ტედ ბანდი – ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი (ნაწ.2)
სტატიის პირველი ნაწილი წაიკითხეთ ბმულზე: http://kvira.ge/888226
18 ოქტომბერს ბანდიმ გააუპატიურა და მოკლა 18 წლის მელისა სმიტი, 31 ოქტომბერს – 17 წლის ლირა ეიმე, ხოლო 8 ნოემბერს ამავე ასაკის დებრა კენტი. დებრას მკვლელობამდე მანიაკი სხვა გოგონას, კეროლ რანჩს დაესხა თავს, მაგრამ მან მოახერხა მანქანიდან გადახტომა.
წარუმატებლობის შემდეგ, ბანდი მიხვდა, რომ ახლა მისი იდენტიფიცირება იუტაში შესაძლებელი ხდებოდა, ამიტომ, კოლორადოში გადავიდა. საინტერესოა, რომ ბანდის ყოფილი შეყვარებული, ელიზაბეტ კენდალი, მას შემდეგ, რაც მედიიდან შეიტყო აშშ-ში გოგონების სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, არაერთხელ დაუკავშირდა პოლიციას განცხადებით, რომ მკვლელი შესაძლოა, მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი აღმოჩენილიყო.
როგორც ჩანს, პოლიციელები ბევრ მსგავს შეტყობინებას იღებდნენ შეყვარებულებისგან განაწყენებული გოგოებისგან და არ სურდათ ყველა მათგანის გადამოწმება. ამ გულგრილობის პარალელურად, ახალგაზრდა ქალების ხოცვა-ჟლეტა გრძელდებოდა. „სისხლიანი ტურნეების“ განმავლობაში, ტედმა არაერთხელ „გადაუჭრა“ გზა პოლიციას, თუმცა, ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას.
მანიაკი თითქმის ამხილეს 1975 წლის 16 აგვისტოს. ამ დღეს პოლიციელმა, რობერტ ჰოვარდმა ქუჩაში წესების დარღვევით გაჩერებული Volkswagen-ის მარკის ავტომობილი შენიშნა. მანქანაში მძინარე მამაკაცი იპოვა, რომელსაც ტედ ბანდი ერქვა. მანქანის ჩხრეკის შემდეგ პოლიციელმა ნივთების უცნაური ნაკრები იპოვა: სათხილამურო ჩაფხუტი, პატარა ხალათი, ხელბორკილები და ნეილონის წინდები. პოლიციელმა ამ ყველაფერს დიდი ყურადღება არ მიაქცია და ტედის დაჯარიმების შემდეგ ადგილი დატოვა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ბანდი მაინც დააკავეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ის კეროლ რანჩმაც ამოიცნო, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მაგრამ 10 გოგონადან ვერცერთმა, რომლებიც ბანდის მკვლელობების ადგილებთან შეხვდნენ, მანიაკის ამოცნობა ვერ შეძლო. შედეგად, ტედი მხოლოდ გატაცების მცდელობაში დაადანაშაულეს და გირაოთი გაათავისუფლეს.
ბანდის თავისებურება ის გახლდათ, რომ მამაკაცი ცდილობდა, მსხვერპლებთან რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტა, რადგან მათი ცხოვრების დეტალების გაგების შემდეგ, მსხვერპლებში ადამიანების დანახვას იწყებდა. ეს განასხვავებდა მას სხვა სერიული მკვლელებისგან, რომლებიც დანაშაულის ჩადენამდე მსხვერპლთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებას და მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას ცდილობდნენ.
ბანდი მსხვერპლს მკვლელობამდე აუპატიურებდა, შემდეგ კი, ზოგ შემთხვევაში, მაკიაჟს უკეთებდა, თმას ბანდა და ა.შ. მისი თქმით, მკვლელობის მომენტში თავს ღმერთად გრძნობდა, რომელსაც მიეცა უფლება, გადაეწყვიტა ადამიანების ბედი. ამაში მანიაკი საერთოდ არ იყო ორიგინალური – ბევრი სერიული მკვლელი სწორედ ამას გრძნობდა.
კეროლ რანჩის გატაცების მცდელობის სასამართლო პროცესი გაიმართა 1976 წლის 23 თებერვალს. ბანდისთვის სრულიად მოულოდნელად საქმე სიმბოლური სასჯელით არ შემოიფარგლა – მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოდან მალევე იგი გადაიყვანეს კოლორადოში, სადაც დაიწყეს მისი დაკითხვა ერთ-ერთი გოგონას, ქეროლაინ კემპბელის მკვლელობის საქმეზე.
ბანდი მიხვდა, რომ წრე იკვრებოდა თუკი წარუმატებელი გატაცებისთვის იოლად გამოძვრა, მკვლელობა მის ცხოვრებას დაღს დაასვამდა. ასე რომ, გაქცევა გადაწყვიტა. იურიდიული ლიტერატურის გაცნობის საბაბით, მკვლელმა ციხის ბიბლიოთეკის მონახულების ნებართვა მიიღო. სწორედ იქიდან, შენობის სახურავიდან მოახერხა გაქცევა. ეს მოხდა 1976 წლის 30 დეკემბერს.
1977 წლის 15 იანვარი ყველაზე ცუდი დღე იყო მის „კარიერაში“. მკვლელი ხელკეტით შევიდა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, ფლორიდაში. იქ მან გოგონები გააუპატიურა და დაახრჩო. ამ დარბევას ორი სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა – მარგარეტ ბოუმენისა და ლიზა ლევისის. კიდევ ორი გოგონა სასტიკად დასახიჩრდა, მაგრამ გადარჩა.
9 თებერვალს, ლეიკ სიტიში, ფლორიდაში, ბანდიმ 10 წლის კიმბერლი ლიჩი პირდაპირ სკოლიდან გაიტაცა. მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა ბავშვი, რის შემდეგაც ცხედარი ერთ-ერთ ქალაქგარე ფერმაში ღორებს მიუგდო.
ნაწ. 2