“უცაბედი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის საფრთხისშემცველია, შეიძლება, განვითარდეს ინფარქტი, ინსულტი” – ზოოპარკის დირექტორი მოქალაქეებს მიმართავს, პიროტექნიკა არ გამოიყენონ

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს, პიროტექნიკა არ გამოიყენონ, განსაკუთრებით ზოოპარკის მიმართულებით.
ამის შესახებ გურიელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გურიელიძემ განმარტა, რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ცხოველებს.

“პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის საკმაოდ რთულ შედეგებს იწვევს ხოლმე. საუბარია როგორც ზოოპარკის ცხოველებზე, ისე იმათზე , რომლებიც ჩვენს გარშემო არიან. ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, საფრთხისშემცველია. რაც შეეხება ამ დროს ცხოველების ქცევის შეცვლას: ეს ცხოველზეა დამოკიდებული, ზოგ შემთხვევაში განაბულები , დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში, გარკვეული მიმართულების გარეშე სირბილს იწყებს ხოლმე, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ცხოველებისთვის, როგორებიც ჩლიქოსნები არიან. ისინი საკამოდ დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ, გზაზე რაც კი დახვდებათ, შეიძლება, ყველაფერი გადაჯეგონ. ხშირად ზოგიერთი ცხოველის დაზიანება ასე ხდება, შეიძლება, დაღუპვაც მოხდეს. მეორე საკითხია სტრესი. ის ცხოველებიც, რომლებიც გაუნძრევლად წვანან და დამალულები არიან, სტრესის ქვეშ იმყოფებიან. სტრესის შედეგად ცხოველებს სხვადახვა რეაქცია შეიძლება, ჰქონდეთ. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, ისეთი მძიმე დაავადებები განვითარდეს, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს შეიძლება, არა მყისიერად , არამედ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს. ამ დროს ნებისმიერი ჩარევა გვიანია. შეიძლება, ცხოველი მყისიერად დაიღუპოს, შეიძლება გადავადება მოხდეს, ეს ორგნიზმზეა დამოკიდებული. სადაც სუსტი ადგილია , გარკვეული დაზიანებები იქ წარმოიქმნება. ხმაური, რომელსაც თან განათება სდევს , სროლასთანაა დაკავშირებული, ცხოველებს ასოციაცია სროლასთან აქვთ, რის მიმართაც განსაკუთრებული შიში აქვთ. ჩვენ ვემზადებით იმით, რომ მათ გარკვეულ, ანტისტრესულ მედიკამენტებს ვაძლევთ, რაც მდგომარეობას ოდნავ ამსუბუქებს. არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომელიც ცხოველებს შიშის გრძნობას მთლიანად გაუქრობს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოველების დაღუპვის ორი შემთხვევა გვქონდა, ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა გნუ დაიღუპა, ეს ანტილოპის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ. ერთი ინფარქტით დაიღუპა, მეორე კი შეშინების დროს სხვა ცხოველებმა გადათელეს.

ჩვენ ძირითადად ჩვენს მეზობლებს ვთხოვთ, პიროტექნიკური საშუალებები არ გამოიყენონ., განსაკუთრებით იმ მიმართულებით , რა მიმართულებითაც ზოოპარკია. თუ პიროტექნიკის გამოყენება ახლოს არ იქნება, ეს ჩვენი ცხოველებისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, თუმცა, პრობლემა მაინც რჩება ცხოველებისთვის, რომლებიც ჩვენს გარშემო ცხოვრობენ: მიუსაფარი ცოხველები, გარეული ცხოველები, პატარა ფრინველები” – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გურიელიძის თქმით,  პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით  რეგულაციები საჭიროა. როგორც მან აღნიშნა, ზოოპარკის და მისი მსგავსი  ადგილების გარეშო,  გარკვეული  რადიუსით, პიროტექნიკის გამოყენება  უნდა აიკრძალოს.

“ალბათ, ზოგიერთ ადგილებში პიროტექნიკის გამოყენება უნდა შეიზღუდოს.  რეკომენდაციების მიცემა რთულია, ამ დარგის სპეციალისტი არ გახლავართ. მე   ვიცი,  რა გავლენას ახდენს ეს იმ ცხოველებზე, რომლებიც   ჩვენს გარშემო არიან. თუმცა,  პრობლემა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,  მარტო ამით არ შემოიფარგლება. ალბათ, გარკვეული რეგულირება საჭიროა, ერთი რაც შემიძლია,  ვთქვა:  ზოოპარკის და მისი მსგავსი  ადგილების გარეშო,  რაღაც რადიუსით, ალბათ,  პიროტექნიკის გამოყენება  უნდა აიკრძალოს” – განაცხადა გურიელიძემ.

 

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები