სამტრედიაში საცურაო აუზი და ახალი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

დღეს სამტრედიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის  მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების სწორად გათვლილი პრიორიტეტების შედეგად სამტრედიას კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად გამართული ობიექტი შეემატა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტულ კომპლექსს დღეიდან ახალი საფეხბურთო მოედანი და სრულად რეაბილიტირებული საცურაო აუზი შეემატა.

ობიექტის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გუბერნიის  და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის წარმომადგენლობა ესწრებოდა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისა და მიზნობრივად შერჩეული პროექტის სანიმუშო მაგალითს. მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მის გუნდს პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრისთვის. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავ სამტრედიას კიდევ ერთ ახალ ობიექტს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ.

გარდა ამისა, სამტრედიელებს ქალაქში თანამედროვე სპორტული კომპლექსის ფუნქციონირება მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა. როგორც დავით ბახტაძემ აღნიშნა, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესს.

„პროექტის პირველი ეტაპი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საკონკურსო გამარჯვების შედეგად დაფინანსდა, მეორე ეტაპი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა, რამაც მოგვცა ასეთი დონის პროექტი. ვულოცავ ყველა სამტრედიელს ქალაქში თანამედროვე სპორტული კომპლექსის ფუნქციონირებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ საქმეში დაუღალავი შრომა ჩადო და პროექტი დროულად და ხარისხიანად დასრულდა. გპირდებით, სამტრედიელები კიდევ მრავალჯერ გაიხარებენ არაერთი პროექტით“, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

დღეს სამტრედიაში იმყოფებოდა ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე, რომელმაც სამტრედიას რეგიონში საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით გამორჩეულობისთვის საპატიო სიგელი გადასცა.

საცურაო აუზის გახსნის ცერემონია არაჩვეულებრივი პერფორმანსით გააფორმა სსიპ სამტრედიის N2 საჯარო სკოლამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები