გორელი სამხედრო, რომელსაც ჩინეთში გენერალ სი და მას სახელით იცნობენ
გიორგი (იური) კონსტანტინეს ძე სიდამონიძე დაიბადა 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ გორში. დაამთავრა ტფილისის პრაპორშჩიკთა პირველი სკოლა (1915). მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, შტაბს–კაპიტნის ჩინით მსახურობდა 299–ე ქვეით პოლკში. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის (მახვილებით) ორდენით.
1918 წელს, სამოქალაქო ომის დროს, გიორგი სიდამონიძე შეუერთდა თეთრ მოძრაობას. იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე. ამავე წლის ივნისიდან ფელდფებელის წოდებით მსახურობდა ქალაქ უფაში I სახალხო პოლკის ოფიცერთა ასეულში (შემდგომში – უფის XIII მსროლელი პოლკი). 1918 წლის 31 აგვისტოს მიენიჭა კაპიტნის, ხოლო 1919 წლის 13 აგვისტოს პოდპოლკოვნიკის წოდება. როგორც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ამავე წლის 15 დეკემბრიდან სათავეში ჩაუდგა უფის XIII მსროლელ პოლკს. მონაწილეობდა ციმბირის ე. წ. „დიდ ყინულოვან“ ლაშქრობაში. 1920 წლის 12 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, ამავე წლის 18 მარტიდან მეთაურობდა უფის IV მსროლელ პოლკს, ხოლო 15 ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა უფის II დივიზიას, რომელთან ერთადაც მოიარა იმიერბაიკალი და გავიდა ზღვისპირეთში. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა მსროლელთა IV პოლკს უფაში, მონაწილეობდა თეთრი არმიის ხაბაროვსკის ლაშქრობაში გენერალ მოლჩანოვის ხელმძღვანელობით და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. 1922 წლის 12 აგვისტოდან სათავეში ჩაუდგა უფის ქვეით ბატალიონს.
1922 წლის 2 ნოემბერს გიორგი სიდამონიძე, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა. ემიგრაციაში მანჯურიაში, ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს შევიდა მარშალ ჩჟან ცო ლინის არმიაში. სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადა ჩააბარეს. 1924–1928 წლებში მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში. 1927 წლის ბოლოს დაინიშნა რუსული ჯგუფის ბაზაზე შექმნილ 109–ე ცალკეული ბრიგადის მეთაურად. 23 წელი იმსახურა გენერალმა სიდამონიძემ „მანჩჟოუ–გოს“ არმიაში. მეთაურობდა ქვეითთა გაერთიანებულ ძალებს. ჩინეთის არმიაში მას „გენერალ სი და მას“ სახელით იცნობდნენ.
მარშლმა ჩჟან ცუ ჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს „უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. თავის გამოსვლაში მარშალმა განაცხადა: „ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯილდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის“.
1945 წელს, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს, გიორგი სიდამონიძე ქალაქ შანხაიში გადაბარგდა. აქ იგი დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით. შედიოდა „რუსეთის საერთო–საჯარისო კავშირში“ და იყო რუსი ემიგრანტების საქმეთა ბიუროს წევრი.
1949 წელს შანხაიდან რუსების სასწრაფო ევაკუირება დაიწყო. გენერალი სიდამონიძე აშშ-ში გადავიდა. გარდაიცვალა 1971 წლის 22 მაისს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. იქვე დაკრძალეს.