წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს ეს ტრადიცია
მადონა, ჯონი დეპი, ენი ლორაკი, ლედი გაგა, ლეონარდო დიკაპრიო – რა აერთიანებთ შოუბიზნესის ამ ვარსკვლავებს? ყველა მათგანს და ასობით სხვა საზოგადო მოღვაწეს მაჯაზე წითელი ძაფი უკეთია. ვარსკვლავების შემდეგ მილიონობით ადამიანმა მთელ მსოფლიოში დაიწყო ამის გაკეთება. საინტერესოა, რას ნიშნავს ეს დეკორაცია და რა არის მისი არსი?
საიდუმლო სწავლება
ითვლება, რომ მარცხენა მაჯაზე მიბმული წითელი ძაფი ძლიერი თილისმაა. უძველესი დროიდან მას სლავები ატარებდნენ, რითაც იცავდნენ თავს ბოროტი თვალისგან, უარყოფითი გავლენისგან და ზრდიდნენ ამით იღბალს.
დღეს სოციალურ ქსელში უამრავ სტატიას შეხვდებით, თუ როგორ უნდა მოიქსოვოს სწორად ეს „სასწაულებრივი“ სამაჯური, რომელიც ბოროტ სულებს განდევნის და მის მფლობელს იცავს.
ძაფი შვიდი კვანძით უნდა იყოს შეკრული და ეს ახლო მეგობარმა, შეყვარებულმა ან ნათესავმა უნდა გააკეთოს. ის ენერგეტიკულ ჯავშანს ჰგავს. თანამედროვე ძაფის ფესვები მოდის კაბალადან, მისტიკური სწავლებიდან, რომელიც იუდაიზმზეა დაფუძნებული.
კაბალა შუა საუკუნეებში გაჩნდა და მის ეზოთერიკულ მნიშვნელობებს არ ჩავუღრმავდებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის ამ „საიდუმლოში“ ჩართულ ადამიანს ნებისმიერ სფეროში დიდ მიღწევებს ჰპირდება. ყველასგან დაფარული ცოდნის გამოყენებით, ის შეძლებს გააკონტროლოს მისტიკური ძალები, რომლებიც წარმატებას მოუტანს ბიზნესსა და პირად ცხოვრებაში.
2000-იან წლებში ჰოლივუდის ბევრი ვარსკვლავი დაინტერესდა მისტიკური სწავლებებით და დაიწყო თილისმის ტარება, როგორც „განმანათლებლობის“ სიმბოლო. თუმცა, ყველა წითელი ძაფი არ იცავს ადამიანს ბოროტი თვალისგან. სანამ ის ხელზე მოხვდება, სპეციალური რიტუალი უნდა გაიაროს.
კაბალა ჰოლივუდში
კაბალას შემომტანი ჰოლივუდში იყო ფილიპ ბერგი, რომელიც მართლმადიდებელ ებრაულ ოჯახში დაიბადა, უნდა გამხდარიყო რაბინი, მაგრამ დაზღვევის თანამშრომელი გახდა. 1972 წელს მან თავი მოსეს შთამომავლად გამოაცხადა და ნიუ-იორკში კაბალას სკოლა შექმნა. ბერგი 2013 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ნამოღვაწარი არსებობას განაგრძობს. მიუხედავად მართლმადიდებელი რაბინების კრიტიკისა, კაბალას ცენტრები ღიაა 50 ქვეყანაში და წელიწადში 100 მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს.
შემოსავლის მთავარი წყარო კაბალისტური ატრიბუტებია. მაგალითად, წითელი შალის ძაფის შეძენა შესაძლებელია 30 დოლარად. ერთ დროს ამის აქტიური „ინიციატორები“ იყვნენ მომღერლები: ლინდსი ლოჰანი და ბრიტნი სპირსი, მსახიობი ეშტონ კატჩერი და იმ დროს მისი მეუღლე დემი მური, რომელიც ბავშვებსაც კი ასწავლიდა კაბალას. თუმცა, ამ ყველაფრის მთავარი სიმბოლო მაინც მადონა იყო.
თილისმა ღმერთისგან
ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ იაკობს, 12 ებრაული ტომის წინაპარს, ორი ცოლი ჰყავდა. ერთ-ერთ მათგანს რახელი ერქვა. იგი გარდაიცვალა მშობიარობის დროს და ქრისტიანობაში, ისლამსა და იუდაიზმში დედობისა და ბავშვის გულისთვის თავგანწირვის სიმბოლო გახდა. კაბალისტები უფრო შორს წავიდნენ. მათთვის ებრაელთა წინაპარი მთლიან ფიზიკურ სამყაროს განასახიერებს.
კაბალისტები თვლიან, რომ რახელს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო შვილის გაჩენა და ღვთის მიერ გაგზავნილმა ანგელოზმა მას თილისმა – წითელი ძაფი აჩუქა. ზეციდან გამოგზავნილი საჩუქრის შემდეგ ქალმა იაკობს ორი ვაჟი უბოძა. ძველი აღთქმა არაფერს ამბობს ძაფზე, მაგრამ კაბალისტებმა ის თავიანთი სწავლების და ენერგიის დაცვის სიმბოლოდ აქციეს.