივ კონტაქტში იყო ნაცისტურ საოკუპაციო რეჟიმთან. კოკოს რომანი ჰქონდა გერმანელ ოფიცერთან, ბარონ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლეიჯთან.

Bigpicture.ru Ганс Гюнтер фон Динклаге
დინკლეიჯი

ამ გერმანელს, ჩვეულებრივ, აღწერენ, როგორც ნამდვილ „ფლეიბოის“, რომელსაც უყვარდა ლამაზი ქალები, ძვირადღირებული მანქანები და ჩოგბურთი. თუმცა, ჰელ ვონი წერს, რომ ასეთი ნიღბის უკან Abwehr-ის (გერმანიის სამხედრო დაზვერვის) მზაკვარი თანამშრომელი იდგა. ფონ დინკლეიჯმა 20-იანი წლების ბოლოს შეაღწია პარიზის ელიტაში და აშკარად შეასრულა დაკისრებული ამოცანები.

კოკო შანელი და გერმანიის დაზვერვის ოფიცერი ერთმანეთით მანიპულირებდნენ. თითოეულმა პარტნიორი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ფონ დინკლეჯმა ხელი შეუწყო თავისი 57 წლის საყვარლის დაბინავებას ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც ის თავად ცხოვრობდა. სხვა საკითხებშიც ეხმარებოდა. მაგალითად, მან დაიხსნა შანელის ძმისშვილი ანდრე პალასი სამხედრო ტყვეთა ბანაკიდან.

ჰელ ვონი დარწმუნებულია, რომ შანელი ამ საქმეში სრულიად უნიჭო იყო და ამიტომ უსარგებლო ჯაშუში გახლდათ. მწერალი ირწმუნება, რომ დიზაინერს არასდროს ჰქონია შეხება რაიმე საიდუმლო დოკუმენტებთან. ის, უბრალოდ, დაეხმარა ნაცისტებს გარკვეული საკითხების გადაჭრაში, საკუთარი კავშირების გამოყენებით.

მესამე რაიხის დაცემის შემდეგ კოკო შანელს თანამშრომლობისთვის სასამართლო პროცესით დაემუქრნენ, ამიტომ ის ნეიტრალურ შვეიცარიაში გაიქცა. შანელმა პარიზში დაბრუნება მხოლოდ 1954 წელს მოახერხა.

Bigpicture.ru გერმანელი ჯაშუში კოკო შანელი

კოკო შანელმა ეს სამყარო 1971 წლის იანვარში დატოვა. პარიზის სასტუმროს, Ritz-ის ნომერში საწოლზე გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები