პირველი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანის თავზე გადაიფრინა – ამელია ერჰარტის რეკორდები და გაუჩინარება
ამელია მერი ერჰარტი დაიბადა 24 ივლისს, 1897 წელს კანზასის შტატის ქალაქ ატჩისონში ადვოკატ ედვინ ერჰარტის ოჯახში. ედვინის მეუღლე ემი ადგილობრივი მოსამართლის ქალიშვილი იყო. ამელია ოჯახის ყველაზე უფროსი ქალიშვილი გახლდათ.
ადრეული ასაკიდანვე დებს ჰქონდათ ინტერესების, მეგობრებისათვის დროის დათმობისა და გართობის სფეროს არჩევის თავისუფლება. ამელია ერჰარტს ინტერესთა საკმაოდ ფართო „წრე“ გააჩნდა: ჯირითობდა, ცურავდა, თამაშობდა ჩოგბურთს, ასევე საკმაოდ კარგი მსროლელიც იყო. მან კითხვა ოთხი წლის ასაკში ისწავლა და ადრეული ასაკიდანვე შეიწოვა მრავალფეროვანი ლიტერატურა, მაგრამ განსაკუთრებით იზიდავდა წიგნები დიდი აღმოჩენებისა და თავგადასავლების შესახებ. ამელია ერჰარტმა თვითმფრინავს თვალი პირველად 10 წლის ასაკში შეავლო, თუმცა არ დაინტერესებულა. წლების შემდეგ ეს ფაქტი ასე გაიხსენა: „დავინახე რაღაც საგანი, დამზადებული ჟანგიანი მეტალითა და ხით, საკმაოდ უინტერესო სანახაობა იყო”.
დროთა განმავლობაში, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ედვინ ერჰარტს გაუჩნდა ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რამაც ნაწილობრივ დაუნგრია ადვოკატის კარიერა. ახალი სამსახურის ძიებაში ერჰარტები მომთაბარე ცხოვრებას შეუდგნენ და მცირე პერიოდის მანძილზე რამდენიმე შტატში სცადეს ბედი – ჯერ დე-მოინში (აიოვა), შემდეგ სენტ-პოლში (მინესოტა). ყოველივე კი დასრულდა იმით, რომ საბოლოოდ ამელია ერჰარტის დედამ ხელი მოჰკიდა შვილებს და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. ამავე წელს მან მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო ფული. 1916 წლის შემოდგომაზე ამ თანხებით დედამ ამელია პენსილვანიის ელიტურ კოლეჯში გაუშვა.
1917 წელს შობის დღესასწაულზე ამელია ერჰარტი ტორონტოს ეწვია. ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალთან მან პირველ მსოფლიო ომის ფრონტზე დაჭრილი ჯარისკაცები ნახა. ყოველივე ამან მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყვიტა, მოხალისედ ჩაწერილიყო და მედდის საქმეში თავისი წვლილი შეეტანა. ამელია ერჰარტმა ჰოსპიტალში უდიდესი გამოცდილება მიიღო და ყურადღება მედიცინისკენ მიმართა, თუმცა ჰოსპიტალის სიახლოვეს იყო სამხედრო აეროპორტი… რამდენიმე ავიაშოუზე დასწრების შემდეგ ამელია ერჰარტი ავიაციით დაინტერესდა, რამაც შემდგომ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.
1921 წლისათვის ის უკვე სრულიად იყო შეპყრობილი “ავიამანიით” და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო – ეხმარა ყველა ღონე, რათა ესწავლა თვითმფრინავის მართვა.
1922 წლის 22 ოქტომბერს ამელია ერჰარტმა დაამყარა პირველი მსოფლიო რეკორდი, რომელიც დღემდე განუმეორებელი რჩება ქალი პილოტებისთვის – ის თავისი ბიპლანის საშუალებით 14 000 ფუნტ (დაახლოებით 4300 მეტრ) სიმაღლეზე ავიდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ამელია ერჰარტის შემდგომი პოპულარობა. იმ წლებში საზოგადოების ინტერესი ავიაციის მიმართ ძალიან დიდი იყო და კალიფორნიის აეროდრომებზე ხშირად ტარდებოდა საჰაერო შოუები იმიტირებული საჰაერო ბრძოლებით, სხვადასხვა სარისკო ტრიუკებით და აერობატიკის ხელოვნებაში. წლის ბოლოს ამელია აღიარებულ ვარსკვლავად იქცა. 1923 წლის 16 მაისს ამელია ერჰარტმა მიიღო საერთაშორისო ავიაციის ფედერაციის ლიცენზია და გახდა მე-16 ქალი ლიცენზირებული მფრინავი.
მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და პატივისცემა ადგილობრივ საავიაციო წრეებში არა მარტო იმიტომ, რომ კარგად დაფრინავდა, არამედ ტექნიკურ საქმიანობასაც არ უგულებელყოფდა, ეხმარებოდა მექანიკოსებს აეროპორტში თვითმფრინავების შეკეთებაში.
მას შემდეგ, რაც 1927 წელს ჩარლზ ლინდბერგმა ატლანტისის ოკეანეს გადაუფრინა, ინგლისში მდიდარმა ამერიკელმა ქალბატონმა ემი გესტმაც გამოთქვა ინტერესი, გამხდარიყო პირველი ქალი, რომელიც ატლანტისის ოკეანეს გადაუფრენდა. ის ფიქრობდა, რომ ამ ფაქტით ხაზს გაუსვამდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მეგობრობას. როდესაც ემი გესტის ნათესავებმა შეიტყვეს სარისკო რეისის შესახებ, გესტმა მშობლების დაჟინებული თხოვნას ანგარიში გაუწია და უარი თქვა გაფრენაზე, თუმცა ის მალევე შეუდგა თავისი შემცვლელის ძებნას. შემცვლელს შემდეგი პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა: უნდა ყოფილიყო სიმპათიური გარეგნობის ამერიკელი მანდილოსანი, რომელსაც შეეძლო თვითმფრინავის მართვა. მცირე ძიების შემდეგ რეკომენდაციის სახის განცხადება გააკეთა ადმირალმა რ. ბელკნაპმა, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობდა ავიაციას. ადმირალი რეკომენდაციას ამელია ერჰარტს უწევდა. ამ დროისათვის ამელია ბოსტონში იმყოფებოდა და ამ შეთავაზებაზე მაშინვე თანხმობა განაცხადა.
1928 წლის 17 ივნისს ნიუფაუნდლენდიდან სტარტი აიღო თვითმფრინავმა, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა: ამელია ერჰარტი, პილოტი უილიამ სტულცი და ბორტმექანიკოსი ლუ გორდონი. 20 საათსა და 40 წუთიანი ფრენის შემდეგ Fokker -მა გადალახა ატლანტიკის ოკეანე და დაეშვა უელსის ტერიტორიაზე ქალაქ ბერი–პორტში, თუმცა ამ ფრენამ ამელია ერჰარტს იმედები გაუცრუა, რადგან მთელი ეს დრო მან მგზავრის ამპლუაში გაატარა. დაშვების შემდეგ ამელიამ რეპორტიორებს განუცხადა: „მე წამომიღეს, როგორც კარტოფილით სავსე ტომარა“.
მართალია, ამელია ამ რეისის დროს უკანა პლანზე დარჩა, თუმცა მისდამი ყურადღება მაინც უფრო მაღალ ნიშნულ აღწევდა, ვიდრე რეისის დანარჩენ მონაწილეების შემთხვევაში. მოცემული ტრანსატლანტიკურ რეისის შესახებ ამელიამ წიგნიც დაწერა, სახელად – „20 საათი და 40 წუთი“.
ერჰარტმა შეძენილი დიდება პლაცდარმად გამოიყენა თავისი შეხედულებებისა და იდეების აქტიური პოპულარიზაციისთვის, კერძოდ, ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლისა და ტრადიციულ „მამაკაცურ პროფესიებში“, განსაკუთრებით საავიაციო საქმიანობის ქალების აქტიური მონაწილეობისთვის. მოკლე დროში მან პრესაში გამოაქვეყნა მრავალი სტატია საავიაციო განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ, ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექციები ქვეყნის მრავალ ქალაქში.
1931 წლის გაზაფხულზე ერჰარტი გახდა პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც მთელი შეერთებული შტატები პიტკერნის PCA-2 ჯიროპლანით გადალახა; ფრენის სუფთა დრო იყო 150 საათი.
1932 წლის 10 ივლისს, ევროპიდან დაბრუნებიდან მალევე, ერჰარტმა განახლებულ Vega– ში სცადა ქალთა სიჩქარის რეკორდის დამყარება. რეისი ლოს-ანჯელესში დაიწყო, მაგრამ საწვავის სისტემაში არსებულმა პრობლემებმა აიძულა დაუგეგმავად დაშვებულიყო კოლუმბუსში, ოჰაიოში, რამაც მისი მარშრუტის დრო 19 საათსა და 14 წუთამდე გაზარდა. ფრენის სუფთა დრო იყო 17 საათი 59 წუთი.
1932 წლის მაისში ამელია ერჰარტი ისევ დაუბრუნდა ტრანსატლანტიკური რეისის საკითხს, როცა ნიუფაუნდლენდს ესტუმრა და თავისი „Lockheed Vega“_ს საშუალებით, 15-საათიანი ფრენის შემდეგ უკან მოიტოვა ატლანტის ოკეანის ცა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე დაეშვა.
მსოფლიოს გარშემო ფრენა 1937 წლის 17 მარტს დაიწყო. ფრენის დროს ერჰარტს თან ახლდა ჰარი მენინგი და ფრედ ნუნანი. პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამასთან, ფრენის მეორე ეტაპზე, ჰავაიდან დაწყებისას, ასაფრენმა აპარატმა ვერ გაუძლო საწვავით გადატვირთულ თვითმფრინავს. თვითმფრინავმა მიიღო ძალიან სერიოზული ზიანი. ამის მიუხედავად, წარმოუდგენელი იღბალით, აფეთქება არ მომხდარა.
მეორე მცდელობა – 1937 წლის 20 მაისი. ამ დროს მას მხოლოდ ერთი ნავიგატორი – ფრედ ნუნანი ახლდა. ამინდის შეცვლის გამო, ერჰარტმა შეცვალა ფრენის გეგმა.
1937 წელს 2 ივლისს ამელია და ფრედ ნუნანი აფრინდნენ ახალი გვინეის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლაიდან და გაემართნენ პატარა კუნძულ ჰოულენდისკენ, რომელიც წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამ კუნძულზე საწვავი უნდა შეევსოთ.
ფრენის ეს ეტაპი ყველაზე გრძელი და საშიში იყო, ვინაიდან კუნძული ოდნავ იფარებოდა წყლით და მისი პოვნა 1930-იანი სანავიგაციო ტექნოლოგიისთვის რთული ამოცანა იყო. პრეზიდენტ რუზველტის ბრძანებით, აღნიშნულ კუნძულზე აშენდა ასაფრენი ბილიკი სპეციალურად ერჰარტის ფრენისათვის. აქ თვითმფრინავს ოფიციალური პირები და პრესის წარმომადგენლები ელოდნენ, ხოლო სანაპირო ზოლზე საპატრულო გემი „იტასკა“ ელოდებოდა, რომელიც პერიოდულად ინარჩუნებდა რადიოკავშირებს თვითმფრინავთან და უშვებდა კვამლის სიგნალს.
ხმა კარგად ისმოდა, თუმცა ერჰარტი კითხვებზე არ პასუხობდა. მან მხოლოდ თქვა, რომ მათ მხარეში იყო, კუნძული ვერ ნახეს და ბენზინი ცოტა იყო დარჩენილი. ერჰარტის ბოლო შეტყობინება იყო: „ჩვენ ხაზზე ვართ 157-337 … ვიმეორებ … ვიმეორებ … ჩვენ ხაზის გასწვრივ ვმოძრაობთ”.
ერჰარტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. მისი ცხოვრება და კარიერა დღემდე ისტორიკოსების ყურადღების ცენტრშია, თუმცა მისი გაუჩინარების საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.