თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.
თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები