„სისხლიანი ბენდერები“ – სერიული მკვლელების ოჯახი და დამნაშავეთა გაუჩინარება

„სისხლიანი ბენდერები“ იმ სერიული მკვლელების ოჯახის მეტსახელია, რომელიც 1872–1873 წლებში ლაბეთ ქაუნთიში, კანზასში პატარა მაღაზიასა და სასტუმროს ფლობდა. ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისგან: ჯონ ბენდერი, მისი მეუღლე ელვირა, ვაჟი ჯონ უმცროსი და ქალიშვილი ქეითი. ცნობილია, რომ ქეითი ძალიან ლამაზი იყო. იგი თავს მკურნალად და მედიუმად ასაღებდა. ქეით ბენდერი მიიჩნევა ოჯახის მამოძრავებელ ძალად, სწორედ მისი შთაგონებით სჩადიოდნენ ოჯახის სხვა წევრები მკვლელობებს.

ბენდერებს სახლში ჰქონდათ ერთი დიდი ოთახი, რომელიც ფარდით იყო გაყოფილი. თუ სტუმარი მდიდარი იყო, მაშინ ისინი საპატიო სავარძელში დაჯდომას შესთავაზებდნენ, რომელიც ზურგით იდგა ჩამოფარებული ფარდისკენ. ქეითი ართობდა სტუმარს, ამ დროს კი ჯონ ბენდერი და მისი ვაჟიშვილი მსხვერპლს უკნიდან ეპარებოდნენ და თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით კლავდნენ. გვამს სარდაფში ძარცვავდნენ და შემდეგ იქვე ბაღჩაში მარხავდნენ.

1873 წლის გაზაფხულზე, ბენდერების სასტუმროში დოქტორი უილიამ იორკი გაჩერდა. გამომგზავრებამდე დოქტორმა იორკმა თავის ძმას დაუბარა, რომ ბენდერების სასტუმროში გაჩერებას აპირებდა.

1873 წლის 4 მაისს, მას შემდეგ, რაც დოქტორი იორკი სახლში არ დაბრუნდა, მისი ძმა, პოლკოვნიკი იორკი მივიდა ბენდერების სასტუმროში და თავისი ძმა იკითხა, ბენდერებმა კი უპასუხეს, რომ ის არ გაჩერებულა მათთან და შესაძლოა, გზად ინდიელებს გადაყროდა. პოლკოვნიკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა ბენდერების ვერსია და მან სასტუმროში სადილად დარჩენა გადაწყვიტა.

სადილის შემდეგ პოლკოვნიკმა ოთახში ძირს დაგდებული ოქროს მედალიონი შენიშნა. როდესაც მედალიონი გახსნა, იქ მისი ძმის ქალიშვილისა და მეუღლის სურათი ნახა. პოლკოვნიკი ჩუმად გაიპარა და მეორე დილას დაბრუნდა შერიფის და რამდენიმე პოლიციელის თანხლებით, მაგრამ ბენდერები იქ აღარ დახვდათ, ისინი გაიქცნენ.

ჩხრეკის შედეგად ბენდერების მიწაზე 12 გვამი აღმოაჩინეს.

დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია ბენდერების ოჯახს. გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა ისინი დაიჭირეს და დახვრიტეს, ქეითი კი, ცოცხლად დამარხეს, მაგრამ ეს ცნობა არ დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები